რექს ტილერსონი მოსკოვში შეხვდა პუტინსა და ლავროვს

რექს ტილერსონი (მარცხნივ) და სერგეი ლავროვი

ოთხშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი მოსკოვში შეხვდა რუსეთის ლიდერებს. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისი ორსაათიანი შეხვედრა შედგა მზარდი დაძაბულობის ფონზე, რომლის საფუძველია რუსეთის მხარდაჭერა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისადმი.

შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობა გაუარესდა აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ. თავის მხრივ, ტრამპმაც თქვა, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობა ახლა, შესაძლოა, ყველაზე უარესი იყოს, ვიდრე როდისმე ყოფილა. ეს განცხადება ტრამპმა თეთრ სახლში გააკეთა რექს ტილერსონისა და მისი რუსი კოლეგის, სერგეი ლავროვის შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრა ტილერსონ-პუტინის შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე გაიმართა და რამდენიმე საათს გასტანა. მოლაპარაკების შემდეგ ლავროვმა აღნიშნა, რომ ტილერსონთან საუბარი „შინაარსიანი“ და „მეტად გულახდილი“ იყო და რომ აშშ-რუსეთის თანამშრომლობით მთელი მსოფლიო იხეირებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ ის და ტილერსონი შეთანხდნენ საგანგებო წარმომადგენელთა დანიშვნაზე, რომლებიც მათ დაეხმარებიან ორმხრივ ურთიერთობებში წარმოშობილ გაუგებრობათა აღმოფხვრაში.

ტილერსონის ვიზიტი ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლის პირველი სტუმრობა იყო რუსეთში.