ფოთის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა აქცია გამართეს და ზარალის ანაზღაურება მოითხოვეს. აქციას პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, ექსპერტები სავალდებულო დაზღვევის შემოღებას ითხოვენ და ასევე იმას, რომ ხანძარსაწინაააღმდეგო ნორმები უფრო მეტად იყოს დაცული. ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. ისინი ხელისუფლებისა და ბაზრის ადმინისტრაციისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ.
Your browser doesn’t support HTML5
მოგვიანებით პოლიციამ გზის გახსნა შეძლო, თუმცა მანამდე აქციის მონაწილეებთან დაპირისპირება მოუხდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გამოძახებაც გახდა საჭირო, რადგან აქციის რამდენიმე მონაწილე შეუძლოდ გახდა. აქციის მონაწილეები მომხდარ ხანძარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და აქციების გაგრძელებით იმუქრებიან:
ოღონდ სავალდებულო დაზღვევა ისევ ამ ოჯახებს და დასაქმებულებს არ უნდა დააწვეთ. ისინი იხდიან გარკვეულ თანხას მეპატრონეების სასარგებლოდ და ამ თანხით უნდა მოხდეს დაზღვევის გადახდაც...ირაკლი პეტრიაშვილი
„უპირველეს ყოვლისა, ვადანაშაულებ მთავრობას, ვინაიდან ხანძარზე მოდის არამობილიზებული სახანძრო მანქანა“.
ფოთის ხანძრის შედეგად 10 ივლისს ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში სულ მცირე 40 მაღაზია დაიწვა. გარდა დამწვარი ქონებისა, მოვაჭრეები საბანკო ვალდებულებებზეც ლაპარაკობენ, რომლის გადახდის საშუალებაც უკვე აღარ აქვთ. აქციაზე მისულმა ფოთის ვიცე-მერმა ლევან ჩოჩიამ განაცხადა, რომ ცდილობენ საფინანსო ორგანიზაციები გარკვეულ შეღავათებზე დაითანხმონ:
„გუშინ დაეგზავნა ყველა საბანკო სექტორს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შუამდგომლობის წერილი“.
ფოთში მომხდარი ხანძარი ბოლო პერიოდში რიგით მესამე შემთხვევაა, როცა სავაჭრო ცენტრის დაწვის შედეგად ასობით ადამიანი შემოსავლის გარეშე რჩება. ხანძარს შეეწირა ელიავას ბაზრობის ნაწილი, მანამდე კი ყოფილი „ბავშვთა სამყარო“. კიდევ უფრო ადრე ხანძრის შედეგად დაიწვა სავაჭრო ცენტრი „საბა“, ასევე - მაღაზიები ლილოში. ხანძრის შემდეგ დაზარალებულები ზარალის ანაზღაურებას ხან აქციებით მოითხოვდნენ, ხან, უბრალოდ, ითხოვდნენ ხელისუფლება მათ მდგომარეობაში შესულიყო და თუ რამე შეეძლო, დახმარებოდა:
„თხოვნა გვაქვს, იქნებ აგვინაზღაურონ ზარალი, დაგვეხმარონ. ეს მხოლოდ თხოვნაა და არა მოთხოვნა. დღეს ისეთი წაქცეულები ვართ ყველანი, არაფრის თავი არა გვაქვს“.
პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ საბანკო დავალიანებებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ გარკვეული ზომები უნდა მიიღოს, რათა ხალხი ღია ცის ქვეშ არ დარჩეს, მით უფრო, რომ ისინი თანხას ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო ვერ იხდიან. რაც შეეხება მსგავსი შემთხვევების პრევენციას, ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, გამოსავალი, შესაძლოა, მოვაჭრეების სავალდებულო დაზღვევა იყოს.
„ოღონდ სავალდებულო დაზღვევა ისევ ამ ოჯახებს და დასაქმებულებს არ უნდა დააწვეთ. ისინი იხდიან გარკვეულ თანხას მეპატრონეების სასარგებლოდ და ამ თანხით უნდა მოხდეს დაზღვევის გადახდაც“.
მისივე თქმით, ასევე ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ შენობები სტანდარტების შესაბამისად იყოს მოწყობილი. პეტრიაშვილი ამბობს, რომ ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები ბევრგან არის მოშლილი, რაც შემდეგ მსგავს უბედურ შემთხვევებს იწვევს.