ტიმ ჰაუზერი და „მანჰეტენ ტრანსფერი“

17 ოქტომბერს ამერიკული ვოკალური ჯაზკვარტეტის „მანჰეტენ ტრანსფერის“ მენეჯერმა ჯოან ჯეფენმა საზოგადოებას ჯგუფის დამაარსებლისა და ერთ-ერთი წევრის, ტიმ ჰაუზერის, გარდაცვალების შესახებ აცნობა. 73 წლის მუსიკოსს, რომელსაც ბოლო წლებში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, გულმა უმტყუნა.

ტიმ ჰაუზერი 1941 წლის 12 დეკემბერს ნიუ-იორკში დაიბადა. სასიმღერო ხელოვნებით ბავშვობაშივე დაინტერესდა და 15 წლის ასაკში საკუთარი ვოკალური კვინტეტი - „The Criterions“ - ჩამოაყალიბა, რომლის პროდიუსერიც თავად გახლდათ. ახალგაზრდებმა ორი სინგლის ჩაწერა მოახერხეს. "I Remain Truly Yours" და "Don't Say Goodbye“ 50-იან წლებში მეტად პოპულარული მიმდინარეობის, რიტმენბლუზის ვოკალური ნაირსახეობის, ე.წ. „Doo-Wop“-ის ყაიდაზე გახლდათ შესრულებული. დებიუტი იმდენად ეფექტური გამოდგა, რომ ცნობილმა რადიოწამყვანმა ალან ფრიდმა კვინტეტი საკუთარ შოუში მიიწვია და ამერიკელ მსმენელს გააცნო. მიუხედავად წარმატებული სტარტისა, „The Criterions“-ი მალევე დაიშალა, ხოლო ჰაუზერმა ამერიკის ერთ-ერთ უძველეს სასწავლო დაწესებულებაში - „ვილანოვას უნივერსიტეტში“ - ეკონომიკის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა, თუმცა მუსიკალურ ვნებები არ განელებია - უნივერსიტეტის მუსიკალურ გუნდში მღეროდა.

1964 წელს ტიმ ჰაუზერმა ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებში იმსახურა, შინ დაბრუნებულმა საკუთარი სპეციალობით, მარკეტინგის სფეროში განაგრძო მუშაობა. მიუხადავად ამისა, თავის გატანა მაინც უჭირდა და პარალელურად ტაქსის მძღოლობით ირჩენდა თავს. ჰოდა, ერთ-ერთ საღამოს სასიამოვნო გარეგნობის მგზავრს გამოელაპარაკა. გოგონა ლორელ მასე გახლდათ. იმხანად მიმტანად მუშაობდა და ჯაზურ სცენაზე ოცნებობდა. საუბარი ვოკალური ჯგუფის შექმნის იდეით დასრულდა, რაც მოკლე ხანში რეალობად იქცა. ჰაუზერმა ჯერ ჯენის სიგელი იპოვა, ხოლო მოგვიანებით ბროდვეის მომღერალი ალან პოლი დაიმატა და, როგორც იტყვიან, ხმებიც შეუხმატკბილეს, კვარტეტს კი „მანჰეტენ ტრანსფერი“ დაარქვეს, რომელმაც მალევე მიიქცია შოუ-ბიზნესის წარმომადგენელთა ყურადღება. ცნობილმა ხმის ჩამწერმა სტუდია „Atlantic Records“-მა კონტრაქტი გაუფორმა, ხოლო სადებიუტო ალბომი 1975 წლის 2 აპრილს გამოსცა. დისკი 12 კომპოზიციისგან შედგებოდა, რომელთა შორის „გრემის“ ღირსი ჯაზური სტანდარტები „Candy„ და „Gloria“ გამოდგა, ხოლო გოსპელის ტრადიციებში შესრულებული „Operator“ მუსიკალური ჟურნალ „ბილბორდის“ ცხელ ასეულში 22-ე პოზიციაზე აღმოჩნდა.

სადებიუტო ნამუშევრის წყალობით, „მანჰეტენ ტრანსფერმა“ დიდი პოპულარობა მოიპოვა როგორც ამერიკულ, ასევე ევროპულ სცენებზე. პერიოდულად იცვლებოდა კვარტეტის შემადგენლობაც, ისევე როგორც ის მუსიკალური ჟანრები, რომლებშიც არტისტები ტრიალებდნენ. 30-წლიანი არსებობის მანძილზე კვარტეტმა ერთმანეთისგან სტილისტიკურად განსხვავებული 20-მდე სტუდიური თუ საკონცერტო ალბომი გამოსცა, რომელთა უმეტესობა კრიტიკოსთა დიდ მოწონებასა და არაერთ პრესტიჟულ ჯილდოსა თუ პრემიას იმსახურებდა. ბოლო მათგანი - „The Chick Corea Songbook“ - 2009 წელს გამოვიდა, რომელიც ჩიკ კორეას თხზულებების ვოკალური ინტერპრეტაციების კრებულს წარმოადგენს.