ოპოზიცია ზუგდიდის მერიას ტენდერების დახმარებით თანხების მითვისებაში ადანაშაულებს

ყინულის სახლი ზუგდიდში

ქალაქის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძე ზუგდიდის მერიას ყინულის სახლის რეკონსტრუქციისას თანხების მითვისებაში ადანაშაულებს. მან დღეს ყინულის სახლთან გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები შპს „გილანი 21-მა“ თავიდანვე ვიცე-მერ გია გულორდავას ლობირებით განახორციელა და ახლა ისევ, თანხების მითვისების მიზნით, იგივე კომპანია გეგმავს ყინულის სახლის რეკონსტრუქციას.

დეპუტატის თქმით, შპს ვიცე-მერის ნათესავებითა და მეგობრებით არის დაკომპლექტებული, რაც მას ეხმარება ბევრი ტენდერის გამარჯვებული გახდეს:

„ყინულის სახლი, საერთო ჯამში, დაჯდა 5 მილიონ ლარზე მეტი. შპს „გილანი 21-ს“, რომელიც ახორციელებდა სამშენებლო სამუშაოებს, დამატებით კიდევ გადაერიცხა 850 ათასი ლარი. საბოლოოდ ამ კომპანიის მიერ უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაოებმა გამოიწვია ის, რომ დღეს ყინულის სახლი არის ჩამონგრეული. ამ ყინულის სახლს სარგებლობა უნდა მოეტანა ახალგაზრდებისთვის და მოციგურავეებისთვის, მაგრამ ამით რეალურად იხეირა ვიცე-მერმა გია გულორდავამ, რომელიც უშუალოდ ლობირებს „გილანი 21-ს“.

დეპუტატის სიტყვებით, რეალურად უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო „გილანი 21-სთვის“ პასუხი არავის მოუთხოვია და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხები მის გამოსწორებას უნდა მოხმარდეს:

„კულტურის სამინისტრო არ იღებს თავის თავზე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და ის ისევ ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს და უნდა მოაკლდეს სხვა მნიშვნელოვან პროექტებს“.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის საპასუხოდ ვიცე-მერი აცხადებს, არ დავიღლები იმის განმეორებით, რომ წითლიძის ბრალდებები არის სისულელეო. გია გულორდავას სიტყვებით, ერთია რას ამბობს საკრებულოს წევრი და მეორეა ფაქტები და დოკუმენტაცია. მისი თქმით, ყინულის სახლის გუმბათი, რომელიც იანვარში ჩაინგრა უხვი ნალექის გამო, წინა ხელისუფლების დროს იყო აშენებული:

„ჩვენ გავაკეთეთ შიგნით ადმინისტრაციული სამსახური, ასევე გასახდელები, სველი წერტილები და სატრენაჟორო დარბაზი. კი ბატონო, ეს გააკეთა „გილანმა“ და ძალიან ხარისხიანადაც. დაიდო ექსპერტიზის დასკვნა და ჩავიბარეთ და არამარტო ჩვენ“.

ვიცე-მერის განცხადებით, დაზიანების შემდეგ სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა ზარალი, რაც, დაახლოებით, 155 ათას ლარს შეადგენს. რადგანაც შესაბამისი თანხა ბიუჯეტში არ მოიპოვებოდა და ეკონომიკის სამინისტრომ ვერ შეძლო მისი გადმორიცხვა, სხვადასხვა პროგრამებიდან ეკონომიის ხარჯზე იქნა ის მოძიებული:

„ეს თანხა მოძიებულია და ერთ კვირაში გამოცხადდება ტენდერი. თუ ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას, ვნახავთ“.

ზუგდიდის ყინულის სახლის სახურავი დიდთოვლობისას იანვარში დაზიანდა და ამ დრომდე არ ფუნქციონირებს. იანვრის ბოლოს მერმა, ირაკლი გოგოხიამ, განაცხადა, რომ მისი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლომდე დაიწყებოდა. ამჯერად კი მერიაში აცხადებენ, რომ ყინულის სახლის ამუშავება სექტემბერში იქნება შესაძლებელი.