მსოფლიო ტრამპის გადაწყვეტილების მოლოდინში

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, დღეს გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებაზე - კერძოდ, გამოაცხადებს, დატოვებს თუ არა შეერთებული შტატები პარიზში 2015 წელს მიღწეულ შეთანხმებას, რომელსაც ხელს აწერს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა. ტრამპმა 31 მაისს „ტვიტერში“ დაწერა, რომ დღეს ვაშინგტონში, ადგილობრივი დროით 3 საათზე (თბილისში 23 საათზე), გააკეთებს განცხადებას პარიზის შეთანხმების მიმართ თავის დამოკიდებულებაზე.

წინასწარი ინფორმაციით, რომელსაც ამერიკული მედია ავრცელებს, პრეზიდენტი ტრამპი აპირებს უარი თქვას პარიზის ხელშეკრულებაზე - დოკუმენტზე, რომელიც ითვალისწინებს ზომების მიღებას სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების შესამცირებლად, რაც კლიმატური ცვლილებების შეზღუდვას ემსახურება.

Your browser doesn’t support HTML5

მსოფლიო ტრამპის გადაწყვეტილების მოლოდინში

თუ ტრამპმა მართლა გადაწყვიტა ხელშეკრულების დატოვება, შეერთებული შტატები დაემატება ორად ორ ქვეყანას, სირიას და ნიკარაგუას, რომელიც არ მიერთებია პარიზის შეთანხმებას.

შეერთებული შტატების ევროპელმა მოკავშირეებმა ბოლოხანს სცადეს დაერწმუნებინათ ტრამპი პარიზის შეთანხმების მხარდაჭერის საჭიროებაში. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა, 31 მაისს ბერლინში თქვა, რომ ამ თემაზე საუბარი იყო გასულ კვირაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს. ასევე 31 მაისს ევროკომისიის პრეზიდენტის მოადგილემ ენერგეტიკული კავშირის საკითხებში, მაროშ შეფჩოვიჩმა, ბრიუსელში განაცხადა:

„როცა მე თვითონ ვიყავი თეთრ სახლში, ვუხსნიდი მათ, რომ ევროპას არ გააჩნია სათადარიგო გეგმა, რადგან არ გაგვაჩნია სათადარიგო პლანეტა და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო პლანეტისათვის - ძალიან მნიშვნელოვანია კაცობრიობის მომავლისათვის. და ვფიქრობ, ევროპაში ძალიან მკაფიოდ ვაჩვენეთ, რომ ენერგეტიკული შემობრუნება - უფრო სუფთა ტექნოლოგიების გამოყენება, ენერგიის განახლებადი წყაროებიდან მოპოვება - აშკარად მომგებიანია ბიზნესისათვის. ვფიქრობ, რომ ეს სულ უფრო მეტს ესმის შეერთებული შტატების ბიზნესწრეებში“.

წინასწარ ინფორმაციას, რომ შეერთებული შტატები, შესაძლოა, გამოეთიშოს პარიზის შეთანხმებას, გამოხმაურება მოჰყვა პეკინსა და მოსკოვშიც. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ჰუა ჩანინმა, აღნიშნა, რომ ჩინეთი განაგრძობს ევროკავშირთან მუშაობას პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებული ზომების მისაღებად შეთანხმებიდან შეერთებული შტატების გასვლის შემთხვევაშიც. ჩინეთს უკავია პირველი ადგილი ერთ სულ მოსახლეზე ნახშირორჟანგის ემისიის მოცულობით, მას შეერთებული შტატები, ინდოეთი და რუსეთი მოჰყვებიან. მოსკოვში პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, თქვა, რომ რუსეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პარიზის შეთანხმებას.

ეს არის კლიმატური ცვლილებების შესახებ მსოფლიო მასშტაბის პირველი შეთანხმება, რომელიც ხელმომწერ ქვეყნებს ავალდებულებს ზომების მიღებას სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების ემისიის შესამცირებლად. სათბურის ეფექტის გამომწვევი მთავარი გაზია ნახშირორჟანგი, რომელიც გამოიყოფა ნავთობის, ნახშირის, ბუნებრივი აირის წვის შედეგად. მეცნიერთა უდიდესი ნაწილის აზრით, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის, მეთანისა და სხვა აირების მატება დედამიწაზე დათბობას იწვევს.

დონალდ ტრამპის დღევანდელ გამოსვლას, ბუნებრივია, დიდი ინტერესით მოელიან აქტივისტები, მათ შორის გარემოსდამცველი ერთ-ერთი წამყანი ორგანიზაციის, „გრინპისის“, წევრი, ფაიზა ულაჰსენი. მას ესაუბრა „როიტერსის“ კორესპონდენტი მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, რომ ტრამპი, სავარაუდოდ, უარს იტყვის პარიზის შეთანხმებაზე: „თუ ეს მართლაც ასეა, სწორია, პარიზის შეთანხმებიდან შეერთებული შტატებისნაირი გლობალური ლიდერის გასვლა ცუდი ამბავია, ნამდვილად ცუდი ამბავი. ჩემი აზრით, დიდი დარტყმაა მოქალაქეებისათვის, ორგანიზაციებისა და კორპორაციებისათვის, რომლებიც ძალიან შეშფოთებული არიან კლიმატის ცვლილებებით, განსაკუთრებით - აშშ-ში. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ამით ქვეყანა არ დაიქცევა. ვხედავთ, რომ მას შემდეგ, რაც შარშან, ნოემბერში, აშშ-ის პრეზიდენტად ტრამპი აირჩიეს, მრავალმა ქვეყანამ - მათ შორის ევროპაში, ჩინეთმა, ინდოეთმა, აგრეთვე იაპონიამ - დაადასტურა თავისი მხარდაჭერა პარიზის შეთანხმების მიმართ, ისევე როგორც დაადასტურეს ბოლოხანს, დიდი შვიდეულის სამიტზე“, - ამბობს „გრინპისის“ წარმომადგენელი.

ცნობების თანახმად, რამდენიმე დიდი კორპორაციის - მათ შორის „ექსონმობილის“, „ეპლის“, „ტესლას“ - ხელმძღვანელებიც მოუწოდებენ დონალდ ტრამპს, არ დაატოვებინოს შეერთებულ შტატებს პარიზის შეთანხმება.