„მარილი ჩრდილოეთიდან, ოქრო - სამხრეთიდან, ღვთის სიტყვა და სიბრძნე კი ტიმბუქტუდან მოდის“

რა ფასდაუდებელ სიმდიდრეს ინახავს საჰარის უდაბნოს სამხრეთში ქალაქ ტიმბუქტუს ბიბლიოთეკა, ჩანს მუსლიმანური ანდაზიდან, რომ „მარილი ჩრდილოეთიდან მოდის, ოქრო სამხრეთიდან, ხოლო ღვთის სიტყვა და სიბრძნე -ტიმბუქტუდან“. ვრცელდებოდა ცნობები, რომლებიც არ დასტურდება, რომ ისლამისტმა მეამბოხეებმა უკან დახევისას, როცა მალისა და საფრანგეთის არმიების ზეწოლას გაურბოდნენ, გადაწვეს ქალაქის აჰმედ ბაბას ინსტიტუტის საცავი. ეს რომ ასე მომხდარიყო, ზარალი მსოფლიო კულტურისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა.

თავიდანვე გეტყვით, რომ, სულ მცირე, ერთი ნაწილი 25 ათასი ძვირფასი ხელნაწერებისა, გადარჩა და სამშვიდობოს გაიტანეს. ეს უთხრა 31 იანვარს კეიპტაუნის უნივერსიტეტის ტიმბუქტუს კვლევის პროექტის ხელმძღვანელმა, შამილ იერიმ, გერმანიის საინფორმაციო სააგენტოს, „დე-პე-ას“. თუმცა მანვე იქვე დაადასტურა, რომ ისლამისტებმა აჰმედ ბაბას ცენტრში ოკუპაციის დროს ბევრი რამ დააზიანეს, ბევრი ხელნაწერი კერძო პირების მიერაც იქნა გატაცებული. იმის გამო, რომ ეს საგანძური ჯერ კიდევ აღწერის, კატალოგიზაციის სტადიაშია, ძნელი სათქმელია, რა გადარჩა და რა არა.

ტიმბუქტუ ისლამისტური მეცნიერების ცენტრი იყო და არის. ქალაქში უკვე მე-15 საუკუნეში არსებობდა რამდენიმე მეჩეთი, ასევე მედრესეები - რელიგიური სკოლები. სანქორეს მეჩეთთან არსებულ ერთ-ერთ უდიდეს საღვთო სკოლაში ასწავლიდა აჰმედ ბაბა ალ მასუფი, რომელსაც ჟიულ ვერნი ახსენებს თავის ერთ წიგნში. სწორედ ამ ქალაქში ინახება ის ასი ათასი ხელნაწერი, რომელთა განადგურებაზეცაა ლაპარაკი. ტიმბუქტუ თვითგამოცხადებული სახელმწიფოს, აზავადის, ტუარეგების მიერ შექმნილი ერთეულის დედაქალაქია. სწორედ ამ ერთეულიდან შეიარაღებული ისლამისტების განდევნისას, როცა მალის არმიამ, მის დასახმარებლად გაეროს მანდატით გადასროლილ საფრანგეთის სამხედრო შენაერთებთან ერთად, ტიმბუქტუს ალყა შემოარტყა, გავრცელდა ცნობა, რომ ამბოხებულებმა ბიბლიოთეკა დაარბიეს და გადაწვეს. იმასაც იტყობინებოდნენ, რომ არმია ცდილობდა ქალაქის სწორედ ამ ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის გამო ბრძოლისთვის თავი აერიდებინა. სამხრეთ აფრიკის კეიპტაუნის უნივერსიტეტში მუშაობს ტიმბუქტუს ხელნაწერების პროექტი, რომელშიც ჩართულია მაურო ნობილი:
აჰმედ ბაბას ინსტიტუტის საცავში ინახება - სულ მცირე, ინახებოდა - ოცი ათასი ძველი ხელნაწერი ...

„ეს ცნობები არ დადასტურდა. ტიმბუქტუდან მიღებული ბევრი ფოტო ვნახეთ, მაგრამ ვერ მოვახერხეთ იქ ჩვენს ხალხთან დაკავშირება. აჰმედ ბაბას ინსტიტუტის თანამშრომლები ბამაკოში არიან. მათ ველაპარაკეთ, მაგრამ ვერაფერი გვითხრეს ტიმბუქტუს ამბებზე. დავათვალიერეთ ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ ზოგიერთი დოკუმენტი გაანადგურეს, მაგრამ მათგან, ვინც ინსტიტუტში მუშაობდა, ვერავინ მოახერხა იქ შესვლა, რათა ეთქვა, რა დაზიანდა, როგორია ზარალი. „სკაინიუსმა“ აჩვენა კადრები, როგორ შედის ჟურნალისტი ვიღაცასთან ერთად შენობაში, მაგრამ ის პირი, უბრალოდ, ექსკურსიამძღოლი გამოდგა. ასე რომ, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციაა. გუშინ წავიკითხეთ, რომ ხელნაწერები დაწვეს. დღეს დილით კი ადგილობრივი მედია იუწყებოდა, ხელნაწერები ცენტრიდან გაიტანესო. ვითარება დამაბნეველია“, ამბობს ნობილი.

რატომ ატყდა ტიმბუქტუს შესახებ ასეთი ამბავი, გითხარით. იქაური საცავები უნიკალურ მასალს ინახავს. მაგრამ ეს -ზოგადად. რა სულიერ სიმდიდრეზეა ლაპარაკი, აფრიკელი მკვლევარი განმარტავს:

„თუ დადასტურდა ხელნაწერების განადგურება, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთ აფრიკის ისტორიის დიდი ნაწილი წაიშალა. აჰმედ ბაბას ინსტიტუტის საცავში ინახება - სულ მცირე, ინახებოდა - ოცი ათასი ძველი ხელნაწერი. ბოლო გამოკვლევების თანახმად, ეს ტიმბუქტუს რეგიონში არსებული ხელნაწერების მეხუთედს შეადგენს. თუ მათი განადგურება დადასტურდა, ცხადია, ეს იქნება კატასტროფა. მხოლოდ ერთი-ორი დოკუმენტის შექმნის თარიღი ვიცით. ბევრი ჯერ კიდევ შეუსწავლელია. ბევრის ანალიზი ტარდება. ქაღალდის და მელნის შესწავლა გვამცნობს პერიოდს, როცა ისინი დაიწერა. ზოგიერთი დოკუმენტი, როგორც ამტკიცებენ, მე-14-მე-15 საუკუნისა უნდა იყოს. ამბობენ, რომ ერთი-ორი მეცამეტე საკუნისაცაა. დათარიღებულ დოკუმენტებს შორის იშვიათია მე-17-მე-18 საუკუნეზე უფრო ძველი ხელნაწერები. აჰმედ ბაბას საცავებში შეხვდებით ყველა სახის მასალებს - ადგილობრივი ისტორიის, მსოფლიო ამბების, ისლამური ლიტერატურის შედევრებს, ასევე სამართლის ძეგლებს, სავაჭრო გარიგებებს, მბრძანებლებს შორის პირად მიმოწერას და ასე შემდეგ. ინსტიტუტში დაცულია ყველა სახის დოკუმენტები, როგორიც კი შეიძლება წარმოიდგინოთ“.

იმასაც იუწყებოდნენ, თითქოს მეამბოხებმა გაანადგურეს ყურანის ტექსტები. რას იტყვის ამაზე მაურო ნობილი?
არაერთი სუფისტური საფლავი განადგურდა ტიმბუქტუში. წმინდანთა არაერთი ადგილი განადგურდა მას მერე, რაც დაიწყო ამბოხება მალიში. მსგავსი სირთულეები შექმნეს რელიგიურმა ექსტრემისტებმა სომალიში ...

„სიმართლე გითხრათ, ეს დაუჯერებელია. შეიძლება იქ ყოფილიყო სუფისტური დოკუმენტები, რომლებმაც მიიქცია მეამბოხეთა ყურადღება. მაგრამ ძნელად დასაჯერებელია, რომ მათ დაეწვათ ყურანი ან სხვა რამე წერილობითი ძეგლი, რომელიც ინახებოდა აჰმედ ბაბას ინსტიტუტში. რამდენადაც მე ვიცი, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მეამბოხეებმა შეუტიეს ტიმბუქტუს. თვით მალელი ისლამისტების ერთ-ერთი ფრაქციის, ანსარ დინის ჯარმა, რომელმაც დაიკავა ტიმბუქტუ, გაავრცელა სურათები, სადაც ჩანდა, რომ ისინი ხელნაწერების დაცვას ესწრაფვოდნენ და სურდათ ეჩვენებინათ, რომ ხელნაწერების ბედი აწუხებთ. ეს ასე იყო, სულ მცირე, ერთი კვირის წინაც“.

ტიმბუქტუელები ყოველთვის იცავდნენ თავიანთ სიმდიდრეს, თუმცა არაყოველთვის - წარმატებით. გაგეგონებათ, რომ მათი მფლობელები ხშირად ინახავდნენ ფაქიზ ხელნაწერებს დაუცველ ხის ყუთებში ან სხვა შეუფერებელ გარემოში. თანამოსაუბრე ამბობს, რომ კერძო ხელში არსებული ხელნაწერები კვლავაც ამ მდგომარეობაშია, მაგრამ საგანგებოდ იმისათვის, რომ დაცული ყოფილიყო დოკუმენტების დიდი მასა, შეიქმნა მაჰმუდ ბაბას ინსტიტუტი, თავისი საცავით, რომელიც მალის მთავრობამ დააფუძნა იუნესკოსთან ერთად:
„დასავლეთ აფრიკის ლიტერატურულ მემკვიდრეობას ადრე ყურადღება არ ექცეოდა, რადგან ითვლებოდა, რომ აფრიკის კულტურა არ არის დამწერლობითი კულტურა, რომ ის უფრო ზეპირმეტყველების, ხმის კულტურაა. მაგრამ 1990-იანი წლებიდან ბევრი ფული იხარჯება, ბევრი პროექტი ამუშავდა, ბევრმა მეცნიერმა მიაქცია ყურადღება ტიმბუქტუს“.
დაბოლოს, სამხრეთაფრიკელ მეცნიერს ვთხოვეთ გაეზიარებინა ჩვენთვის მის ხელთ არსებული ცნობები სხვა კულტურულ ძეგლებზე, იმ საგანძურზე, რომელიც ხელყოფილ იქნა ისლამისტი მეამბოხეებისგან აფრიკის სხვა ქვეყნებში და იმავე მალიში.

„არაერთი სუფისტური საფლავი განადგურდა ტიმბუქტუში. წმინდანთა არაერთი ადგილი განადგურდა მას მერე, რაც დაიწყო ამბოხება მალიში. მსგავსი სირთულეები შექმნეს რელიგიურმა ექსტრემისტებმა სომალიში, ასევე ლიბიაში, პოლკოვნიკ კადაფის დამხობის შემდეგ. საფლავები განადგურდა ტუნისშიც. ჩანს, ყველგან შეხვდებით სალაფისტებზე ორიენტირებულ ფუნდამენტალისტებს“.

ნობილი გვიხსნის, ეს საფლავები მნიშვნელოვან მაჰმადიან წმინდანებს ეკუთვნით და მათთან ხშირად მიდიან მლოცველებიო. ეს პრობლემაა ფუნდამენტალისტებისთვის. მათი აზრით, წმინდანების თაყვანისცემით ხელი ეშლება ადამიანს თაყვანი სცეს ღმერთს.