ტუტს თილემანსი. ნაწილი I

ტუტს თილემანსი სცენაზე. 1961 წელი

მუსიკალური თემა, რომელსაც ახლა ვისმენთ, ალბათ, ბევრს ეცნობა. დიახ, ეს "ბლუზეტია", ბელგიელი არტისტის, ტუტს თილემანსის, ულამაზესი ჯაზური ვალსი.

Your browser doesn’t support HTML5

ტუტს თილემანსი. ნაწილი I

ნაწარმოების მოტივმა აკვიატება იცის ხოლმე, უნებურად აგიყოლიებს და უდარდელად ღიღინს გაიძულებს. თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა, "ბლუზეტი" მელომანებში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს. სხვაგვარად ისმინება, უფრო ნაღვლიანია, ვიდრე ოდესმე. საქმე ის გახლავთ, რომ 22 აგვისტოს მისი ავტორი 94 წლის ასაკში აღესრულა.

ცნობილ არტისტებს ხშირად "ლეგენდარულ ჯაზურ მუსიკოსად" მოიხსენიებენ და არცთუ იშვიათად შეფასებები გადაჭარბებულია, ტუტს თილემანსის შემთხვევაში კი სრულიად დამსახურებული და ადეკვატური დახასიათებაა. სცენაზე ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როცა ბიბოპი იბადებოდა და მომდევნო 60 წლის განმავლობაში, ჯაზის მრავალ მიმდინარეობაში დატოვა მნიშვნელოვანი კვალი. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არტისტი აქტუალობას სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა. მასზე ვერავინ იტყოდა, რომ სამუზეუმო ექსპონატად იქცა, რადგან ყოველთვის ნოვატორული და მოულოდნელობებით სავსე გახლდათ. ტუტს თილემასის "ლეგენდარულობას" ისიც ადასტურებს, რომ ბელგიელი პირველი და ერთადერთი არტისტი იყო, რომელმაც ჯაზში ჟანრისთვის სრულიად უცხო და უჩვეულო ინსტრუმენტი, ტუჩის გარმონი, დაამკვიდრა.

ჟან-ბატისტ ფრედერიკ ისიდორ თილემანსი 1922 წლის 29 აპრილს ბრიუსელში დაიბადა. სიყმაწვილეში მათემატიკის მასწავლებლობას აპირებდა და მუსიკოსობაზე არც კი უფიქრია. სწავლისგან თავისუფალ დროს ამერიკელი ტუჩის გარმონზე დამკვრელის, ლერი ადლერის, ჩანაწერებს უსმენდა და პედაგოგების დაუხმარებლად ეუფლებოდა ინსტრუმენტს. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე თილემანსების ოჯახი ნაცისტებს გაექცა და რაღაც ხანს საფრანგეთს შეაფარა თავი. სწორედ აქ გაიგო ჯაზის გემო - რადიო "ბი-ბი-სის" ეთერში ამერიკულ ბიგ-ბენდების - ლუი არმსტრონგის, სტეფან გრაპპელისა და ჯანგო რეინჰარდტის - ჩანაწერებს უსმენდა. ბოშა გიტარისტის შემოქმედებით მოხიბლულმა, მათემატიკას ზურგი აქცია, გიტარა მოიმარჯვა და პარიზულ კაფეებში პოპულარული მელოდიების შესრულება დაიწყო. კოლეგებმა სასცენო სახელიც შეურჩიეს - "ტუტსი" (როგორც ამბობენ, იმხანად მეტად პოპულარული საქსოფონისტის, ტუტს მანდელოს, პატივისცემის ნიშნად).

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული ტუტს თილემანსი ბრიუსელის კლუბების სცენაზე გამოჩნდა - ედიტ პიაფს, შარლ ტრემეს და სტეფან გრაპპელის უწევდა ხოლმე აკომპანიატორობას, თუმცა თვალი მაინც ამერიკისკენ ეჭირა, სადაც ჯაზის რევოლუციური მიმდინარეობა, ბიბოპი, იკრეფდა ძალას. ბელგიელმაც გადაწყვიტა ტუჩის გარმონი ბიბოპის ურთულეს ჰარმონიულ ენაზე აემეტყველებინა და 1947 წელს შტატებში გაემგზავრა. მისი საშემსრულებლო ოსტატობით ლენი ტრისტანო და ჰოვარდ მაკგი მოიხიბლნენ. ამ ბატონების რეკომენდაციით, თილემანსი ჯერ ბენი გუდმენის ბენდში მოხვდა, ხოლო 2 წლის თავზე პარიზის ჯაზფესტივალში მიიღო მონაწილეობა, სადაც, როგორც გიტარისტმა, ჩარლი პარკერთან, მაილს დევისთან, კენი დორემთან, მაქს როუჩსა და სხვა ბოპერებთან ერთად დაუკრა.

1952 წლიდან ტუტს თილემანსი პიანისტ ჯორჯ შირინგის ანსაბლში აიყვანეს. კვინტეტის ფარგლებში ბიბოპის ტუჩის გარმონზე შესრულებისა და იმპროვიზაციის დიდი ოსტატობა გამოამჟღავნა, ერთ მშვენიერ დღეს კი მსმენელს მხატვრული სტვენის ვირტუოზად მოევლინა. დიახ, როცა გიტარის პარტიას ასრულებდა, საკრავზე აღებულ ნოტებს სტვენით იმეორებდა ხოლმე. 1961 წელს სწორედ სტვენა-სტვენით ჩაწერა თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, "ბლუზეტი", რომელსაც თავად "საპენსიო ფონდს" ეძახდა. მისი აზრით, თხზულება იმდენად პოპულარული გახდებოდა, რომ მას სიცოცხლის ბოლომდე ფინანსურად უზრუნველყოფდა. ასეც მოხდა. ხსენებული ჯაზური ვალსი მრავალმა არტისტმა თუ ჯგუფმა საკუთარ რეპერტუარში შეიტანა და დღესაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტანდარტია.