კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო პოციზიას ინარჩუნებს

კორუფციის აღქმის ინდექსი 2014

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გამოქვეყნებულ კორუფციის აღქმის ინდექსში (CPI) საქართველოს 100 შესაძლებლიდან 52 ქულა აქვს მინიჭებული. ამ მონაცემით ის 175 ქვეყნდან 50-ე ადგილზეა.

CPI მსოფლიოს მასშტაბით კორუფციის ყველაზე ფართოდ გამოყენებეული მაჩვენებელია, რომელიც ქვეყნებს იმის მიხედვით აფასებს, თუ რამდენად კორუმპირებულად არის აღქმული იქ საჯარო სექტორი. ანგარიში ეფუძნება მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ გამოკითხვებს და კორუფციის შეფასებებს.

“ჩვენ ვერ გავზომავთ კორუფციას, ამიტომაც ვზომავთ მის აღქმებს. ჩვენი მონაცემები ეფუძნება თორმეტ დამოუკიდებელ წყაროს, როგორიცაა მსოფლიო ბანკის, ჟურნალ ეკონომისტის, სხვა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მონაცემები. ისინი კორუფციაზე ატარებენ გამოკითხვებს, ესაუბრებიან ექსპერტებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, ადგილობრივებს. ჩვენ შემდეგ ამ 12 გამოკითხვის შედეგებს ვიღებთ და კორუფციის აღქმის ინდექსი ამ ექსპერტულ მოსაზრებებზე დაყრდნობით გამოგვყავს,” ამბობს “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში დანიელ დუდისი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - ამერიკის" მთავრობის ანგარიშვალდებულების პროგრამის დირექტორი.

2014 წლის კორუფციის აღქმის მაჩვენებელი ყველაზე დაბალი დანიაშია, პირველ ათეულში ასევე შედიან: ახალი ზელანდია, ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია, შვეიცარია, სინგაპური, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი და კანადა.

თუ ქვეყანა აღქმულია როგორც მაღალი კორუფციის მქონე, მაშინ თავს შეიკავებენ ამ ქვეყანაში ინვესტირებისგან, რასაც ამ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე უზარმაზარი შედეგი ექნება

ამავე ჩამონათვალში სიის ბოლოს არიან სომალი, ჩრდილოეთ კორეა, სუდანი, ავღანეთი და ერაყი. იმ ქვეყნების ათეულში სადაც კორუფციის აღქმის მაჩვენებელი მაღალია, შედის ყოფილი საბჭოთა კავშირის ორი რესპუბლიკა - თურქმენეთი და უზბეკეთი.

საქართველოს უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე ევროკავშირის წევრ ზოგიერთ სახელმწიფოს: ჩეხეთს, სლოვაკეთს, ხორვატიას, ბულგარეთს, საბერძნეთს, იტალიას და რუმინეთს. პოსტკომუნისტურ სახელმწიფოებს შორის საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი აქვთ ესტონეთს, პოლონეთს, ლიტვას, სლოვენიას, ლატვიას და უნგრეთს.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, ინდექსში მათი პოზიციები ასე გამოიყურება: თურქეთი 64-ე, სომხეთი 94-ე, აზერბაიჯანი 126-ე და რუსეთი - 136-ე ადგილი.

კორუფციის აღქმის ინდექსში 52 ქულით საქართველო დაუბრუნდა 2012 წლის მაჩვენებელს, 2013 წელს საქართველოს 49 ქულა (55-ე ადგილი) ჰქონდა მინიჭებული.

საქართველო ბოლო რამდენიმე წელია ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ამბობს ერეკლე ურუშაძე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანტიკორუფციული პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელი:

“კორუფციის აღქმის ინდექსის მეთოდოლოგიის თანახმად, ქვეყანაში კორუფციის აღქმის დონის მნიშვნელოვან ცვლილებაზე საუბარი მხოლოდ ქვეყნის ქულის 4 ან მეტი პუნქტით მატების ან კლების შემთხვევაში შეიძლება. ამრიგად, 2012-2014 წლებში საქართველოს ქულის დინამიკა ქვეყანაში კორუფციის აღქმის დონის მნიშვნელოვან ცვლილებაზე არ მეტყველებს. შეიძლება ითქვას, რომ კორუფციის აღქმის დონე საქართველოში ბოლო 3 წლის მანძილზე სტაბილურია და მნიშვნელოვანი პროგრესი ან უკუსვლა ამ პერიოდში არ მომხდარა.”

ურუშაძის თქმით, საქართველოს შედეგი (52 ქულა 100 შესაძლებლიდან) იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში კვლავაც არსებობს მნიშვნელოვანი პრობლემები კორუფციის კუთხით.

კითხვაზე თუ რას მიიჩნევს “საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო” კორუფციასთან ბრძოლის მხრივ მთავარ გამოწვევად და რა ტიპის რეკომენდაციებს აძლევს ის საქართველოს მთავრობას, ურუშაძე სამ პრიორიტეტულ მიმართულებას გამოჰყოფს:

  • ანტიკორუფციული კანომდებლობის პრაქტიკაში შესრულების ეფექტიანი მექანიზმების შექმნა, (მათ შორის, შესაძლოა, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის გზით.
  • დამოუკიდებელი და პროფესიონალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება (მათ შორის, საჯარო სამსახურში მიღებისა და სამსახურიდან დათხოვნის გამჭვირვალე სისტემის შექმნით).
  • გამარტივებული შესყიდვების წილის შემცირება სახელმწიფო შესყიდვებში.

დანიელ დუდისი მიიჩვენს, რომ კურუფციის აღქმას დიდი გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, როგორც შიდა ბიზნესზე, ასევე ინვესტიციების მოზიდვაზე:

“დიდი კორპორაციები ეცნობიან ამ მონაცემებს რათა გადაწყვიტონ თუ რომელ ქვეყანაში შეიძლება ინვესტირება. თუ ქვეყანა აღქმულია როგორც მაღალი კორუფციის მქონდე, მაშინ ისინი თავს შეიკავებენ ამ ქვეყანაში ინვესტირებისგან, რასაც ამ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე უზარმაზარი შედეგი ექნება,” ამბობს დუდისი.

მისი თქმით კორუფცია ასევე მნიშვნელოვნად ართულებს ქვეყნის შიგნით ბიზნესის წამოწყებას, რაც მთლიანობაში ბიზნესისთვის არასასურველ გარემოს ჰქმნის: “სწორედ ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანას კორუფციის აღქმის მაღალი მაჩვენებელი არ ჰქონდეს,” ამბობს ის.