გადატვირთვა? თვალებში ჩახედვა? ბორისი და ბილი? ტრამპისა და პუტინის პირველი შეხვედრა

დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი

მოსკოვისა და ვაშინგტონის ლიდერების ყოველ შეხვედრას ისტორიის, სამხედრო ძლიერების, მსოფლიო წესრიგზე ურთიერთსაწინააღმდეგო ხედვების გათვალისწინებით აფასებენ ხოლმე და გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის 7 ივლისის შეხვედრას „ისტორიულს“ ვუწოდებთ.

ეჭვგარეშეა, რომ ორი ბირთვული სახელმწიფოს ურთიერთობა ბოლო 30 წლის ყველაზე დაბალ ნიშნულზე დავიდა, რაც ცივი ომის პერიოდის მსგავსი სამხედრო კონფრონტაციის შიშს აჩენს.

ტრამპი მეექვსე თვეა აშშ-ის პრეზიდენტი და ბევრ სირთულეს აწყდება დაზვერვის სამსახურების დასკვნის გამო, რომ რუსეთი ჩაერია არჩევნებში, რომელთა შედეგადაც ის პრეზიდენტი გახდა.

პუტინი კი უკვე მესამე ვადით არის არჩეული რუსეთის პრეზიდენტად. ის ზრდის შეიარაღებულ ძალებს და დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ რუსეთის ეკონომიკა დაღმასვლას განიცდის, მოსახლეობა ბერდება, კორუფცია ფართოდ არის გავრცელებული და პოლიტიკური სისტემა სულ უფრო დამოკიდებული ხდება პირადად პუტინის მმართველობაზე.

ტრამპს არაერთხელ ულაპარაკია კრემლთან საერთო ენის გამონახვაზე, რითაც იზიარებს იმ წინამორბედთა წარმოდგენას, ვისაც ეგონა, რომ ურთიერთგაგების სურვილითა და პოზიტიური მიდგომით შეძლებდა პრობლემის მოგვარებას.

ბარაკ ობამა შეეცადა „გადაეტვირთა“ პუტინთან ურთიერთობა მას მერე, რაც რუსეთმა 2008 წელს საქართველოში სამხედრო ინტერვენცია მოახდინა. ჯორჯ ბუშმა 2001 წელს, როგორც ცნობილია, „თვალებში ჩახედა“ პუტინს და გამოაცხადა, რომ „ჩაწვდა მის სულს“. ხოლო ბილ კლინტონს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა პუტინის წინამორბედთან, ბორის ელცინთან და მას ხელს უწყობდა მძიმე 1990-ან წლებში. ერთხელ ისე მოხდა, რომ მისთვის ხელის შეშველებაც მოუწია...

თუ ტრამპი შეძლებს, არ დაუშვას, რომ ისტორია განმეორდეს, ეს პატარა მიღწევა არ იქნებოდა. აი, ხუთი დასკვნა, რომელიც შეგვიძლია გამოვიტანოთ პუტინთან დონალდ ტრამპის შეხვედრიდან.

ვინ ესწრებოდა შეხვედრას?

ტრამპისა და პუტინის შეხვედრამდე, ამერიკელი ექსპერტები და რუსეთის მკვლევრები თვალს ადევნებდნენ ცნობებს იმის თაობაზე, თუ ვის შეუშვებდნენ ოთახში, შეხვედრაზე დასასწრებად. ბოლოს გაირკვა, რომ ესენი იქნებოდნენ ორივე ქვეყნის უმაღლესი რანგის დიპლომატები -- რექს ტილერსონი და სერგეი ლავროვი - თარჯიმნებთან ერთად. შეხვედრაზე არ შეუშვეს თეთრი სახლის ექსპერტი რუსეთის საკითხებში, ფიონა ჰილი, რომლის დასწრებასაც ბევრი მოელოდა. მისმა არყოფნამ აშშ-ს მხარეს მოაკლო ბევრი საჭირო ინფორმაციის მქონე, რუსული ენის მცოდნე ადამიანი, რომელსაც აქვს პუტინის ხრიკების ამოცნობის გამოცდილება და ერკვევა რუსეთის შიდაპოლიტიკურ პროცესებში. და მართალია, ტილერსონს დიდი გამოცდილება დაუგროვდა რუსეთის საკითხში, ეს მაინც, უწინარეს ყოვლისა, ბიზნესს უკავშირდება: გიგანტურ ნავთობკომპანია „ექსონმობილის“ გაძღოლასა და რუსეთის სახელწიფო კომპანია „როსნეფტთან“ კონტრაქტების დადებას. მაშინ, როცა ლავროვის, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის კარიერა, სამი პრეზიდენტის მმართველობას წვდება და შეერთებულ შტატებთან მისი დიპლომატიური ურთიერთობა ჯერ კიდევ ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის დროს არის დაწყებული.

ხელის ჩამორთმევის ამბავი

დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი

ხელის ჩამორთმევა და, ზოგადად, ჟესტიკულაცია, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ექსპერტებში, ვინც აკვირდება ტრამპსა და მსოფლიოს ლიდერებთან მის შეხვედრებს. აშშ-ის პრეზიდენტმა მთელი 19-წამი არ გაუშვა ხელიდან იაპონიის პრემიერ-მინისტრის, შინზო აბეს ხელი, მერე საერთოდ გაუშვა შანსი, ხელი ჩამოერთმია გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისათვის, და საქმე ლამის ხელების გადაგრეხამდე მივიდა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას. ეს ყველაფერი საუცხოო სავარჯიშოები გამოდგა მოყვარული ფსიქოლოგებისათვის, რომლებიც ცდილობენ განჭვრიტონ, რას სიგნალს აძლევს ტრამპის ჟესტები უცხოელ კოლეგებს. პუტინის შემთხვევაში, ხელის ჩამორთმევა მოხდა ფოტოსესიის დროს, დახურულ კარს მიღმა შეხვედრის დაწყებამდე და ყველაფერმა გაცილებით უფრო ნაკლებად ოფიციალურ გარემოში ჩაიარა, ვიდრე წინა შეხვედრების დროს.

მანამდე იყო კიდევ ერთი შეხვედრა, ისიც ნაკლებად ოფიციალურ გარემოში, როდესაც „დიდი ოცეულის“ ლიდერები იკრიბებოდნენ. მოკლე ვიდეოკლიპში ჩანს, როგორ უწვდის ტრამპი ხელს პუტინს, როცა მაგიდის გარშემო სხვა ლიდერებიც დგანან და შემდეგ როგორ იღიმება, როცა ხელით პუტინის იდაყვს ეხება. მერე ჩანს, რომ ხელით მხარზეც ეხება, როცა ერთმანეთის გვერდით დგანან.

ჩემთვის პატივია თქვენთან ყოფნაო, უთხრა ტრამპმა პუტინს, რომელმაც უპასუხა, რომ მოხარულია მასთან შეხვედრით.

მათ, სრულიად აშკარად, პოზიტიური ურთიერთგანწყობა აქვთო, უთხრა მოგვიანებით ტილერსონმა ჟურნალისტებს.

რაც შეეხება პირველად ხელის ჩამორთმევას - ხანგრძლივობა ზომიერი იყო, ორი წამი.

დროის ფაქტორი

თავდაპირველი გეგმით, სულ 35-40 წუთი იყო გამოყოფილი ტრამპისა და პუტინის შეხვედრისათვის, რომელიც იმ დღის მთავარი მოვლენა არ ყოფილა და მსოფლიოს ეკონომიკურად წამყვანი ქვეყნების, „დიდი ოცეულის“ სამიტის პარალელურად გაიმართა. მაგრამ საბოლოოდ შეხვედრამ თითქმის 155 წუთი გასტანა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ორ ლიდერს მარტო ამინდსა და იმ დღისათვის შერჩეულ ჰალსტუხებზე არ უსაუბრია.

მოგვიანებით, ვიდრე იაპონიის პრემიერ-მინისტრს შეხვდებოდა, პუტინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტრამპს ესაუბრა უკრაინაზე, სირიაზე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, კიბერდანაშაულებსა და კიბერუსაფრთხოებაზე. მას დეტალები არ მოუყვანია.

ჯერ კიდევ შეხვედრის დასრულებამდე გავრცელდა ხმები, რომ მიღწეულია შეთანხმება სირიაზე, სადაც შეერთებული შტატები და რუსეთი ერთმანეთის პარალელურად აწარმოებენ ბრძოლას „ისლამური სახელმწიფოს“ დასამარცხებლად, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად განსხვავებულ გზებს ადგანან.

ლავროვმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ორი პრეზიდენტი შეთანხმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე, რომელიც 9 ივლისს ამოქმედდება სირიის ზოგ რეგიონში.

მომდევნო დღეებში მეტ განცხადებას უნდა მოველოდეთ როგორც მოსკოვის, ისე ვაშინგტონისაგან, რომ აღარაფერი ვთქვათ ანონიმური ოფიციალური წყაროებიდან ინფორმაციის განზრახ გაჟონვაზე ორივე ქვეყნის მედიაში.

შეკითხვას, რატომ გაგრძელდა შეხვედრა ასე დიდხანს, ტილერსონმა უპასუხა: ძალიან ბევრი იყო სალაპარაკოო.

წავიკითხოთ სტრიქონებს შორის

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ის, რაც ასეთი შეხვედრის დროს არ ითქვა - არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ის, რაც ითქვა. ლავროვმა განაცხადა, რომ ვერ შეთანხმდნენ შეერთებულ შტატებში რუსეთისათვის ორი დიპლომატიური რეზიდენციის დაბრუნებაზე. ისინი რუსეთს შარშან დეკემბერში ჩამოართვეს, რითაც პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ უპასუხა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევას. რუსეთმა ხმამაღლა გააპროტესტა ეს ნაბიჯი და დაიმუქრა, თავის მხრივ, მოსკოვში შეერთებული შტატების დიპლომატიური ობიექტების ჩამორთმევით.

ლავროვს ნეიტრალური რეაქცია ჰქონდა ტრამპისა და პუტინის შეხვედრის დღეს გავრცელებულ განცხადებაზე, რომ აშშ-მა დანიშნა უკრაინის საკითხში საგანგებო წარმომადგენელი, რომელსაც ევალება წინსვლის მიღწევა უკრაინაში კონფლიქტის შესახებ მინსკის შეთანხმებების შესასრულებლად. მაგრამ თუ ლავროვისა და, მოგვიანებით, ტილერსონის გამონათქვამებითაც ვიმსჯელებთ, არ ყოფილა შეთანხმება იმაზე, თუ როგორ მოხდეს მინსკის შეთანხმებებზე ხელმომწერების - რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის - მოტივირება, გადადგან ნაბიჯები გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად. არ უხსენებიათ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის უთანხმოების გამომწვევი ზოგი სხვა მნიშვნელოვანი საკითხიც, მათ შორის შეიარაღების კონტროლის შესახებ ორმხრივი შეთანხმებები, რომლებიც ჯერ კიდევ ცივი ომის დროს დაიდო.

პრეზიდენტმა არაერთხელ მიმართა პუტინს (არჩევნებში) რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი პუტინი უარყოფდა, რომ ასეთი ჩარევა მოხდა - როგორც, ვფიქრობ, წარსულშიც აქვს უარყოფილი...
რექს ტილერსონი

როგორც ჩანს, განხილვის საგანი არ გამხდარა არც განცხადებები, რომლებიც ტრამპმა გააკეთა პოლონეთში ვიზიტის დროს. ჰამბურგში ჩასვლამდე, ვარშავაში ტრამპმა მკაფიოდ დაუდასტურა მხარდაჭერა ნატოს, რომელსაც რუსეთი თავის დაუძინებელ მტრად მიიჩნევს და გააკრიტიკა რუსეთი ევროპის ზოგი ქვეყნის დესტაბილიზაციისათვის. ამავე დროს, ტრამპმა გამოაცხადა პოლონეთის სამხედრო ძალებისათვის „პეტრიოტის“ ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიყიდვის შესახებ და ხოტბა შეასხა ქვეყნის მემარჯვენე მთავრობას, რომელიც რუსეთის მიმართ უაღრესად კრიტიკულად არის განწყობილი.​

დიდი პრობლემა, რომელზეც არ ლაპარაკობენ

ყველაზე დიდი პრობლემა, რომლის წინაშეც ტრამპი და პუტინი დგანან, არის საკითხი, რომლის არსებობასაც, როგორც ასეთს, ორივე უარყოფს: ეს არის 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის თემა. ტილერსონი ამბობს, რომ საკითხი წამოიჭრა: ტრამპმა თვითონვე გამოთქვა შეშფოთება შეხვედრის გახსნისას. ტილერსონი ამბობს, რომ ამის მერე რუსებმა - პუტინმა, თუ ლავროვმა - მოითხოვეს ჩარევის მტკიცებულებები.

„პრეზიდენტმა არაერთხელ მიმართა პუტინს (არჩევნებში) რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი პუტინი უარყოფდა, რომ ასეთი ჩარევა მოხდა - როგორც, ვფიქრობ, წარსულშიც აქვს უარყოფილი“, - უთხრა ტილერსონმა ჟურნალისტებს.

როგორც ამასობაში ლავროვმა გამოაცხადა, პუტინმა მკაფიოდ უთხრა ტრამპს, რომ რუსეთი არ ჩარეულა არჩევნებში. მისივე თქმით, ორი მხარე შეთანხმდა, რომ შექმნიან ერთობლივ ჯგუფს კიბერდანაშაულისა და კიბერუსაფრთხეობის პრობლემაზე სამუშაოდ.

მაგრამ თუ ისტორიიდან რამის სწავლა შეიძლება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვა. რუსებსა და ამერიკელებს წინათაც უცდიათ კიბერსფეროში თანამშრომლობა, სანამ მუშაობა ჩაიშლებოდა, რადგან აღმოჩნდებოდა, რომ რუსეთის სამთავრობო უწყებები რუს ჰაკერებს იყენებდნენ ოფიციალური და არაოფიციალური პროექტებისათვის, ხოლო შეერთებული შტატები ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმებისათვის დევნიდა რუს ჰაკერებს, ახდენდა მათ ესქტრადირებას.

მეტიც: არჩევნებში რუსეთის ჩარევა, როგორც ჩანს, არ არის საკითხი, რომლის მიმართაც მაინცდამაინც დიდ ინტერესს იჩენს ან ერთი, ან მეორე მხარე. ტრამპისათვის იმის აღიარებამ, რომ რუსეთი შეეცადა, დახმარებოდა არჩევნების მის სასარგებლოდ შემობრუნებას - რაც აშშ-ის დაზვერვის სამსახურებმა დაასკვნეს - შესაძლოა დააკნინოს არჩევნებში მისი გამარჯვება და, საბოლოოდ, მისი პრეზიდენტობის ლეგიტიმურობაც. ხოლო პუტინისათვის იმის აღიარება, რომ რუსეთი შეეცადა აშშ-ის არჩევნებზე გავლენის მოხდენას, მხოლოდ დაადასტურებს იმას, რაც მრავალი ექსპერტის ვარაუდით, ხდება ვაშინგტონის მოკავშირე მრავალ ევროპულ ქვეყანაში. და ამან, შესაძლოა, ამერიკელებს სამაგიეროს გადახდისაკენ უბიძგოს.