წამების წინააღმდეგ აქციები რეგიონებში

პატიმართა წამებისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის გამო საპროტესტო მღელვარებამ საქართველოს რეგიონებიც მოიცვა. საპროტესტო აქციები გაიმართა ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ოზურგეთში, ფოთში, გორში და საქართველოს რამდენიმე სხვა ქალაქში.

სასჯელაღსრულების გლდანის მერვე დაწესებულებაში პატიმართა წამების ამსახველი კადრების მედიით გავრცელებისთანავე საპროტესტო მღელვარება საქართველოს რეგიონებში 18 სექტემბრის ღამითვე დაიწყო. აქციები გაგრძელდა 19 სექტემბერსაც და, როგორც ჩვენი კორესპონდენტები იუწყებიან, ეს აქციები ხალხმრავალი იყო. ბათუმში აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედანზე შეკრება 12 საათისთვის დაიწყეს. აქციაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები - მათ შორის ისინი, ვისი ოჯახის წევრებიც მანამდე იყვნენ ან ამ დროისათვის არიან პატიმრები. აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედნიდან მსვლელობით გადაინაცვლეს სასჯელაღსრულების მესამე საპყრობილესთან. პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების რეაბილიტაციაზე ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მომუშავე თემურ ნარსიამ ჩვენს ბათუმელ კორესპონდენტს აქციაზე განუცხადა, რომ საპყრობილეში პატიმრებს წამების ფაქტებზე საუბარი არ სურთ, მიუხედავად იმ რეალობისა, რაც ვიდეოკადრებში გამოჩნდა:

”იქ შეხვედრისასაც კი ერიდება პატიმარს მაგაზე ლაპარაკი. ეშინია. მიმდინარეობს თვალყურის დევნება ვიდეოკამერით, მაგრამ ხმის ჩაწერის შიში აქვს ყველას. ასე რომ, იქ მაგ თემაზე ლაპარაკი წარმოუდგენელია. იყო შემთხვევები, როდესაც შეხვედრის დროს რაღაცას რომ შეეკითხები პატიმარს, თვალს გიკრავს და სხვანაირად გპასუხობს.”
გუშინდელ კადრებს რომ ვუყურეთ, იმასთან დაკავშირებით აფორიაქებულია, გადარეულია, გაგიჟებულია ყველა. აბაშიდან ვართ ჩამოსული...
აქციის მონაწილე

ბათუმის აქციის მთავარი მოთხოვნა იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრებზე ზეწოლისა და მათი ღირსების შემლახავი სისტემის შექმნაზე პასუხისმგებელ პირთა დასჯა. ანალოგიური მოთხოვნები გაჟღერდა ზუგდიდშიც, სადაც ხალხი პროტესტის გამოსახატად მეზობელი რაიონებიდანაც - ჩხოროწყუდან, წალენჯიხიდან, სენაკიდან და აბაშიდან - ჩავიდა.

”გუშინდელ კადრებს რომ ვუყურეთ, იმასთან დაკავშირებით აფორიაქებულია, გადარეულია, გაგიჟებულია ყველა. აბაშიდან ვართ ჩამოსული”, – ამბობს აქციის მონაწილე.

როგორც ჩვენი კორესპონდენტი თამარ ზანთარაია ამბობს, საზოგადოების ერთმა ნაწილმა შეკრების შესახებ სოციალური ქსელებიდან შეიტყო, თავად აქცია კი მრავალრიცხოვანი გამოდგა. იგი ძირითადად კოალიცია ”ქართული ოცნების” აქტივისტების მიერ იყო ორგანიზებული. აქციაში, თამარ ზანთარაიას თანახმად, სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ:

”მამა გიორგიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ჰქონდა ინფორმაცია პატიმრების წამების შესახებ, მაგრამ პატიმრებისვე თხოვნით, არ ახმოვანებდა ის ამ ინფორმაციას. თუმცა, მისი თქმით, დღეს, როცა მთელმა საქართველომ იცის, თუ რა დღეში არიან საქართველოს ციხეებში პატიმრები, მას არა აქვს უფლება იყოს ჩუმად და სხვა სასულიერო პირებთან ერთად იგი დღეს იდგა სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან.”

საპროტესტო აქცია 19 სექტემბერს ზუგდიდის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან 14 საათზე დაიწყო. რამდენიმე საათში მან ზუგდიდის პროკურატურის წინ გადაინაცვლა.
ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ამ შემთხვევაში არა მარტო კალმახელიძე უნდა გადადგეს, არამედ მთლიანად მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს...
ილიკო ნაცვალაძე

სოციალური ქსელებით დაიგეგმა აქცია ქუთაისშიც. იგი ძირითადად მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული, თუმცა მასში მოქალაქეებთან ერთად თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნების გარდა, აქციაზე ისმოდა პატიმრების მიმართ სოლიდარობის გამომხატველი ფრაზებიც. პატიმრებთან შეხვედრის კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებდნენ პატიმრების ახლობლები. იყო სხვა მოთხოვნებიც.

”შევიკრიბეთ იმისათვის, რომ გავაპროტესტოთ ის ძალადობრივი ქმედებები, რომელიც საპატიმროებში იყო - არაადამიანური მოპყრობა - და მიმაჩნია, რომ ქვეყანაში, სადაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები არ არის დაცული, არ მინდა არც შადრევნები, არც გზები და არც ახალი ფასადები. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ამ შემთხვევაში არა მარტო კალმახელიძე უნდა გადადგეს, არამედ მთლიანად მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს”, – თქვა აქციის მონაწილე ილიკო ნაცვალაძემ.

აქცია ქუთაისში სასჯელაღსრულების ნომერ მეორე დაწესებულებასთან გაიმართა და მასში, თვითმხილველთა განცხადებით, ქუთაისისთვის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ხალხი მონაწილეობდა.

19 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართა ლაგოდეხის პოლიციის შენობის წინაც. საქმე ისაა, რომ პატიმრების წამების ფაქტებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალაში ადგილობრივებმა ლაგოდეხის პოლიციის უფროსი, გოგიტა ბუთლიაშვილი ამოიცნეს. ჩვენი პარტნიორი რადიო ”ჰერეთის“ კორესპონდენტი გიორგი ალადაშვილი მას დაუკავშირდა, თუმცა კომენტარის მოპოვება ვერ შეძლო:

”აქციას პოლიციის შენობიდან არავინ გამოხმაურებია, პოლიციის შენობიდან აქციის მონაწილეებმა მსვლელობით ჯერ მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გადაინაცვლეს, შემდეგ კი საკრებულოსთან. ჩვენ შევეცადეთ, რომ პოლიციის უფროსს გოგიტა ბუთლიაშვილს დავკავშირებოდით, დავუკავშირდით კიდეც, თუმცა მან კომენტარი არ გააკეთა. მიზეზად განაცხადა, რომ სტუმრები ჰყავს და ახლა საუბარი არ შეუძლია.”

გიორგი ალადაშვილი აღნიშნავს, რომ აქციის ორგანიზატორები, კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები, არ გამორიცხავენ, რომ საპროტესტო გამოსვლებმა მასშტაბური სახე შეიძინოს.
მთელი საქართველო აღშფოთებულია ასეთი მოქმედებით. ეს არის ბარბაროსობა. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ეს თუ ეპატია ახლა ამ ხალხს, მერე არ ვიცი, რა იქნება...
საპროტესტო აქციის მონაწილე

ფოთში ”ქართულმა ოცნებამ” საპროტესტო მსვლელობა გამართა. მსვლელობაში, კოალიციის მხარდამჭერების გარდა, რიგითი ფოთელებიც მონაწილეობდნენ. ჩვენი კორესპონდენტი თეა აბსარიძე აღნიშნავს, რომ მათმა რიცხვმა რამდენიმე ასეულს გადააჭარბა. პარალიზებული იყო სატრანსპორტო მოძრაობა აღმაშენებლის გამზირზე. აქცია ქალაქის პოლიციასთან დასრულდა:

”მთელი საქართველო აღშფოთებულია ასეთი მოქმედებით. ეს არის ბარბაროსობა. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ეს თუ ეპატია ახლა ამ ხალხს, მერე არ ვიცი, რა იქნება.”

”ქართული ოცნების” შემდეგ პატიმართა წამების საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლა ”ქრისტიან-დემოკრატებმა” მოაწყვეს.

საქართველოს დიდი ქალაქების გარდა, დღეს საქართველოში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებიც აპროტესტებდნენ. მაგალითად, გერმანიაში, კერძოდ, ქალაქ ბერლინში, საქართველოს საელჩოს წინ რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა. აქცია შვილის სიკვდილის გარემოებების ობიექტურად გამოძიების მოთხოვნით ზუგდიდიდან თბილისში ფეხით ჩასული ქეთო გადელიას მხარდაჭერის მიზნით იყო დაგეგმილი, თუმცა 18 სექტემბერს, მედიაში გავრცელებული მასალების კვალდაკვალ, პატიმართა უფლებების დაცვის მოთხოვნით გაგრძელდა.