თოჯინების თეატრის ახალი შენობა და გადაუჭრელი პრობლემები

ახალციხე

ახალციხის თოჯინების თეატრში შესრულებული სარემონტო სამუშაოები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ უკვე შეისწავლა. თეატრის ადმინისტრაციამ რეაბილიტირებული შენობა სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე უნდა ჩაიბაროს. შპს "გლობალ ჰაუსს" სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მიცემული ხუთთვიანი ვადა ამოეწურა. კომპანიამ უკვე დაასრულა ფასადის მოწყობა, გათბობის სისტემის მონტაჟი და სამღებრო სამუშაოები. შენობის რეაბილიტაციისთვის კულტურის სამინისტრომ 300 000 ლარი გამოყო, აცხადებს ,,გლობალ ჰაუსის“ დირექტორი მურადი გოგოლაძე.

Your browser doesn’t support HTML5

თოჯინების თეატრის ახალი შენობა და გადაუჭრელი პრობლემები

სცენის, გახმოვანების სისტემისა და განათების მონტაჟისთვის სამხატვრო სკოლამ ტენდერი 29 მაისს 95 000 ლარზე გამოაცხადა. ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ მოწყობას ორი თვე დასჭირდება. სცენის პარალელურად, დარბაზში 200-მდე სკამის მონტაჟი დაიწყება. ახალციხის თეატრს მეორად სავარძლებს თბილისის თოჯინების თეატრი გადასცემს, აცხადებს თოჯინების სახელმწიფო თეატრის დირექტორი რუსუდან სისაური.

თოჯინების თეატრმა შენობა, რომელიც 1994 წლიდან ეკავა, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2012 წელს დაცალა და ახალციხის ციხეში გადავიდა. პატარა სცენისა და დარბაზის გამო, თეატრში ახლა მხოლოდ 14 სპექტაკლია აქტიური. ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ გარემონტებულ შენობაში გადასვლის შემდეგ დანარჩენი სპექტაკლების აღდგენას შეძლებენ. დეკორაციის დიდი ნაწილი ამ დრომდე სამუსიკო სკოლის სამ ოთახშია დასაწყობებული. რუსუდან სისაურის განმარტებით, სათავსოების საკითხი გადაუჭრელი რჩება გარემონტებულ შენობაში გადასვლის შემდეგაც.

თოჯინების თეატრი ახალციხეში 1981 წელს დაარსდა. მას შემდეგ პატარა მაყურებლისთვის ყოველწლიურად რამდენიმე სპექტაკლი იდგმება. ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ახალ სეზონს გარემონტებულ შენობაში პრემიერით გახსნიან. დასი სექტემბრისთვის ამზადებს სპექტაკლს "იავნანამ რა ჰქმნა".