„თელავი უნდა დარჩეს თვითმმართველ ქალაქად!“ - აქცია თელავში

აქცია თელავში

თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით აქცია გაიმართა. პარალელურად, გროვდება ელექტრონული ხელმოწერები. თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს ეწინააღმდეგება თელავის თემის გამგებელიც.

Your browser doesn’t support HTML5

„თელავი უნდა დარჩეს თვითმმართველ ქალაქად!“ - აქცია თელავში

თვითმმართველობის კოდექსში, ამოქმედებიდან სამი წლის შემდეგ, შესაძლოა, ცვლილება შევიდეს - თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან ისევ ხუთამდე უნდა შემცირდეს.კახეთში ერთადერთი თვითმმართველი ქალაქი თელავია. უკვე მესამე წელია, თელავს არჩეული მერი ჰყავს. პარალელურად, ცალკეა გამოყოფილი თელავის თემი და მუშაობს საკრებულო. თელავის თემის გამგებელს, ალექსანდრე შათირიშვილს, თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები არ მოსწონს. ამბობს, რომ მერებისა და გამგებლების ფუნქციები გამიჯნულია, მუშაობა კი კოორდინირებულად მიმდინარეობს. შათირიშვილი იმ სიკეთეებზეც ლაპარაკობს, რომელიც თელავს 2014 წელს თვითმმართველ ქალაქად გამოცხადებამ მოუტანა.

თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ თელავის მერს საკუთარი პოზიცია ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია. მანამდე კი, ვიდრე პლატონ კალმახელიძე ფიქრობს, 4 აპრილს თელავის მერიის შენობის წინარასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს მოთხოვნით - შეუნარჩუნდეს თელავს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი.

„შეუნარჩუნდეს 2014 წელს მინიჭებულ ქალაქებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი“ - ამ სათაურით პეტიციაზე ელექტრონული ხელმოწერები გროვდება. პეტიცია მოამზადა კახეთში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „მოქალაქე ევროპული განვითარებისთვის“. ორგანიზაციის ხელმღვანელს, გიორგი მოსიაშვილს, იმედი აქვს, რომადრესატები გაითვალისწინებენ მათ თხოვნას.

7 ქალაქისთვის 2014 წელს მინიჭებული სტატუსის შესაძლო ჩამორთმევას არ ეთანხმება120 საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაცია. ცოტა ხნის წინ მათ ხელისუფლებას საგანგებო განცხადებით მიმართავს. წერილის ავტორები მმართველ გუნდს 12-ვე ქალაქისთვის სტატუსისა და, შესაბამისად, მერისა და გამგებლის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნებას სთხოვენ.