გამომცემლობა „რადარამმა“ ქართულად თარგმნა და გამოსცა ტომ ვანდერბილთის წიგნი "საგზაო მოძრაობა: რატომ ვატარებთ მანქანას ისე, როგორც ვატარებთ (და რას ამბობს ეს ჩვენს შესახებ)“, რომელშიც ავტორი არაერთი მეცნიერული კვლევისა და დაკვირვების საფუძველზე აჩვენებს საინტერესო კავშირს მანქანის ტარების მანერასა და მძღოლის ფსიქოტიპს შორის. „მაჩვენე, როგორ ატარებ მანქანას და გეტყვი, როგორიც ხარ ცხოვრებაში“ - დაახლოებით ასე ჟღერს ამ წიგნის მოკლე შინაარსი, რომლის გაცნობა დიდ სარგებელს მოუტანს როგორც ქართველ მძღოლებს, ასევე ქვეითად მოსიარულეებს.
„გზა უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ, წესებისა და კონსტრუქციების სისტემა. ესაა ადგილი, სადაც მილიონობით ადამიანი, რომელსაც ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს, ყოველდღიურად ჩაგდებულია ერთგვარ უზარმაზარ პეტრის თეფშზე, სადაც უცხო, ძნელად ჩასაწვდომი დინამიკის ყველა სახე მოქმედებს“, ვკითხულობთ წიგნის შესავალში, რომლის ავტორის, ტომ ვანდერბილთის, თქმით,არ არსებობს სხვა ისეთი ადგილი, სადაც ამდენი ადამიანი - სხვადასხვა სოციალური ფენის, ასაკის, კლასის, რელიგიის, სქესის, პოლიტიკური შეხედულებების, ცხოვრების ნირისა და ფსიქოლოგიური მდგრადობის დონის - ასე თავისუფლად ერწყმის ერთმანეთს.
ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტი და ფონდ "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელი გელა კვაშილავა ამბობს, რომ ქართულ ენაზე, ფაქტობრივად, არ არსებობს ლიტერატურა, რომელიც საგზაო უსაფრთხოების მრავალშრიან პრობლემას საფუძვლიანად აღწერდა, ტომ ვანდერბილთის წიგნი კი მნიშვნელოვანი წინ გადაგმული ნაბიჯია ამ სიცარიელის შესავსებად:
„ეს წიგნი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაა განხილული, თუ როგორია მოძრაობის კულტურა, რომ საგზაო მოძრაობა დაკავშირებულია დიდ რისკებთან, რადგანაც გარემოა ისეთი, სადაც სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტი მოძრაობს სხვადასხვა სიჩქარით... აქ მოძრაობს ქვეითიც, მსუბუქი ავტომობილიც, ტვირთების გადამტანი დიდი მანქანაც... ყველაფერ ამას ახლავს ფსიქოლოგიური სტრესი. წიგნის მთავარი არსი არის ის, რომ, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, გზაზე უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად, ყურადღებით. იმავე საცობში რომ ვართ, არ უნდა ავყვეთ ნერვებს და ვატაროთ ფრთხილად“.
საგზაო უსაფრთხოების საკითხი და გზებზე ქცევის კულტურა რომ საქართველოსთვის საჭირბოროტო პრობლემაა, ოფიციალური სტატისტიკიდანაც ჩანს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2014 წლის განმავლობაში ავტოკატასტროფებმა 514 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 8 ათას ხუთასმა კი სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო. გამომცემლობა „რადარამის“ აღმასრულებელი დირექტორის მარიამ ადუაშვილის თქმით, საგზაო მოძრაობაში ჩართული სუბიექტების აგრესიულობა თბილისში ჩატარებულმა სახელდახელო გამოკითხვამაც აჩვენა.
„საქართველოში არიან საკმაოდ აგრესიულები, ყველას უნდა თავისი გაიტანოს... ეგოისტურად ატარებენ მანქანას, ანუ არ იცავენ უსაფრთხოების ზომებს, არღვევენ წესებს, რადგანაც მიაჩნიათ, რომ ამით უკეთესს ხდიან მოძრაობას და ასე უფრო მარტივია სინამდვილეში. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის საქართველოზე დაწერილი, აშკარაა, რომ ადამიანები ჩვენთანაც იყოფიან ორ ნაწილად. ის, ვინც თვლის, რომ ყოველთვის უნდა დაიცვას წესი, კანონი, და მერე ის, ვინც თავისი რიგიდან გადადის მეორე ზოლში, უსწრებს სხვას და მიიჩნევს, რომ ასე უფრო აუმჯობესებს მოძრაობას. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დაფიქრდებით, რამდენად კარგი მძღოლი ხართ. ადამიანების უმრავლესობას თავი ძალიან კარგი მძღოლი ჰგონია“, უთხრა თამარ ადუაშვილმა რადიო თავისუფლებას.
და, მართლაც, არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ თითქმის ყველა მძღოლს თავი „საგზაო მოძრაობის ექსპერტი“ ჰგონია, თუმცა მათი წარმოდგენები ძალიან ხშირად დამახინჯებულია. როგორც ტომ ვანდერბილთი ამბობს, სწორედ უსაფრთხოების მცდარი განცდა იქცევა მთავარ სისუსტედ. ამასთან, ავარიების უმეტესობა არ უკავშირდება არც გაუმართავ ავტომობილს და არც საგზაო ნიშნების არსებობას თუ არარსებობას, მათი ძირითადი მიზეზი ადამიანური ფაქტორია: „უპირატესობის შეგრძნების სიტკბო“.
ჩვენს ქცევებს გადაადგილების საშუალებები განსაზღვრავს. ფსიქოლოგები დიდი ხანია მძღოლებში გადახრების მიზეზებს ეძებენ, ცდილობენ დაადგინონ, რა ტიპის ადამიანებისთვის შეიძლება იყოს დამახასიათებელი „საგზაო მრისხანება“...ტომ ვანდერბილთი
„გვეჩვენება რა, რომ ვაკონტროლებთ მოვლენებს, სიფხიზლეს ვადუნებთ და ნელ-ნელა ვკარგავთ საფრთხის შეგრძნების უნარს. როდესაც რისკიანად ვატარებთ მანქანას და არაფერი მოგვდის, ვთვლით, რომ კარგი მძღოლები ვართ, სინამდვილეში, უბრალოდ, გვიმართლებს“, ვკითხულობთ ტომ ვანდერბილთის წიგნში, რომელსაც ყურადღებით გაეცნო ნინო გიორგაძე - სოციალური მუშაკი, ავტომობილის მართვის ხუთწლიანი გამოცდილებით:
„პირადად მე საკუთარი თავი აღმოვაჩინე და ის ხარვეზები, რაც მაქვს ტარების პერიოდში, ამ წიგნმა დამანახვა უფრო თვალნათლივ და უკვე ვიცი, როგორ არ უნდა მოვიქცე ამა თუ იმ შემთხვევის დროს, რათა უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნო თავი. მიმაჩნია, რომ ქართველი მძღოლები განსაკუთრებული ყურადღებით უნდა გაეცნონ ამ წიგნს. ე. წ. კარგი მძღოლი მაშინ ტყუვდება, როცა ფიქრობს, რომ სხვა მასზე ცუდად ატარებს. ზუსტად ხუთი წუთის შემდეგ ის ზუსტად იგივე შეცდომებს იმეორებს. კარგი მძღოლი არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ კარგად ატარებ მანქანას. კარგი მძღოლია ის, ვინც იცავს წესებს, აკონტროლებს სიტუაციას თავის გარშემო და მაქსიმალურად უწყობს ხელს უსაფრთხო გარემოს შექმნას“.
ნინო გიორგაძის თქმით, უსაფრთხო გარემოს შექმნაზე თითქმის არავინ ფიქრობს, რაც კარგად ჩანს ხერგილში ყოფნის დროს, როცა ყველას იმდენად ეჩქარება, რომ წესების დაცვით აღარავინ იწუხებს თავს:
„მე მიმაჩნია, რომ ამ ქაოსს დაარეგულირებს სისტემა, რომელიც ითვალისწინებს დაჯარიმებას, მძღოლების დასჯას. ძალიან კარგია, რომ ღვედის სავალდებულო შეკვრით დავიწყეთ და ამ მიმართულებით საქმე გამოსწორდა. მე ვფიქრობ, რომ სწორი კანონების შემოტანა ამ სიტუაციას დაარეგულირებს. ამასთან, ჯარიმა უნდა იყოს როგორც მძღოლისთვის, ასევე ქვეითისთვის, რადგანაც ეს ორი ინსტიტუტი ერთმანეთთან თანხვედრაშია და ისინი ქმნიან მერე გზებზე სწორ მოძრაობას“.
ნინო გიორგაძის თქმით, აშკარად თვალშისაცემია უპატივცემულობა და აგრესია, რომელსაც როგორც მძღოლები, ასევე ქვეითად მოსიარულეები და მძღოლები იჩენენ ერთმანეთის მიმართ, თუმცა, როგორც ტომ ვანდერბილთი - ავტორი წიგნისა "საგზაო მოძრაობა: რატომ ვატარებთ მანქანას ისე, როგორც ვატარებთ“ - გვეუბნება, ამის მიზეზი მხოლოდ დაბალი სამართლებრივი კულტურა როდია. მშვიდ ადამიანსაც კი, როცა საჭეს მიუჯდება, რაღაც უცნაური ემართება - „პიროვნება მთლიანად იცვლება“:
„ჩვენს ქცევებს გადაადგილების საშუალებები განსაზღვრავს. ფსიქოლოგები დიდი ხანია მძღოლებში გადახრების მიზეზებს ეძებენ, ცდილობენ დაადგინონ, რა ტიპის ადამიანებისთვის შეიძლება იყოს დამახასიათებელი „საგზაო მრისხანება“. ირკვევა, რომ ადამიანი მანქანას ისე მართავს, როგორც ცხოვრობს. ამასთან, საგზაო მოძრაობისას ურთიერთობა სავსეა „ასიმეტრიულობით“. მაგალითად, როგორც კალიფორნიის უნივერსისტეტის სოციოლოგი ჯეკ კაცი ამბობს, მართვისას შეიძლება ბევრი რამ დაინახოთ, მაგრამ თქვენი არავის ესმის. არსებითად თქვენ მუნჯი ხდებით. ასევე: თქვენ სხვა მძღოლების შეცდომებს ადვილად ხედავთ, თქვენს არასწორ მოქმედებას კი - გაცილებთი იშვიათად“.
ზღვაში ცურვის დროს უიშვიათეს შემთხვევაში იხრჩობიან ისინი, ვინც ცურვა არ იცის. როგორც წესი, იხრჩობა ის, ვისაც ჰგონია, რომ კარგად ცურავს. ასეთივე პარალელის გავლება შეიძლება მძღოლებთანაც...ლიკა მეგრელაძე
სწორედ იმის გამო, რომ თავიანთ არასწორ მოქმედებას ვერ ამჩნევენ, მძღოლების უმეტესობას მცდარი წარმოდგენა აქვს თავის შესაძლებლობებზე, რაც ხშირად ხდება საბედისწერო შეცდომის მიზეზი. ქვეითად მოსიარულე ლიკა მეგრელაძის თქმით, ზედმეტად თავდაჯერებული მძღოლი ძალიან ჰგავს ასეთსავე მოცურავეს.
„ზღვაში ცურვის დროს უიშვიათეს შემთხვევაში იხრჩობიან ისინი, ვინც ცურვა არ იცის. როგორც წესი, იხრჩობა ის, ვისაც ჰგონია, რომ კარგად ცურავს. ასეთივე პარალელის გავლება შეიძლება მძღოლებთანაც. უმრავლეს შემთხვევაში ავტოავარია და მასთან დაკავშირებული ფატალური შემთხვევა მოსდის იმას, ვისაც ჰგონია, რომ უკვე იცის კარგად მანქანის ტარება და, შესაბამისად, თავს აძლევს დარღვევების უფლებას“, უთხრა ლიკა მეგრელაძემ რადიო თავისუფლებას.
თუმცა, როგორც ტომ ვანდერბილთის წიგნიდან ირკვევა, თავდაჯერებასთან ერთად შეცდომებს განაპირობებს როგორც მძღოლის ფსიქოლოგიური ტიპი, ასევე სპეციფიკური გარემო, რომელშიც იმყოფება საგზაო მოძრაობაში ჩართული მძღოლი. „მითხარი, როგორ ატარებ მანქანას და გეტყვი, როგორი ადამიანი ხარ“, ვკითხულობთ წიგნში, რომლიდანაც უამრავ რამეს გავიგებთ საკუთარ თავსა და მათზე, ვინც საგზაო საცობებში ყოფნისას თავისი უწესო ქცევით გვაღიზიანებს. ვანდერბილთის აზრით, საკმარისია დავაკვირდეთ ადამიანს მანქანის ტარების პროცესში, რომ გავიგოთ, როგორაა მოწყობილი მისი ტვინი, როგორ ურთიერთობას ამყარებს ის, ზოგადად, გარესამყაროსთან. საგზაო მოძრაობა გაცილებით მეტია, ვიდრე თქვენ გგონიათ, ის ძალიან ნათლად წარმოაჩენს ადამიანურ ბუნებას. გარდა ამისა, ამ წიგნიდან შეიტყობთ, რომ ავარიების უმეტესობა მზიან, ანუ კარგ ამინდში ხდება. ვტყუვდებით, როცა გვგონია,რომ გვერდითა ზოლში უფრო სწრაფად მიდიან მანქანები, კორუმპირებულ ქვეყნებში კი მანქანებსაც სხვაგვარად ატარებენ.
თურმე მკვეთრად იზრდება რისკფაქტორები, როცა ახალი მანქანა გყავს, ხოლო მეტი საფრთხე გვემუქრება, როცა ნაცნობ გზებზე ვმგზავრობთ. ტომ ვანდერბილთის თქმით, მძღოლები თავიანთი სატრანსპორტო საშუალების მოდელთან ასოცირდებიან: იდენტობა საკუთარ მანქანაზე გადააქვთ. „ჩვენი სატრანსპორტო საშუალებები ჩვენი პიროვნების გაგრძელება ხდება“, ამბობს წიგნის ავტორი და კიდევ ერთი კანონზომიერების შესახებ წერს:
„გადაწყვეტილების მიღებისთვის მთავარი ფაქტორი ავტომობილის სტატუსი იყო. „დამბლოკავი“ მანქანის მაღალი სტატუსის შემთხვევაში, მის უკან მდგომი მანქანების მძღოლები უფრო იშვიათად ასიგნალებდნენ, ვიდრე მაშინ, როცა მათ წინ იაფფასიანი ან ძველი მანქანა არ იძვროდა. კიდევ: როცა დამბლოკავი მანქანის მძღოლი ქალი იყო, სხვა მძღოლები, მათ შორის, ქალი მძღოლებიც, უფრო აქტიურად ასიგნალებდნენ. ასევე იქცეოდნენ, როცა დამბლოკავ მანქანას მიკრული ჰქონდა სტიკერი „ახალბედა მძღოლი“. ასევე ხდება, როცა დამბლოკავ მანქანას სხვა ქვეყნის ნომერი აქვს“.
მძღოლების დიდი ნაწილი საჭესთან უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე მაგიდასთან, ოჯახის წევრებთან ან შვებულებაში. შესაბამისად, როგორც „რადარამის“ მიერ ქართულად თარგმნილ ტომ ვანდერბილთის წიგნში ("საგზაო მოძრაობა: რატომ ვატარებთ მანქანას ისე, როგორც ვატარებთ“) ვკითხულობთ, ღირს ვიფიქროთ, რათა უკეთ გავერკვეთ, რა ხდება ჩვენს თავს, ყველა ხომ ერთსა და იმავე გზაზე ვმოძრაობთ, მაგრამ თითოეული - თავისებურად. ვინც „რადარამის“ დახმარებით ტომ ვანდერბილთს დაემგზავრება, იმას უკეთ ეცოდინება, როგორ იმგზავროს უსაფრთხოდ, იმგზავროს ისე, რომ თავიდან აიცილოს როგორც საგზაო შემთხვევები, ასევე კონფლიქტი სხვა „მრისხანე“ მძღოლებთან.