ჰუსეინდელფინი, ბეგლარი, ბეგი...

თბილისის ზოოპარკი იმ სახით, როგორიც თბილისელებს ახსოვთ, აღარ იარსებებს. ვერის ხეობის ნაცვლად ახალი, თანამედროვე ზოოლოგიური პარკი აშენდება თბილისის ზღვის მახლობლად. შესაბამისი პროექტის მაკეტი უკვე გამოაქვეყნა თბილისის მერიამ, თუმცა ვიდრე ახლის მშენებლობა არ დაწყებულა, წყალდიდობას გადარჩენილი ცხოველები კვლავ ძველ ზოოპარკში აგრძელებენ ცხოვრებას. აქვე, სპილოს ვოლიერს აფარებს თავს ჰიპოპოტამი ბეგიც, რომელმაც წყალდიდობის დროს გმირთა მოედნამდე გაცურა და დრამატიზმით სავსე დღეებში იმედისა და გადარჩენის სიმბოლოდ იქცა.

ბეგლარი, მოფერებით ბეგი, 16 წლის ჰიპოპოტამია, რომელიც წყალდიდობის შემდეგ დროებით სპილოების ღია ვოლიერს აფარებს თავს, თუმცა თბილისის ზოოპარკის დირექტორის მოადგილის დავით თაქთაქიშვილის თქმით, ბეგლარს სპილოების აუზზე მეტად რატომღაც ტალახის ორმო მოეწონა:

„ისე მოეწონა, რომ ფაქტიურად აღარ იყურება აუზისკენ. მთელი დღე ზის იქ და ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს. და რადგანაც აღმოვაჩინეთ, რომ ასეთი ტალახიანი გარემო მოსწონს, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ შევუწყოთ ხელი“.

13-14 ივნისის წყალდიდობის ღამეს ბეგი ღია ვოლიერში იმყოფებოდა და, როგორც ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე ამბობს, სწორედ ამის გამო გადაურჩა დახრჩობას:

„როდესაც წყლით დაიფარა აქურობა (წყლის სიმაღლე 15 მეტრს აღწევდა), ადგა და და, უბრალოდ, გამოცურა. წყალი ბეჰემოთის სტიქიაა. მან შეძლო თავისი ვოლიერიდან გმირთა მოედნამდე მიცურვა. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბისა და რაოდენობის წყალი იდგა. შემდეგ, წყალმა რომ დაიწია, დარჩა ხმელეთზე. ზაფხულში ცხოველებს ვაძლევთ არჩევანის საშუალებას, ანუ შეუძლიათ იყვნენ როგორც დახურულ, ასევე ღია ვოლიერში. შიგნით რომ ყოფილიყო, დაიღუპებოდა. ბეჰემოთი დიდხანს ძლებს წყალში, მაგრამ რამდენიმე საათი წყალში გაძლება არც ერთ ძუძუმწოვარს არ შეუძლია. საბედნიეროდ, შიგნით არ იყო და მან მოახერხა გაცურვა“.

ზურაბ გურიელიძე

ზურაბ გურიელიძემ, რომელიც თბილისის ზოოპარკს 2006 წლიდან ხელმძღვანელობს, გადმოცემით იცის ბეგის წინამორბედის - ჰიპოპოტამ შალუნის -გმირობაც, რომელიც 1960 წლის წყალდიდობის დროს დახურულ ვოლიერში იმყოფებოდა, მაგრამ მაინც მოახერხა გადარჩენა. მწერალმა ედიშერ ყიფიანმა 1960 წლის 4 ივლისს უბის წიგნაკში გაკეთებული ჩანაწერი, რომელიც მასშტაბური წყალდიდობის დროს „ზოოპარკის ამოხრჩობას“ აღწერდა, ასე დაასრულა:

„მხოლოდ ბეჰემოთმა შეძლო რკინის ფანჯრის გამომტვრევა და გათავისუფლება. იმ საღამოს იგი უძრავად იწვა საზაფხულო ვოლიერში და მძიმედ ქშინავდა ბრძოლაგადახდილი“.

ჰიპოპოტამი შალუნი ერთ-ერთი მთავრი პერსონაჟია 1960 წელს „საბჭოთა საქართველოს“ მიერ გამოცემული წიგნისა „თბილისის ზოოპარკი“ (ავტ. ა. ჯანაშვილი, შ. სირბილაძე), რომელშიც დეტალურადაა აღწერილი მისი დრამატიზმით სავსე ცხოვრება. საქმე ისაა, რომ 1954 წლამდე თბილისში მხოლოდ ერთი ბეჰემოთი იყო, დეკემბერში კი ჩამოიყვანეს მეორე (მდედრი) ბეჰემოთი მანია, რომელიც ბევრად სჭარბობდა თბილისის ზოოპარკის უფრო ადრინდელ მკვიდრს - ექვსი წლის შალუნს. ჰოპოპოტამების წყვილს 1955 წლის 26 აგვისტოს 15 საათსა და 50 წუთზე საცურაო აუზში შეეძინათ შვილი, რომელიც ორი-სამი თვის განმავლობაში წყალში ცხოვრობდა, იქ წოვდა ძუძუს და იშვიათად გამოდიოდა ხმელეთზე. ნორჩმა ზოოლოგებმა ბეჰემოთის ნაშიერს ყაზბეგი შეარქვეს, თუმცა ბეჰემოთის დაბადებამ დიდი საზრუნავი გაუჩინა ზოოპარკის ხელმძღვანელობას:

წიგნი თბილისის ზოოპარკზე

„ყაზბეგის დედ-მამა, წინათ ასეთი კარგი მეგობრები, შვილის გაჩენის შემდეგ ერთმანეთის „მოსისხლე მტრებად“ იქცნენ. დედამ იმის შიშით, რომ შვილისთვის არაფერი ევნო, ახლოს აღარ გაიკარა ყაზბეგის მამა - შალუნი. ზოოპარკის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა საზამთრო აუზი რკინის ბოძებით ორ ნაწილად გაეყო, მაგრამ დადგა გაზაფხული, დედა-შვილი გამოყვანილი იქნა საზაფხულო ვოლიერში, ხოლო მამა იძულებით ძველ სადგომში დატოვეს. ვერ აიტანა მარტოობა შალუნმა. ერთ მშვენიერ დღეს გაანგრია საკმაოდ მტკიცე კარი და საზაფხულო ვოლიერში გაიჭრა. ამ დროს აუზიდან ამოდიოდა ბატარა ყაზბეგი. მამა შვილისკენ გაემართა. მას მხოლოდ მამობრივი სიყვარული ამოქმედებდა, მაგრამ დედამ ამაში საფრთხე შეიცნო. თვალის დახამხამებაში აუზიდან ამოიჭრა და შალუნს ეძგერა, თავისი ბასრი კბილებით ბევრი ღრმა ჭრილობა მიაყენა მას. საჭირო გახდა ექიმების გამოძახება“.

უმრავლესი სახეობა, რაც ზოოპარკში გვეგულება - ეს არის გადაშენების პირას მისული სახეობები. ვეფხვები, ლომები, ლეოპარდები, იაგუარები და ა.შ. - ესენი არის არსებითად ბოლო ეგზემპლარები. ბუნებაში ძალიან ცოტა არიან დარჩენილი...
ნუგზარ ზაზანაშვილი

თბილისის ზოოპარკს სხვა არაერთი დრამატული წუთი ახსოვს თავისი მრავალწლიანი ისტორიიდან: ერთხელ ავსტრალიის გარეულმა ძაღლმა დინგომ კუდი შემთხვევით მეზობლად მცხოვრებ მგლების გალიაში გაყო - თვალის დახამხამებაში დინგო უკუდოდ დარჩა. ინდოეთის სპილო „მალკამ“ რკინის ღობე გაანგრია და გარეთ გამოსვლას ცდილობდა. ზღვის ლომ „ვასიას“ საშინელი კრუნჩხვები აუტყდა, თავს მიწას ახლიდა, პირზე ქაფი გადმოსდიოდა. საჭირო გახდა სპეციალისტების კონსილიუმის მოწვევა. დამფრთხალმა მუნჯაკმა 3 მეტრის სიმაღლის კედელი გადალახა და მდინარე ვერის ხეობისაკენ მოუსვა. ვეფხვმა როზამ ტიხარი გაანგრია, ლომის გალიაში შეიჭრა და მათ შორის სამკვდრო-საციცოცხლო ბრძოლა გაიმართა - ასეთი იყო თბილისის ზოოპარკის ყოველდღიურობა, რომელიც დაიწყო შორეულ 1927 წლის 10 თებერვალს, როდესაც მშრომელთა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით დაარსდა ზოლოოგიური პარკი (ზოოპარკი) და ამ მიზნით მდინარე ვერეს ხეობაში გამოიყო 66 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, თუმცა მანამდე, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, თბილისში მუშაობდა ე. წ. კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოება, ხოლო მე-20 საუკუნის დასაწყისში კავკასიის ცხოველთა საკლიმატიზაციო საზოგადოება, რომლებიც თავიანთ ბაზაზე ინახავდნენ გარეულ ცხოველებს.

ველური ბუნების მსოფლიო ფონდის კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილის ნუგზარ ზაზანაშვილის თქმით, თბილისის ზოოპარკს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სახეობების კონსერვაციის საქმეში, რაც არის კიდეც ზოოპარკების ძირითადი ფუნქცია.

„უმრავლესი სახეობა, რაც ზოოპარკში გვეგულება - ეს არის გადაშენების პირას მისული სახეობები. ვეფხვები, ლომები, ლეოპარდები, იაგუარები და ა.შ. - ესენი არის არსებითად ბოლო ეგზემპლარები. ბუნებაში ძალიან ცოტა არიან დარჩენილი. სულ 3 ათასი ვეფხვია დარჩენილი ბუნებაში. ეს არის ძირითადი ფუნქცია. მაგალითად, როცა ჩრდილოეთ კავკასიაში ლეოპარდის აღდგენის პროექტი მიმდინარეობდა, კავკასიური ჯიქის ინდივიდები მიაწოდეს ევროპის ზოოპარკებმა. ეს ინდივიდები აღარსად დარჩა, მათ შორის კავკასიის ზოოპარკებშიც“, უთხრა ნუგზარ ზაზანაშვილმა რადიო თავისუფლებას.

თუმცა საქართველოში არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ზოოპარკის დახურვას მოითხოვენ. 21 ივნისს ორგანიზაციამ Vegan Georgia-მ თბილისის მერიის წინ ზოოპარკის გაუქმების მოთხოვნით აქცია გამართა. ორგანიზაციის წევრის ირაკლი კიკილაშვილის არგმუნეტები:

„მიგვაჩნია, რომ არ უნდა არსებობდეს, რადგანაც ის არის ცხოველებისათვის ციხე. ის რესურსები, რაც იხარჯება ზოოპარკების შენახვაზე, შეგვიძლია მოვახმაროთ ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლას და ნადირობას. ასე უფრო შესაძლებელი იქნება ცხოველების დაცვა ბუნებაში, რაც უფრო იაფი დაჯდება, რადაგანაც არ იქნება საჭირო პერსონალისათვის ხელფასის გადახდა და ა.შ. ასევე არ არის საჭირო ის, რომ თუნდაც ბავშვი ხედავდეს გალიაში გამომწყვდეულ, საცოდავ ვეფხვს“.

ზოოპარკის რეკლამა თბილისის ცნობარიდან 1958 წ

თუმცა ბევრი ბიოლოგი მიიჩნევს, რომ ზოოპარკს - მათ შორის, თბილისის ზოოპარკს - აქვს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ფუნქცია. ასე ფიქრობს ზოოლოგი, ცხოველთა ქცევის სპეციალისტი ლევან ბუთხუზი:

„ზოოპარკი ეს არის ინსტიტუცია, რომელშიც, პირველ რიგში, წარმოებს სერიოზული სამეცნიერო საქმიანობა. რა თქმა უნდა, ზოოპარკი, რომელიც არის კარგად მოვლილი, რმოელშიც არის კარგი ვოლიერები და ჯანსაღ პირობებში ჰყავთ ცხოველები - ეს ასევე არის საგანმანათლებლო ცენტრი. თბილისის ზოოპარკიც კი წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან, საკვანძო ინსტიტუციას, რომელსაც წვლილი შეაქვს მსოფლიოში იშვიათი სახეობების გადარჩენის საქმეში. ეს არის გენოფონდი. პირდაპირი მნიშვნელობით გენები იმ ცხოველებისა, რომლებიც ან უკვე გადაშენდნენ, ან კიდევ გადაშენების ზღვარზე არიან. ცხადია, დიდი უბედურება არაა, თუ კარგად მოწყობილ ზოოპარკში გეყოლება ცხოველები. საბოლოო ჯამში, გვინდა თუ არა ზოოპარკი, საზოგადოების გადასაწყვეტია“.

საქართველოს საზოგადოება კი ამ ეტაპზე ზოოპარკის შენარჩუნების მომხრეა. ამაზე მეტყველებს წყალდიდობის დროს გამოვლენილი არნახული სოლიდარობა როგორც თბილისის ზოოპარკის ბინადართა, ასევე ზოოპარკის თანამშრომელთა მიმართ. საყურადღებოა სტატისტიკაც: წლის განმავლობაში თბილისის ზოოპარკს 500 ათასამდე ადამიანი სტუმრობს, რომელთა შორის ბევრია ბავშვი. ზოოპარკის დირექტორის მოადგილის დავით თაქთაქიშვილის თქმით, 2006 წლიდან მოქმედებს ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრი. რომელშიც ბავშვები იღებენ როგორც ეკოლოგიურ განათლებას, ასევე ეკოლოგიურ აღზრდას. დავით თაქთაქიშვილის თქმით, ბავშვებში უზომო პოპულარობით სარგებლობს ბეჰემოთი ბეგლარი, რომლის მადა და მენიუ ახალისებთ როგორც პატარებს, ასევე დიდებსაც:

„ძალიან მრავალფეროვანია მისი კვება. ჭამს ბევრს, დღეში 50-60 კგ მცენარეულ საკვებს. ჭამს თივას, ბოსტნეულს, ხილის ნაწილს. და ძალიან უყვარს, თქვენ წარმოიდგინეთ, მჟავე კომბოსტო, წითელი მჟავე კომბოსტო! დღეში 1 კილოგრამ მჟავე კომბოსტოს გეახლებათ დიდი სიამოვნებით. ასეთი უცნაური გემოვნება აქვს ჩვენს ბეგლარს“.

შესაძლოა, უცნაური გემოვნება და მჟავე კომბოსტოს სიყვარული ბეგლარს გამოჰყვა რუსეთიდან, კალინინგრადის ზოოპარკიდან, სადაც ის 1999 წლის 4 ივნისს დაიბადა. სხვათა შორის, მისი ნათლობის სახელი არა ბეგლარი, არამედ ჰუსეინდელფინია. ბეგლარი თბილისის ზოოპარკის ვეტექიმებმა დაარქვეს. ამასთან, ცნობილია, რომ ჰიპოპოტამები სოციალური ცხოველები არიან. შესაბამისად, როგორც თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე ამბობს, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ბეგის მარტოობასაც წერტილი დაესვას:

„სამწუხაროდ, ჩვენი ვოლიერი არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ მეორე ბეჰემოთი ჩამოგვეყვანა, თუმცა გეგმაში გვქონდა ამის გაკეთება. მაქსიმალურად გავადიდეთ ფართობი, რაც კი შესაძლებელი იყო, მაგრამ საკმარისი მაინც არ იყო. ამიტომ დავიწყეთ მუშაობა სხვა გეგმაზე, თუ სად გადაგვეყვანა ბეჰემოთი - იგულისხმება ახალ ტერიტორიაზე ახალი ვოლიერის აშენება. თუმცა დაგვიანებული არაა. ჩვენი ბეგი ჯერ ახალგაზრდაა. სულ რამდენიმე წლის წინ გახდა სქესმწიფე ანუ ჯერ კიდევ არის შანსი, რომ მას ჩამოვუყვანოთ გოგო ბეჰემოთი და დაველოდოთ პატარ-პატარა ბეჰემოთუნიების გაჩენას“.

პატარა ბეჰემოთები, ანუ ბეგლარის ნაშიერები, მაღალი ალბათობით, გაჩნდებიან ახალ ზოოპარკში, რომელიც თბილისის მერიის მიერ გამოქვეყნებული პროექტის მიხედვით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტრიტორიაზე, დაახლოებით 47 ჰექტარზე, გაშენდება და წლის განმავლობაში 1,5 მილიონ დამთვალიერებელს მიიზიდავს. შედარებისთვის: თბილისის ზოოპარკს ამჟამად მხოლოდ 9 ჰექტარი უკავია და 500 ათას მნახველს მასპინძლობს.