თომას მელია თბილისში შეხვედრებს მართავს

თომას მელია

წინასაარჩევნოდ საქართველოში მაღალი რანგის ვიზიტები გრძელდება. 10 სექტემბერს თბილისს ეწვია ამერიკის უწყებათშორისი დელეგაცია, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თომას მელიას ხელმძღვანელობით. შემაჯამებელი პრესკონფერენცია თომას მელიამ ხელისუფლების და ოპოზიციის, ასევე არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდგომ, 12 სექტემბერს, დაგეგმა. მანამდე კი უწყებათშორისი დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობასა და შეხვედრების მთავარი თემების შესახებ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ.

აშშ-ის უწყებათშორისი დელეგაცია, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, თომას მელიას ხელმძღვანელობით, საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს შეაფასებს, - აცხადებენ აშშ-ის საელჩოში. მათივე ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, თავდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები შედიან. ასეთი მაღალი რანგის დელეგაციის საქართველოში სტუმრობა ”ხაზს უსვამს დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მნიშვნელობას, საარჩევნო პროცესისა, რომლის შედეგადაც ქართველმა ხალხმა თავისი ნების გამომხატველი პარლამენტი უნდა აირჩიოს”, - ვკითხულობთ საელჩოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

10 სექტემბერს თომას მელია ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების ლიდერებს შეხვდა და წინასაარჩევნოდ შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა, თუმცა თავად კომენტარის გაკეთება იმ დროისთვის გადადო, როდესაც შეხვედრები დასრულდება.

გიორგი თარგამაძე


”ასეთი წარმომადგენლობითი ვიზიტი, რა თქმა უნდა, დადებით გავლენას მოახდენს საარჩევნო კამპანიის უფრო სამართლიანად და კანონიერების ფარგლებში წარმართვაზე. ჩვენი ამოცანა იყო ყველა იმ გამოწვევაზე გვესაუბრა, რაც აქვს თანამედროვე ქართულ საარჩევნო კამპანიას, რას ველოდებით როგორც არჩევნების შედეგების, ისე არჩევნების შემდგომ უკვე პარლამენტში მუშაობის თვალსაზრისით”, - განაცხადა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ვიზიტის მნიშვნელობაზე ილაპარაკა კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმაც:
შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში ჩატარდეს მშვიდობიანი და დემოკრატიული არჩევნები. ასეთივეა მათი პოზიცია. ისინი აქ ჩამოვიდნენ არა ვინმეს მხარდასაჭერად, არამედ საქართველოს ხალხის საგულშემატკივროდ....
ბიძინა ივანიშვილი

”ასეთი დელეგაციის ჩამოსვლა საქართველოში კიდევ ერთხელ გამოხატავს და ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად დიდ ყურადღებას აქცევს აშშ-ის პრეზიდენტი და პირადად ქალბატონი ჰილარი კლინტონი, რომ მოხერხდეს და საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები. მათ იციან, თუ რა ვითარებაა საქათველოში და ჩვენ მხოლოდ დავეხმარეთ დამატებითი ფაქტებით. შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში ჩატარდეს მშვიდობიანი და დემოკრატიული არჩევნები. ასეთივეა მათი პოზიცია. ისინი აქ ჩამოვიდნენ არა ვინმეს მხარდასაჭერად, არამედ საქართველოს ხალხის საგულშემატკივროდ.”

ოპოზიციასთან გამართული შეხვედრების შემდგომ თომას მელია ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს შეხვდა. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი მინაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათი საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში გატარებული რეფორმები და, ზოგადად, მიმდინარე პროცესები იყო.
“დღევანდელი ძალიან კარგი ამბავი ის არის, რომ ”მაესტროს” სატელიტურ თეფშებს ყადაღა მოეხსნება, რასაც ჩვენ მივესალმებით და ახლა უკვე ”მასთ ქერის” გაგრძელებაზე გავაკეთებთ აქცენტს, ჩვენ ახლა ამ საკითხში მოვითხოვთ ამერიკული დელეგაციის მხარდაჭერას...”
თამარ ჩუგოშვილი

პოლიტიკური სპექტრის შემდგომ საარჩევნო გარემოს შესახებ შეფასებები თომას მელიამ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლე-ბისგანაც მოისმინა.

”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, თომას მელიას ხელმძღვანელობით დელეგაციას სხვა დროსაც არაერთხელ შეხვედრიან და მიუწოდებიათ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ, თუმცა, ჩუგოშვილის თქმით, ისინი ამჯერადაც შეეცდებიან აქცენტები დასვან იმ საკითხებზე, რომლებიც, მათი აზრით, მნიშვნელოვანია, - ამ ეტაპზე კი ასეთი წინასაარჩევნო მედიაგარემოსთან დაკავშირებული საკითხებია:

“დღევანდელი ძალიან კარგი ამბავი ის არის, რომ ”მაესტროს” სატელიტურ თეფშებს ყადაღა მოეხსნება, რასაც ჩვენ მივესალმებით და ახლა უკვე ”მასთ ქერის” გაგრძელებაზე გავაკეთებთ აქცენტს, ჩვენ ახლა ამ საკითხში მოვითხოვთ ამერიკული დელეგაციის მხარდაჭერას.”

როგორც გითხარით, 10 სექტემბერს გამართული შეხვედრების შემდეგ თავად თომას მელიას მედიისათვის კომენტარი არ გაუკეთებია - ვიზიტის შედეგებს ის 12 სექტემბერს დაგეგმილ სპეციალურ პრესკონფერენციაზე შეაჯამებს.