თელავში ზარ-ზეიმით გახსნილ სტალინის ძეგლს დაშლიან

სტალინის ძეგლი თელავში

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დიდების მემორიალთან აღმართული სტალინის ძეგლის დემონტაჟზე ტენდერი გამოაცხადა. როგორც თელავის გამგებელმა გივი მეტრეველმა განაცხადა, მონუმენტი ორგანიზაცია "სტალინელმა" უკანონო ნებართვის საფუძველზე დადგა. მეტრეველის თქმით, სტალინის ძეგლის დემონტაჟისთვის თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1121 ლარი გამოყო. ტენდერი 2-დან 23 დეკემბრამდეა გამოცხადებული.

„სტალინის ძეგლს აქვს უკანონო ნაგებობის სტატუსი, ვინაიდან როდესაც საზოგადოება „სტალინელმა“ აღნიშნული ძეგლი დაამონტაჟა, მას არ გაუვლია ძეგლის განთავსებისათვის აუცილებელი, კანონით გათვალისწინებული პროცედურები. ამიტომ ჩვენ ეს ვცანით „უკანონო ნაგებობად“. ამის შემდეგ ზედამხედველობის სამსახურმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. საზოგადოება „სტალინელს“ ეცნობა, თავად მოეხდინათ ძეგლის დემონტაჟი, თუმცა მათ ეს ვერ შეძლეს. ყოველივე ამის შემდეგ თელავის მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, საკუთარი ძალებით, კანონის შესაბამისად, მოეხდინა მონუმენტის დემონტაჟი“.

ორგანიზაცია "სტალინელის" თავმჯდომარე შოთა ლაზარიაშვილი გაკვირვებულია თელავის გამგეობის გადაწყვეტილებით, მონუმენტის დემონტაჟი მოხდეს. ლაზარიაშვილს მიაჩნია, რომ „საქართველოში მხოლოდ ფაშისტური სიმბოლიკა უნდა იყოს აკრძალული, ხოლო კომუნისტური - ხელუხლებელი“:

მე ვფიქრობ, რომ გამოჩენილი ადამიანების ძეგლები და, მათ შორის, სტალინის ძეგლიც უნდა იდგეს. საჭიროა ახალგაზრდობამ მათ შესახებ ბევრი რამ გაიგოს...
„სოციალიზმისა და კომუნიზმის სიმბოლიკები უნდა იყოს გავრცელებული. სტალინის ბიუსტები უნდა დაიდგას ყველგან, რათა ახალგაზრდობამ გაიგოს, ვინ იყო სტალინი“.

ისევე როგორც ერთმანეთს არ ემთხვევა თელავის გამგეობისა და ორგანიზაცია „სტალინელის“ მოსაზრებები, განსხვავებული პოზიცია აქვთ რიგით ადამიანებსაც. ნაწილი თვლის, რომ ნებისმიერი ეპოქა და ლიდერი ისტორიის ნაწილია და მისი წაშლა დაუშვებელია, სხვები კი ფიქრობენ, რომ საბჭოთა ძეგლები თანამედროვე სამყაროში აღარ უნდა არსებობდეს:

„მე ვფიქრობ, რომ გამოჩენილი ადამიანების ძეგლები და, მათ შორის, სტალინის ძეგლიც უნდა იდგეს. საჭიროა ახალგაზრდობამ მათ შესახებ ბევრი რამ გაიგოს“.

თელავში არის დასაფლავებული მამამისი და იქ რომ სტალინის ძეგლი იდგეს, მე ვფიქრობ, რომ ამაში ცუდი არაფერი არ არის...
ვალერი ოღიაშვილი
„აუცილებლად უნდა იყოს ძეგლი მუზეუმში, რომ მოსწავლეებმა გაიგონ, თუ რა დანაშაული ჰქონდა სტალინს“.

„უნდა იდგეს იქ, სადაც დაიბადა. თუ ადამიანს განსაკუთრებული დამსახურება აქვს ერის წინაშე, მე ვთვლი, რომ მისი ძეგლი უნდა იდგეს“.

უნდა იყო თუ არა საბჭოთა სიმბოლიკა საქართველოში? ამ შეკითხვით ჩვენ ისტორიკოსს მივმართეთ. ვალერი ოღიაშვილი ფიქრობს, რომ სტალინის ძეგლების დემონტაჟი არ უნდა მოხდეს. ოღიაშვილი თვლის, რომ არც საბჭოთა ბელადის ახალი ძეგლების დადგმაა გამართლებული. რაც შეეხება თელავში განთავსებულ სტალინის მონუმენტს, ამ ფაქტს ოღიაშვილი ასე აფასებს:

„თელავში არის დასაფლავებული მამამისი და იქ რომ სტალინის ძეგლი იდგეს, მე ვფიქრობ, რომ ამაში ცუდი არაფერი არ არის. ჩემი აზრით, ქვეყანაში მიმდინარე ე.წ. აქციები, რომელიც მონუმენტზე საღებავის წასმით და სხვა შეურაცხმყოფელი მოპყრობით გამოიხატა, ეს არის მცირე ზომის ჯგუფების მიზანმიმართული ქმედებები. პირველ რიგში, ჩვენ ჩვენი ისტორიიდან და მეობიდან უნდა ვიხელმძღვანელოთ და სადაც ახლა დგას ძეგლები, არ უნდა განხორციელდეს მისი დემონტაჟი“.

თელავში სტალინის ძეგლი ორგანიზაცია "სტალინელმა" 1 სექტემბერს საზეიმო ვითარებაში გახსნა. სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს ძეგლის დემონტაჟი მოხდება. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ ძეგლის დადგმა უკანონოდ გაცემული ნებართვით მოხდა.