საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს თბილისის მერიის თანამშრომელი, ოთარ აბესაძე. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის მაისში, აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს დაპირდა დახმარებას მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვის დაჩქარებული წესით აღებაში და სანაცვლოდ მოითხოვა 3000 აშშ დოლარი. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.