გორში ტელეკომპანია „დია“ თანამშრომელთა დიდმა ნაწილმა დატოვა, მათ შორის, საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა, გადაცემების წამყვანებმა და ტექნიკურმა პერსონალმა. ამის მიზეზი ის სამუშაო ხელშეკრულებები გახდა, რომლებიც მათ ტელევიზიის ხელმძღვანელმა მაია ტატულაშვილმა ხელმოსაწერად გადასცა. უკვე ყოფილი თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ ეს ხელშეკრულებები მათ შრომის უფლებებს არღვევს. მათი თქმით, კონტრაქტის მიხედვით, ჟურნალისტს სამსახურის დატოვების შემთხვევაში 3 წლის განმავლობაში ეკრძალება სხვა მედიასაშუალებაში მუშაობის დაწყება. ხელშეკრულების მიხედვით, ჟურნალისტი უნდა დამორჩილდეს ხელმძღვანელის ნებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის კანონსაწინააღმდეგოა. საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნინო ჩიბჩიური აცხადებს, რომ ხელმძღვანელობას ჟურნალისტების უფლებებისა და მოვალეობების ნათლად განსაზღვრას სთხოვდნენ, რაზეც უარი მიიღეს.
„დიას“ ყოფილი თანამშრომლების ინფორმაციით, ტელევიზიის კომერციული დირექტორი დავით მელაძე საგანგებო თათბირს ნასვამ მდგომარეობაში ესწრებოდა, ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ამ გზით ცდილობდა ხელშეკრულებისთვის ხელის მოწერაზე მათ დათანხმებას. ჟურნალისტი მალხაზ მიქელაძე აცხადებს, რომ იყო ხელმძღვანელობის მხრიდან სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის შემთხვევებიც, როცა ახალი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გასხვისებული მიწის ფართობების შესახებ მომზადებული რეპორტაჟი ეთერში არ გააშვებინეს. მისი ინფორმაციით, ამ მიწების მიმართ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთა ინტერესები იკვეთებოდა.
ჟურნალისტების მიერ მოწყობილ საგანგებო ბრიფინგს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი მაია გრძელიშვილიც ესწრებოდა. ტელევიზიიდან წამოსულმა ჟურნალისტებმა კონსულტაციისთვის სწორედ საიას მიმართეს. მაია გრძელიშვილი ამბობს, რომ ხელშეკრულების ზოგიერთი მუხლი შრომის კანონთან შეუსაბამოა.
მოგვიანებით ტელეკომპანია „დიას“ დირექტორმა მაია ტატულაშვილმა რადიო თავისუფლებასთან ჟურნალისტების პრეტენზიების შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკებები ჯერ დასრულებული არ იყო და გაუგებარია, რას აპროტესტებენ ჟურნალისტები. ტატულაშვილის განცხადებით, არხის ხელმძღვანელობა თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებას ტრენინგ-სემინარებით აპირებდა და, შესაბამისად, ჟურნალისტებისგან ითხოვდა გარანტიას, რომ ამ ცოდნას არხის სასარგებლოდ გამოიყენებდნენ და კონკურენტ მედიასაშუალებებში არ გადავიდოდნენ სამუშაოდ. ტატულაშვილი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებაც, რომ მათ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენა ან ოჯახის წევრების პირად და ფინანსურ ინფორმაციას ითხოვდა.
ტელევიზიის ყოფილი თანამშრომლები კომერციული დირექტორის მიერ მიყენებული შეურაცხყოფისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდას და კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ უფლებებს სასამართლოში დაიცავენ.