ტერეზა მეი ევროკავშირს: რუსეთის საფრთხე საზღვრებს არ ცნობს

ტერეზა მეი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ის აპირებს მიმართოს ევროკავშირის ლიდერებს და მათ გაერთიანებისკენ მოუწოდოს რუსეთიდან მომავალ საფრთხესთან გასამკლავებლად, რომელიც „საზღვრებს არ ცნობს“.

ტერეზა მეი ევროკავშირს: რუსეთის საფრთხე საზღვრებს არ ცნობს

  • ტერეზა მეი 22 მარტს ჩავიდა ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს ორდღიან სხდომაზე.
  • ბრიტანეთის პრემიერმა თქვა, რომ ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის, მოწამვლა „ნაწილია რუსეთის აგრესიისა ევროპის წინააღმდეგ“.
  • ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ტერეზა მეი ილაპარაკებს "სკრიპალის საქმეზე" და ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს დაგმონ რუსეთი.
  • ტერეზა მეის მოთხოვნას ერთობლივი განცხადების შემუშავებასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, წინააღმდეგობა შეხვდება გაერთიანების რამდენიმე წევრისგან, რომლებსაც მოსკოვთან შედარებით თბილი ურთიერთობა აქვთ.

ტერეზა მეი 22 მარტს ჩავიდა ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს ორდღიან სხდომაზე. ჩასვლისას ბრიტანეთის პრემიერმა თქვა, რომ ინგლისის ქალაქ სოლსბერიში ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის, მოწამვლა „ნაწილია რუსეთის აგრესიისა ევროპის წინააღმდეგ“.

ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ტერეზა მეი ილაპარაკებს "სკრიპალის საქმეზე" და ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს დაგმონ რუსეთი, რომელიც, ლონდონის შეფასებით, პასუხისმგებელია სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალისა, და მისი ქალიშვილის, იულიას, მოწამვლაზე. „რუსეთმა თავი წარმოაჩინა სტრატეგიულ მტრად და არა სტრატეგიულ პარტნიორად“, - განუცხადა „როიტერს“ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მაღალჩინოსანმა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირისგან არ მოითხოვს რუსეთისთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას.

ტერეზა მეის მოთხოვნას ერთობლივი განცხადების შემუშავებასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, წინააღმდეგობა შეხვდება გაერთიანების რამდენიმე წევრისგან, რომლებსაც მოსკოვთან შედარებით თბილი ურთიერთობა აქვთ. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს, მაღალჩინოსან ბრიტანელ პოლიტიკოსებზე დაყრდნობით.

ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაერთიანება „უმტკიცეს სოლიდარობას’ გამოხატავდა დიდ ბრიტანეთთან მიმართებით. მან თქვა, „ყველაზე ძლიერი პოლიტიკური გზავნილი, რაც ჩვენ შეგვიძლია გადავცეთ, არის ერთიანობა, ერთიანობა და ერთიანობაო“.ევროკავშირის 28 წევრს ერთობლივი განცხადების გავრცელება მხოლოდ ერთხმად შეუძლიათ და მეის დასჭირდება გადალახოს წინააღმდეგობა საბერძნეთისა და უნგრეთის, რომელთა ლიდერებმაც მანამდე თავი შეიკავეს „სკრიპალის საქმეში“ მოსკოვის სრულად დადანაშაულებისგან.

რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მარტის დასაწყისში მოწამლეს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით. ბრიტანელი ექსპერტების დასკვნით, გამოყენებული იყო რუსული წარმოების ნივთიერება „ნოვიჩოკი.“ სკრიპალის მკვლელობის მცდელობაში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთი დაადანაშაულა და ლონდონიდან გააძევა 23 რუსი დიპლომატი. ანალოგიურ ზომას მიმართა რუსეთმა, რომელიც უარყოფს სკრიპალის მოწამვლასთან კავშირს.