მერი გამომძიებლებს ელოდება, გამომძიებლები კი - მერს

საპროტესტო აქცია ეროვნულ ბიბლიოთეკასთან

”ნაციონალური მოძრაობა” და მისი მხარდამჭერები ხელისუფლებას კვლავაც ადანაშაულებენ პოლიტიკურ დევნასა თუ შერჩევითი სამართლის განხორციელებაში. ამ ბრალდებების ფონზე, ყოფილი თუ მოქმედი მაღალი თანამდებობის პირებიდან ზოგი რეაგირებს და ზოგიც - არა, როცა მათ საგამოძიებო სტრუქტურებში იბარებენ. პარლამენტარებისგან განსხვავებით, ამ ეტაპზე დღის წესრიგში დგას თბილისის მერის გიგი უგულავას იძულება - დასაკითხად გამოცხადდეს პოლიციის სამმართველოში.

გიგი უგულავა ძველი თბილისის რაიონის პოლიციის სამმართველოში 13 თებერვალს 12:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან 8 თებერვალს განვითარებული მოვლენების გამო, მოწმის სტატუსით იყო დაბარებული, თუმცა დასაკითხად რომ არ გამოცხადდებოდა, ამის შესახებ საზოგადოებას მან ერთი დღით ადრე აცნობა. მერიის ოფიციალურ ვებსაიტზე სამშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მერი უნდობლობას უცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებულ გამოძიებას, რადგანაც მინისტრმა ის და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლები არა დაზარალებულებად, არამედ პროვოკატორებად მოიხსენია ეროვნული ბიბლიოთეკის წინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას. გიგი უგულავა ზოგადად უარს არ ამბობს დაკითხვაზე, თუმცა, როგორც მისი წერილობითი განცხადებიდან ირკვევა, გამომძიებლებს ის ამჯერადაც საკუთარ კაბინეტში ეპატიჟება. აქვეა მისი სხვა შეთავაზებებიც:

გიგი უგულავა


”მივმართავ გამოძიებას და კვლავ ვადასტურებ, რომ მზად ვარ მივცე ჩვენება თბილისის მერიაში. ამასთან, მათ შეუძლიათ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 175-ე მუხლის შესაბამისად, მიმართონ სასამართლოს და, თუ სასამართლო საკითხის განხილვის შედეგად გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას პოლიციაში დაკითხვაზე ჩემი მისვლის აუცილებლობის შესახებ, მე საჯაროდ ვაცხადებ, რომ დავემორჩილები მხოლოდ სასამართლოს ასეთ გადაწყვეტილებას. ამასთანავე, კატეგორიულად მოვითხოვ, იმისათვის რომ საზოგადოებაში აღდგეს ნდობა წარმოებული გამოძიების მიმართ, დაიკითხოს თავად ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ის თანამდებობის პირი, რომელსაც კანონით ევალებოდა ადგილზე წესრიგის დაცვა, რაც მათ ვერ უზრუნველყვეს”.

უგულავას გაუტკბა, - ასე ფიქრობს საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელსაც ახსოვს, რომ მერიაში რამდენიმე ასეული ადამიანის დასაქმებასთან დაკავშირებული ეჭვების გამო გიგი უგულავა 2 თებერვალს მერიის შენობაში დაკითხეს. გავიხსენოთ, რომ პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები მას საკუთარ კაბინეტში ეწვივნენ.

ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე იზიარებს მოსაზრებას, რომ, დაკითხვაზე გამოუცხადებლობით, გიგი უგულავა საკუთარი თავის კანონზე მაღლა დაყენებას ცდილობს:

”შესაძლებელია, რომ მისი მოქმედებები 1 ოქტომბრის შემდეგ ერთ ჩარჩოში მოვაქციოთ, ანუ ყველა მისი ნაბიჯი პროვოკაციისკენ არის მიმართული. ეს არის ახალი ხელისუფლების გამოწვევა. გავიხსენოთ ფაქტები - მთავრობის სხდომაზე მისი შევარდნიდან დაწყებული, დღემდე. ასე რომ, ახლა უკვე ბურთი არის ხელისუფლების მოედანზე - როგორ უპასუხებს ის უგულავას ამ ქმედებას”.
რაც უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის მოწმეს გამოძიება, მით უფრო უკეთეს ჩვენებას მიიღებს, რადგანაც მოწმე უფრო მეტად იქნება გახსნილი, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან...
ოთარ კახიძე


2 თებერვლის პრეცედენტის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამჯერად აღარ აპირებს გამომძიებლების გაშვებას გიგი უგულავასთან და, თუკი ის არ მივა პოლიციაში, იძულების მექანიზმი ამოქმედდება. ეს რომ ასეა, კარგად ჩანს სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე 11 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაშიც:

”გამოძიება კიდევ ერთხელ აფრთხილებს ქალაქის მერს, ბატონ გიგი უგულავას, თუ ის არ შეასრულებს მისთვის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობებს და არ გამოცხადდება ჩვენების მისაცემად, მისი უმოქმედობა, მიუხედავად პოლიტიკური განცხადებებისა, მიჩნეულ იქნება როგორც მოწმის მიერ ჩვენებაზე უარის თქმა და მის მიმართ გატარდება საპროცესო კანონით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები”.

მართალია, კანონი თბილისის მერს ავალდებულებს გამოცხადდეს მოწმის სტატუსით დასაკითხად და ასევე სამართალდამცავ სტრუქტურებსაც აქვთ მისი იძულებით მიყვანის კანონიერი უფლება, მაგრამ ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ხაზგასმით იმასაც აღნიშნავს, რომ კანონი არც მაშინ დაირღვევა, თუკი გამომძიებლები თავად მიაკითხავენ დედაქალაქის მერს.

თუკი გიგი უგულავას გამომძიებლები თავად ესტუმრებიან, უცნაურს ვერაფერს დაინახავს, მაგალითად, საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ოთარ კახიძე:

”რაც უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის მოწმეს გამოძიება, მით უფრო უკეთეს ჩვენებას მიიღებს, რადგანაც მოწმე უფრო მეტად იქნება გახსნილი, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ეს ძალიან კარგად ესმის, დარწმუნებული ვარ, ბატონ ღარიბაშვილს, რომელიც, თუ არ ვცდები, საფრანგეთში სწავლობდა და საფრანგეთში გამომძიებლები, ჩვეულებრივ, სამუშაო ადგილას, საცხოვრებელ ადგილას მიდიან მოწმეებთან და ცდილობენ მათგან ჩვენების მოპოვებას”.
სამართალდამცავი ორგანოს ორი მოვალეობაა: პატივი სცეს დეპუტატის სტატუსს და გაიმეოროს მოწვევა რამდენჯერმე და თუ დეპუტატს ეს არ ესმის, მაშინ თავად უნდა მივიდეს და, ყველა მისი უფლების დაცვით, განახორციელოს დაკითხვა...
თეა წულუკიანი


ვიდრე სისხლის სამართლის ახალი, 2009 წელს მიღებული საპროცესო კოდექსი შევა ძალაში და მოწმეები სასამართლოში დაიკითხებიან, ჯერჯერობით კვლავაც კოდექსის ძველი, 1998 წლის ვერსია მუშაობს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ”294-ე მუხლის თანახმად, მოწმე შეიძლება დაკითხულ იქნეს "დასაკითხის ყოფნის ადგილას", თუ არსებობს ამის აუცილებლობა, მაგალითად, თუ იგი ავადმყოფია ან სხვა მიზეზის გამო არა აქვს ფიზიკური გადაადგილების უნარი ან შესაძლებლობა”. შინაგან საქმეთა სამინისტრო დარწმუნებულია, რომ დედაქალაქის მერი ასეთ განსაკუთრებულ მიდგომებს არ საჭიროებს.

მათ შორის, ვინც სხვადასხვა დროს თქვა უარი საგამოძიებო სტრუქტურებში მოწმის სტატუსით დასაკითხად გამოცხადებაზე, პარლამენტის დეპუტატებიც არიან. თუმცა, სადეპუტატო იმუნიტეტიდან გამომდინარე, მათი მისამართით, როგორც ჩანს, რაიმე სახის იძულებაზე არ იქნება საუბარი. როგორც 13 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ”სამართალდამცავი ორგანოს ორი მოვალეობაა: პატივი სცეს დეპუტატის სტატუსს და გაიმეოროს მოწვევა რამდენჯერმე და თუ დეპუტატს ეს არ ესმის, მაშინ თავად უნდა მივიდეს და, ყველა მისი უფლების დაცვით, განახორციელოს დაკითხვა”.