ტრადიციის მსხვრევა: ტრამპის პირველი მოგზაურობა ოკეანის გამოღმა

აშშ-ის პრეზიდენტების უმეტესობა უცხოეთში პირველი მოგზაურობისთვის, ჩვეულებრივ, მეზობელ კანადას ან მექსიკას ირჩევდა ხოლმე, თუმცა ტრამპმა თეთრ სახლში ყოფნის პირველ ოთხ თვეში დაამტკიცა, რომ ჩვეულებრივი პრეზიდენტი არ არის. მას დიპლომატიური, მშვიდი გზები არ მოუსინჯავს და პირდაპირ გაემართა ტურნეში ახლო აღმოსავლეთსა და ევროპის ქვეყნებში - ეწვია საუდის არაბეთს, ისრაელს, პალესტინელთა ავტონომიას, ბრიუსელს, რომს.

Your browser doesn’t support HTML5

დონალდ ტრამპის პირველი საერთაშორისო ტურნე

სანამ აშშ-ის ბიუჯეტისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში რეფორმების ირგვლივ, გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის განთავისუფლებისა და რუსეთთან ახლანდელი ადმინისტრაციის კავშირების გამოძიების გამო ბრძოლები მიმდინარეობს, ტრამპმა გადაწყვიტა დაეპყრო მსოფლიო საზოგადოებრიობა, რომელიც სკეპტიკურად უყურებდა მის პოლიტიკურ პრინციპს „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. მცდელობას, ურთიერთობა დაემყარებინა საკვაძნო მოკავშირეებთან, რაიმე გარკვეული შედეგი არ მოჰყოლია, რამაც სალაპარაკო მისცა მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისლამური ქვეყნებისა და აშშ-ის სამიტზე საუდის არაბეთში.

როგორი იყო ვიზიტი საუდის არაბეთში? სამხედრო-საჰაერო ძალების პირველი თვითმფრინავის ახალმა მგზავრმა პირველი რეისი უცხოეთში, საუდის არაბეთში, განახორციელა 20 მაისს და მას ერ-რიადში დიდი ზეიმით დახვდნენ. ტრამპს, ჩანს, სურდა ეჩვენებინა მეფე სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდისა და 50 მაჰმადიანური ქვეყნის ლიდერებისთვის, რომ აშშ მათ რეჟიმს მხარს უჭერს და რომ მოქმედი ადმინისტრაცია არ არის ანტიისლამური.

ტრამპის განცხადებებს, საუდის არაბეთსა და სხვა ისლამურ ქვეყნებს ახლო აღმოსავლეთში „ეჭვი არ უნდა შეეპაროთ აშშ-ის მხარდაჭერაში“ და „აქ იმისთვის არ ვართ, რომ მორალი გიკითხოთო“, თბილად შეხვდნენ დამსწრეები, მაგრამ, სამაგიეროდ, ამ განცხადებებმა გაღიზიანება გამოიწვია უფლებადამცველთა შორის, რომლებსაც სურდათ ტრამპისგან უფლებათა დაცვის მკაცრი მოთხოვნა მოესმინათ. ტრამპი იქ ცარიელი ხელებით არ ჩასულა: მან საუდის არაბეთს შესთავაზა ხელშეკრულება 110 მილიარდი დოლარის იარაღის მიწოდების შესახებ და, ამას გარდა, შეთანხმება 350 მილიარდი დოლარის იარაღზე მომავალი ათი წლის განმავლობაში.

ტრამპი ფიქრობს, რომ ამ გზით ტერორიზმსაც შეებრძოლებიან და აშშ-ის ხალხიც დასაქმდება. მოელიან, რომ ამერიკელი კანონმდებლები მხარს არ დაუჭერენ ტრამპის მიერ მიღწეულ შეთანხმებებს. ბევრი მათგანი, რესპუბლიკელიცა და დემოკრატიც, ეჭვობს, რომ ახალი სტრატეგია ქვეყნის ინტერესებს ესადაგებოდეს.

„ამნესტი ინტერნეშნლის“ ამერიკის ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორმა, ერიკ ფერერომ, განაცხადა, ამ ხელშეკრულებით ტრამპმა ცეცხლმოკიდებულ სახლს ბენზინი გადაასხა და გასვლისას კარი გასაღებით დაკეტაო.

ისრაელსა და პალესტინელთა ავტონომიაში სტუმრობა ორ დღეს გაგრძელდა. ტრამპმა შეძლო გოდების კედელთან მისულიყო, ჰოლოკოსტის მემორიალი, იად ვაშემი, მოენახულებინა, დაეთვალიერებინა ისრაელის მუზეუმი და, ასევე, მოლაპარაკებოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეტანიაჰუს, პრეზიდენტ რივლინსა და პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს.

დონალდ ტრამპი იერუსალიმში, გოდების კედელთან.

ქრისტიანული და იუდაისტური წმინდა ადგილების მონახულება, ასევე აბასთან შეხვედრა აჩვენებს, რომ ტრამპი ცდილობს კონტაქტი დაამყაროს სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან და საძირკველი ჩაუყაროს სამშვიდობო მოლაპარაკებას, რათა, როგორც თავად ამბობს, მიღწეული იქნეს „საბოლოო შეთანხმება“. ამასთან, ტრამპი არ ფიქრობს შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირება, აშშ-ის საელჩოს თელ ავივიდან იერუსალიმში გადავიტანო, რაც ახლანდელ ბალანსს დაარღვევდა.

იერუსალიმი ისრაელს თავის მარადიულ დედაქალაქად მიაჩნია და სურს, უცხო ქვეყნების საელჩოები იქ იქონიოს. აშშ-ის ბევრი მოკავშირე არ ემხრობა ამას, რადგან პალესტინელებსაც დედაქალაქად მიაჩნიათ იერუსალიმი.

ისრაელში სტუმრობისას სკანდალი მოხდა, როცა ნეტანიაჰუსთან ერთად გამართული პრესკონფერენციის შემდეგ ჟურნალისტების კრიტიკული რეპლიკის პასუხად ტრამპმა თქვა, როცა რუსეთის დელეგაციას ინფორმაცია მივაწოდე, ინფორმაციის წყაროდ ისრაელი არ დამისახელებიაო. შედეგად, აშშ-ის ოფიციალური პირის მიერ პირველად გაკეთდა მინიშნება, რომ სადაზვერვო მონაცემები მას სწორედ ისრაელმა გადასცა.

ამასთან, ტრამპს დაუწუნეს იად ვაშემის სტუმართა სამახსოვრო წიგნში გაკეთებული ჩანაწერი, როგორც მსუბუქი და ზედაპირული. ისრაელმა მწერალმა, იაირ როზენბერგმა, ტვიტერით გაავრცელა თავისი შეფასება: მოსწავლეები რომ უწერენ ერთმანეთს გამოსაშვებ ალბომებში, იმას ჰგავდა ტრამპის ჩანაწერიო. ამერიკის პრეზიდენტი „არაფრის მთქმელი ჟესტების“ გამო გაზეთმა „ჰაარეცმაც“ გააკრიტიკა.

დონალდ ტრამპი და რომის პაპი ფრანცისკე ვატიკანში შეხვედრისას.

მესამე და ყველაზე ნაკლებად სკანდალური იყო ვატიკანში რომის პაპთან და შემდგომ იტალიის პრეზიდენტთან, მატარელასთან, სტუმრობა. იმის გათვალისწინებით, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს პაპი სკეპტიკურად გამოეხმაურა მის ქრისტიანულ შეხედულებებს, ტრამპისა და ფრანცისკეს შეხვედრა წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს: მათ გაცვალეს საჩუქრები და ნახევარ საათს ისაუბრეს.

რომს მოჰყვა ბრიუსელი, სადაც გაიმართა სამიტი ორგანიზაციისა, ნატოსი, რომელსაც ტრამპმა ადრე მოძველებული უწოდა, შემდეგ კი პოზიცია შეიცვალა. ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დროს ტრამპი გააკრიტიკეს რუსეთთან კავშირისა და იმის გამო, რომ სკანდალური იყო მანჩესტერის ტერაქტის გამოძიებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაჟონვა.

მანჩესტერში ტერაქტი 22 მაისს მოეწყო და მას 22 ადამიანი ემსხვერპლა. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა, პირდაპირ გააკრიტიკა ტრამპი და მოუწოდა დაიცვას "დასავლური ფასეულობები" იმისგან განსხვავებით, რასაც ტრამპი წარმოადგენს: შიგნით მიმართული პოლიტიკური პოზიცია კლიმატის ცვლილების, ვაჭრობისა და განსაკუთრებით რუსეთის საკითხში. იმის ნაცვლად, რომ რუსეთი გაეკრიტიკებინა ყირიმის ანექსიის გამო, რასაც მოელოდა ნატოს წევრი ზოგიერთი ქვეყანა, ტრამპმა 27 სახელმწიფოს ლიდერებს მოსთხოვა, დაიცვან თავიანთი საფინანსო ვალდებულებები. ისიც არ დარჩა შეუმჩნეველი, რომ ტრამპს არც ერთხელ არ უხსენებია ნატოს წესდების მეხუთე პუნქტი, რომელიც კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და დონალდ ტრამპი.

ბრიუსელში გამოსვლის შემდეგ ტრამპი ისედაც უხეში ძალის მომხრედ მიაჩნდათ მის მოკავშირეებს, ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრთან მომხდარმა ეპიზოდმა კი ეს აზრი განამტკიცა: ტრამპმა, იმისათვის რომ წინ გასულიყო, ხელით გვერდზე გაწია დუშკო მარკოვიჩი.

არასამთავრობო ორგანიზაციის, „კანადის ნატოს ასოციაციის“ პრეზიდენტმა, რობერტ ბეინსმა თქვა, „ეს ერთ ბედქვეშ გაერთიანებული ხალხების ალიანსია, როგორც შექსპირი იტყოდა, ძმათა კავშირია. გაერთიანებისთვის საჭიროა კონსენსუსი, ამის ნაცვლად კი ვხედავთ ლამის დაშინებას, ხალხისთვის ძალით იმის იძულებას, რაც არ სურთო“.

უცხოეთში ტრამპის პირველი მოგზაურობა დასრულდა იტალიაში, სიცილიაში, სადაც „დიდი შვიდეულის“ სამიტი გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ , ანუ სამრეწველო თვალსაზრისით შვიდი ყველაზე განვითარებული ქვეყნის, ლიდერები შეთანხმდნენ პროტექციონიზმთან ბრძოლის საჭიროებაზე, ასევე გამოხატეს მზადყოფნა, რომ კვლავ დაუწესებენ სანქციებს რუსეთს, მაგრამ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას დონალდ ტრამპთან კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით.

დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ლიდერები სიცილიაში.

როგორც კომუნიკეში წერია, აშშ კლიმატის ცვლილების თაობაზე თავისი პოლიტიკისა და პარიზის შეთანხმების განხილვის პროცესშია და ამ სფეროში კონსენსუსის პოზიციისთვის არ მიუღწევია. ტრამპი, რომელიც ადრე პარიზის შეთანხმებიდან გამოსვლით იმუქრებოდა, ტვიტერის გზით იტყობინებოდა, რომ მომავალ კვირაში მიიღებს ამ სფეროში გადაწყვეტილებას.

„დიდი შვიდეული“ ყოველ წელს იკრიბება და გლობალურ ეკონომიკაზე, უსაფრთხოებასა და ენერგეტიკაზე მსჯელობს ხოლმე. მის ახლანდელ წევრებზე მოდის მსოფლიო ეკონომიკის 50 და მსოფლიო სიმდიდრის 60 პროცენტი.

„დიდი შვიდეულის“ სამიტზე გამოსვლისას ევროკომიის თავმჯდომარემ ჟან კლოდ იუნკერმა თქვა, „სამართლიანობას უნდა ემყარებოდეს ყველაფერი, რასაც "დიდი შვიდეული" და ჩვენი პარტნიორები აკეთებენო".

ტრამპმა სამიტის პირველი დღე იაპონიის პრემიერთან, შინზო აბესთან, შეხვედრით დაიწყო. მათი თემა ჩრდილოეთი კორეა იყო, რომელიც, ტრამპმა თქვა, მუდამ გვახსოვსო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა წარმომადგენელმა, ელჩმა რიუბენ ბრიგეტმა 26 მაისს ჩვენს რადიოს უთხრა, ტრამპის პირველ მოგზაურობას უცხოეთში უნდა ჩამოეყალიბებინა დადებითი სურათი იმისა, თუ როგორ წაახალისებს აშშ თავის ტრადიციულ მოკავშირეებსო.

პრეზიდენტის გუნდს დიდი სამუშაო ექნება ჩასატარებელი, როცა ვაშინგტონში უკან დაბრუნდება, რათა აშშ-ის საგარეო პოლიტიკა თანმიმდევრულად იმგვარად გარდაქმნას, რომ დანარჩენი მსოფლიო მასზე იყოს დამოკიდებულიო, ამბობს ბრიგეტი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ელიოტის სკოლის დეკანი.