31 მარტს სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს რუსუდან კერვალიშვილი, “ცენტრ პოინტ ჯგუფის” წარმომადგენელი. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას და მის დას, მაია რჩეულიშვილს, თაღლითობისა და თანხების უკანონოდ მითვისების ბრალდებით, გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად კი ბრალდებულებს ოთხ-ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
Your browser doesn’t support HTML5
საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მსჯავრდებულებს ბრალად ედებოდათ თაღლითობა, ანუ წინასწარი შეთანხმებით, მოტყუებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება, ასევე დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მათი მხრიდან თაღლითობისა და მითვისების ფაქტები, თუმცა მოსამართლემ რუსუდან კერვალიშვილი და მაია რჩეულიშვილი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდების ნაწილში გაამართლა. რუსუდან კერვალიშვილის დაკავებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ადვოკატ მარინე ცუცქირიძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება:
„კატეგორიულად არ ვეთანხმებით იმას, რომ თაღლითობასთან გვაქვს საქმე. ეს არის სუფთა სამოქალაქო სამართლებრივი დავის საგანი. ეს არის სახელშეკრულებო ურთიერთობა ორ მხარეს შორის. რა თქმა უნდა, ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სააპელაციო ინსტანციაში“.
ჩვენს ოჯახზე მეტად უფრო დიდი ინტერესი ამ პრობლემის მოგვარებისა ვერავის ვერ ექნება, იმიტომ რომ როცა მოგვარდებოდა დაზარალებულების პრობლემები, მოგვარდებოდა ჩვენი პრობლემებიც...ნინო დარასელი
აღსანიშნავია, რომ გამოძიება „ცენტრ პოინტის“ საქმეზე არაერთი მიმართულებით მიმდინარეობს. საქმეში რამდენიმე დაუსრულებელი სამშენებლო ობიექტი ფიგურირებს. ერთ-ერთი ეპიზოდი ბათუმში არსებულ ობიექტებს უკავშირდება. „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი წინასწარ პატიმრობაში უკვე რვა თვეა იმყოფება. რვა თვეა წინასწარ პატიმრობაში რჩება მისი ვაჟი, კომპანიის კიდევ ერთი დამფუძნებელი, გუკა რჩეულიშვილიც. ისინი გასული წლის 12 ივლისს მას შემდეგ დააკავეს, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფისა“ და მისი ფილიალის, „ცენტრ პოინტ აჭარის“, წარმომადგენლებს. ნინო დარასელი, რუსუდან კერვალიშვილის შვილი, ფიქრობს, რომ „ცენტრ პოინტის“ წარმომადგენლების დაკავებით კომპანიის მიერ დაზარალებული ადამიანების მდგომარეობა ვერ გამოსწორდება:
„ჩვენს ოჯახზე მეტად უფრო დიდი ინტერესი ამ პრობლემის მოგვარებისა ვერავის ვერ ექნება, იმიტომ რომ როცა მოგვარდებოდა დაზარალებულების პრობლემები, მოგვარდებოდა ჩვენი პრობლემებიც. და დღეს მივაღწიეთ რას? - ოთხი წლის წინ უკვე შეჩერებულ მშენებლობებს, ამორტიზებულ შენობებს და განადგურებულ ოჯახს და ასევე კიდევ უფრო მეტად დაზარალებულ დაზარალებულებს“.
როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე საქმის სასამართლოში განხილვისას საქართველოს პროკურატურა, ბრალდებულების მხრიდან 6 000-მდე დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების შემთხვევაში, გამოხატავდა მზაობას ბრალდებულებთან გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე. მიუხედავად იმისა, რომ საქმის განხილვა სასამართლოში უკვე ოთხი წელია მიმდინარეობს, ბრალდებულებს არც ზიანი აუნაზღაურებიათ და არც ობიექტები დაუსრულებიათ. 31 მარტს, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს საპროცესო შეთანხმებას კიდევ ერთხელ სთავაზობს. „ცენტრ პოინტის“ საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის, თქმით, პროკურატურა მზად არის საპროცესო შეთანხმება სააპელაციო სასამართლოში გააფორმონ:
”გამოძიების ეტაპზე, ასევე საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს არაერთხელ შევთავაზეთ საპროცესო შეთანხმების გაფორმება იმ პირობით, რომ ექვსი ათასივე დაზარალებულს აუნაზღაურდებოდა ზიანი და დასრულდებოდა მათ მიერ დაწყებული ობიექტების მშენებლობა, თუმცა ბრალდებულებმა არ გამოიყენეს ჩვენ მიერ შეთავაზებული პირობა და, შესაბამისად, მათ მიმართ ვერ გავრცელდებოდა შეღავათი. ჩვენ კიდევ გამოვხატავთ მზაობას საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე და პირობები რჩება ძალაში. თუ ბრალდებულები დათანხმდებიან მას, მზად ვართ, საპროცესო შეთანხმება სააპელაციო სასამართლოში გავაფორმოთ“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2012 წელს შეისწავლა „ცენტრ პოინტის“ რამდენიმე ობიექტზე არსებული მდგომარეობა. პროგრამების მენეჯერის, გია გვილავას, თქმით, მასალების შესწავლამ აჩვენა, რომ კომპანიის წარმომადგენლებს უკანონოდ ჰქონდათ მითვისებული თანხები და რომ კომპანია ე.წ. „პირამიდის სქემით“ მუშაობდა. გია გვილავა ამბობს, რომ „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელთა დაკავებით დაზარალებულები მყისიერ შედეგს ვერ მიიღებენ. მისი თქმით, კანონდამრღვევმა პასუხი უნდა აგოს, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარია პროკურატურა და სასამართლო ამოვიდეს დაზარალებულთა ინტერესებიდან:
„თუ დავუშვებთ იმას, რომ ეს გადაწყვეტილება ზემდგომი ინსტანციების მხრიდან დატოვებული იქნება ძალაში, ანუ ეს ადამიანები დამნაშავედ იქნებიან ცნობილები, მაშინ დაზარალებულებს უკვე შეეძლებათ სამოქალაქო წესით მოითხოვონ კომპენსაცია. მაგრამ ამ შემთხვევაში საკმაოდ რთული პროცედურებია გასავლელი და ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ პირადი პასუხისმგებლობის შემთხვევაში რამდენად არის შესაძლებელი ამ ხალხის მოთხოვნების დაკმაყოფილება - ეყოფა თუ არა რჩეულიშვილების ქონება ამ ყველაფერს“.
რუსუდან კერვალიშვილის და მაია რჩეულიშვილის ბრალდების საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოცემულ საქმეზე დაიკითხა 411 პირი, ჩატარდა 157 საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, ამოღებული იქნა შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფში“ შემავალი კომპანიების საქმიანობის ამსახველი სრული დოკუმენტაცია, რომელთა შესწავლის მიზნით დაინიშნა შესაბამისი რევიზიები. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 1999 წელს მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა დააარსეს კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფი“, რომლის საქმიანობის მიზანს წარმოადგენდა მოქალაქეთაგან მოზიდული თანხების აკუმულირება და სამშენებლო პროექტების განხორციელება. მიუხედავად ამისა, კომპანიის საქმიანობის დროს სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ ხელმძღვანელობამ თაღლითურად მიითვისა მენაშენეების მიერ შეტანილი თანხები და, საბოლოო ჯამში, შეუძლებელი გახადა კომპანიის მიერ მენაშენეთა წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება.
31 მარტს სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც. მისი თქმით, როდესაც საუბარია კომპანიის მიერ დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვასა და კომპენსაციების მიღებაზე, დაკავება-დაპატიმრება გამოსავალი არ არის. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით დაზარალებულები კონკრეტულ შეღავათს ვერ მიიღებენ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ამჟამად ცალკე ეპიზოდებად იხილება მაია რჩეულიშვილის ბრალდების სისხლის სამართლის კიდევ ორი საქმე მენაშენეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე.