2016 წლის მოსავალი ინტერნეტში

აკა სინჯიკაშვილის გამოსვლა

ფორუმი არის ღია სივრცე, სადაც ადამიანები სიახლეებისა და მწვავე საკითხების შესახებ მსჯელობენ, ერთმანეთის აზრებს ისმენენ და რეალობის შეცვლაზე იწყებენ ფიქრს. ამის მაგალითია თბილისის ინტერნეტფორუმიც, რომელიც, უკვე მესამე წელია, იმართება. მისი მონაწილეები უახლესი ინტერნეტპროექტების თაობაზე საუბრობენ და სამომავლო გეგმებს სახავენ.

თბილისის ინტერნეტფორუმის ორგანიზატორების მთავარი ამოცანაა ყურადღების მიღმა არ დარჩეს წლის არც ერთი მწვავე და აქტუალური მოვლენა. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემები იყო ინტერნეტში პერსონალური მონაცემების დაცვა და ციფრული კომუნიკაციის როლი უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. ცხადია, ფორუმმა იმ ახალ პროექტებსა და ინიციატივებსაც მოუყარა თავი, რომლებიც 2016 წელს დაიწყო და გარკვეულ წარმატებას მიაღწია. ფორუმის მთავარი მიზნის თაობაზე ღონისძიების ორგანიზატორმა მირიან ჯუღელმა გვითხრა:

Your browser doesn’t support HTML5

2016 წლის მოსავალი ინტერნეტში

„გასულ წელს ფორუმზე რამდენიმე კომერციული პროექტი წარმოადგინეს, რომელთა შესახებ საუბრის მერე მომხსენებლებმა საკმაოდ დადებითი უკუკავშირი მიიღეს, რამაც მათ საქმის გაუმჯობესებისკენ უბიძგა. ფორუმის ერთ-ერთი დიდი მიზანი არის ის, რომ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს იცნობენ, მაგრამ პირადად ვერ ხვდებიან, შეიკრიბონ და ან საკუთარი საქმე დახვეწონ, ან ერთობლივად დაგეგმონ სიახლეები. მაგალითად, დღევანდელი ფორუმის ერთ-ერთი მომხსენებელი ძალიან მოტივირებულია და ამბობს, რომ დღეს სწორედ იმ ადამიანებს შეხვდება, რომლებიც გარკვეულ რჩევებს გაუზიარებენ“.

წინა ფორუმები უფრო ეხებოდა სოციალურ მოვლენებს, მაგალითად, როგორიც იყო 13 ივნისი და რაგბი. წლევანდელ ინტერნეტფორუმზე გამოვარჩევდი ორი ქალის ამბავს, რომლებმაც, თავისი სოციალური როლიდან გამომდინარე, წამოიწყეს პროექტები მას შემდეგ, რაც დედები გახდნენ...
ქეთი სართანია

ინტერნეტფორუმზე აქტუალური საზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხები განიხილებოდა. ასევე ძალიან საინტერესო იყო გამომსვლელთა მიერ აუდიტორიისათვის პირადი გამოცდილების გაზიარება. ტვიტერისა და ფეისბუკის გვერდებზე სტუმრების მიერ ფორუმის შესახებ დაწერილი პოსტებით თუ ვიმსჯელებთ, წლევანდელმა მომხსენებლებმა პირადი ამბებისა და გამოცდილების მოყოლას ყველაზე ნაკლები დრო დაუთმეს, თუმცა თავადვე აღნიშნავდნენ, რომ ეს მათ საქმეში ყველაზე მთავარი იყო.

დარბაზში დიდი ეკრანი ეკიდა. ამ ეკრანზე, გამომსვლელთა სიტყვების პარალელურად, უწყვეტ ნაკადად ჩანდა აუდიტორიის პოსტები ტვიტერში, ამიტომ იოლი იყო დამსწრეთა განწყობების ნახვა და გაცნობა.

ტვიტერის მიხედვით, უკმაყოფილება ნაკლებად იგრძნობოდა ორი მომხსენებლის - ნათია ნინიკელაშვილისა და ეკა ოძელაშვილის - მიმართ. აღმოჩნდა, რომ ორივესთვის წარმატებული ბიზნესის ბიძგი ოჯახი გახდა. ნათიასთვის ეს იყო კახეთიდან თბილისში მშობლების მიერ გამოგზავნილი სეზონური პროდუქტი, ეკასთვის კი პირველი შვილი, რომელმაც, მისივე თქმით, ცხოვრების რიტმი და ინტერესები შეცვალა. მას შემდეგ, რაც ეკამ ფეისბუკზე 4 თვის შვილის ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა, გამოჩნდა უამრავი ადამიანი, რომლებიც სთხოვდნენ, მსგავსი კოლაჟები მათი შვილების ფოტოებითაც გაეკეთებინა. ახლა ეკას ქალიშვილი, ლიზა, 2 წლისაა და ეკა ოძელაშვილი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო ფოტოსტუდიის მფლობელია. აი, ერთი ნაწყვეტი ეკას გამოსვლიდან:

„ჩვენთან ხშირად მოჰყავთ 40 დღის ბავშვები და უფრო პატარა ასაკის ახალშობილებიც. გვქონია შემთხვევა, ზამთარში სტუდიაში 5-6 დღის ბავშვი მოუყვანიათ. ერთგვარ რიტუალად ჩამოყალიბდა ისიც, რომ მშობლები ფეხმძიმობის ბოლო თვეში ჯავშნიან ადგილს. ამის გაგრძელებაა ისიც, რომ როცა პატარა იბადება, ის ჯერ პედიატრთან მიჰყავთ, შემდეგ კი პირდაპირ ჩვენთან. საქართველოში არის ტრადიცია, რომ ერთი წლის ბავშვის დაბადების დღეს არ აღნიშნავენ. ჩვენმა სტუდიამ ამ სტერეოტიპის დანგრევაც სცადა, რადგან ამ დღეს სწორედ ჩვენი ფოტოგადაღებებით აღნიშნავენ და მსურველთა რიცხვი სულ უფრო იზრდება“.

ინტერნეტფორუმი

საინტერესო ბიზნესწამოწყებების პარალელურად, ფორუმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი პერსონალურ მონაცემთა დაცვას შეეხებოდა. მომხსენებლებს შორის იყო იურისტი გიორგი გაბრიელაშვილი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატის წარმომადგენლები - თამარ ქალდანი და გიორგი პირველი. მათ ილაპარაკეს ინტერნეტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობასა და მოსალოდნელ საფრთხეებზე:

„ბუნებრივია, იმ ძალიან ბევრ სიკეთეს, რომლებიც ინტერნეტს ახლავს, უარყოფითი მხარეებიც აქვს. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ჩვენი პერსონალური მონაცემების დაცვა, რაც ორი მიმართულებით შეგვიძლია განვიხილოთ: ერთი, როდესაც ადამიანი აკეთებს ინფორმირებულ და შეგნებულ არჩევანს, მისი არჩევანია იმ დოზით გაასაჯაროოს ინტერნეტში მონაცემები, რა დოზითაც მას სურს, მაგრამ პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით, რომ ადამიანები ვერ უზრუნველყოფენ პერსონალური მონაცემების დაცვას, ისინი არ არიან ინფორმირებულები და ამაში მათ ვერ დავადანაშაულებთ, რადგან ძალიან ხშირად ასეთი მომხიბვლელი წინადადებები შეიძლება მაცდური იყოს“, - აღნიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ხელმძღვანელმა თამარ ქალდანმა.

პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით წამოჭრილი კითხვები, ძირითადად, სარეკლამო მესიჯებს ეხებოდა, რომელთაც მომხმარებლები მობილურის საშუალებით ყოველდღე ან დღეში რამდენჯერმე იღებენ. ისინი წუხდნენ, რომ სახელმწიფოს ჯერჯერობით არ შეუქმნია მექანიზმი, რომელიც ერთი მარტივი ოპერაციით კომპანიებისთვის ხელმიუწვდომელს გახდის მოქალაქეების პირად მონაცემებს.

ინსპექტორის აპარატის ხელმძღვანელმა ახალი მობილური აპლიკაციის - „ინსპექტ 2“-ის - შესახებაც ილაპარაკა, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმებს მოქალაქეებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომს გახდის.

ბოლო რამდენიმე წელია, ბიზნესინიციატივების გარდა, ინტერნეტი მნიშვნელოვანი იარაღი გახდა პოლიტიკური პროცესების მართვის საქმეში. უკრაინიდან სპეციალურად თბილისის ინტერნეტფორუმისთვის მოწვეული მომხსენებელი, ოლეგ ნაუმენკო, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ინტერნეტის გამოყენებით მაიდნის მოვლენების წარმართვაში უშუალო მონაწილეობა მიიღო. დღეს ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უსაფრთხოების დაცვისა და სტრატეგიული კომუნიკაციების განყოფილებაში მუშაობს.მას ვთხოვეთ განემარტა „ციფრული დიპლომატიის“ ცნება, უკრაინაში განვითარებული და მიმდინარე პროცესების კონტექსტში:

რომ გადავხედოთ ციფრული კომუნიკაციის ბაზარს, ბევრი ბრენდის კომუნიკაცია არის ფრაგმენტული. ეს გამოიხატება იმაში, რომ ისინი მხოლოდ ერთ არხს იყენებენ, ძირითადად „ფეისბუკს“, სადაც ვქმნით გასართობი შინაარსის შემცველ პროდუქტს, რომელიც ბრენდს სხვადასხვა ხარისხით უკავშირდება...
გაგა დარსალია

„მაიდნის მოვლენების დროს ბრიტანეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი. სწორედ მაშინ დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში და პროტესტის მონაწილე გავხდი. მოვლენების საფუძველს ვაკვირდებოდი და მივხვდი, რომ ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია, რომელსაც პროტესტის მონაწილეები ტვიტერისა და ფეისბუკის გზით ავრცელებდნენ, აქტიური ციფრული დიპლომატიის თვალსაჩინო გამოხატულება იყო. ახლა, როდესაც უკრაინის მთავრობაში კრიზისების მართვის მედიაცენტრს წარმოვადგენ, ციფრულმა დიპლომატიამ ჩემთვის უფრო ოფიციალური სახე მიიღო. დღეს ეს ყველაფერი სახალხო დიპლომატიის ნაწილია. როდესაც ცალკეული პოსტების საშუალებით მოსახლეობაში ინფორმაციას ვავრცელებთ, ღია და ინკლუზიური სისტემის მქონე სახელმწიფოს იმიჯს ვქმნით“.

ფორუმის მეორე ნაწილი რამდენიმე საინტერესო საზოგადოებრივი ინიციატივის განხილვას დაეთმო. მათ შორის იყო მობილური აპლიკაცია „მოვლა“, რომლის ავტორი კომპანია „ჯეოსელი“ გახლავთ. ტრადიციების ახლიდან გააზრებასა და ყოველდღიურობაში მათი გამოყენების სიკეთეზე ილაპარაკა „საქართველოს ბანკის“ მარკეტინგული გუნდის წარმომადგენელმა, ნიკა გუჯეჯიანმა. მან თქვა, კარგი იქნება, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თუ სოციალურ ქსელებში აღვნიშნავთ და ამას ტრადიციად დავამკვიდრებთო.

იმაზე, თუ როგორ შეიძლება ინტერნეტის მარკეტინგული მიზნებისთვის გამოყენება, ინტერნეტმარკეტინგის კომპანიების - „რედბერისა“ და „Social Sharks“-ის - წარმომადგენლებმა ისაუბრეს. „რედბერის“ წარმომადგენელმა, გაგა დარსალიამ, ციფრული კომუნიკაციის ბაზარსა და მის გამოწვევებზე ილაპარაკა:

„რომ გადავხედოთ ციფრული კომუნიკაციის ბაზარს, ბევრი ბრენდის კომუნიკაცია არის ფრაგმენტული. ეს გამოიხატება იმაში, რომ ისინი მხოლოდ ერთ არხს იყენებენ, ძირითადად „ფეისბუკს“, სადაც ვქმნით გასართობი შინაარსის შემცველ პროდუქტს, რომელიც ბრენდს სხვადასხვა ხარისხით უკავშირდება, როდესაც, ხშირ შემთხვევაში, ციფრულ სივრცეში შექმნილი კონტენტი განსხვავდება ბრენდის იმიჯისგან რეალურ სივრცეში“.

ნიკა ბოლქვაძემ, რომელიც ინტერნეტფორუმზე კომპანია „SocialSharks-ს წარმოადგენდა, ხაზი გაუსვა ციფრულ რეალობაში სმარტფონის როლის ზრდასა და ინტერნეტპროდუქტის უნიკალურობას.

ფორუმზე ზესტაფონიდან მოიწვიეს რეჟისორი ერმალო მაღრაძე, რომლის ფილმებიც - „შვეციის პრინცი იმერეთიდან“, „გზააბნეულნი“ და „აპოკალიპსი არ იქნება“ - ინტერნეტში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. კითხვაზე, თუ რას ნიშნავს ინტერნეტი მისთვის, ერმალო მაღრაძემ ასე გვიპასუხა:

მირიან ჯუღელი და ერმალო მაღრაძე

„ინტერნეტი ჩემთვის არის ყველაფერი. მე რომ პირველი ფილმი გავაკეთე 1995 წელს, „შვეციის პრინცი იმერეთიდან“, მაშინ არ იყო აუდიტორია, სად წამეღო, ვისთვის მენახვებინა?! ჩავდევი ჩემს მანქანაში და ეს იყო პირველი შემთხვევა ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში, როდესაც რეჟისორმა თავისი მანქანით საქართველო მოიარა, იმიტომ რომ არ იყო დიდი აუდიტორია. მაგრამ ახლა უკვე როცა ინტერნეტი გაჩნდა, ამას უყურებენ მარტო საქართველოში კი არა, მწერენ ამერიკიდან, გერმანიიდან, ინგლისიდან.. საიდან არ მწერენ.. ინტერნეტმა მომცა საშუალება, რომ მთელ მსოფლიოს ვანახო ჩემი შემოქმედება“.

ფორუმი აკა სინჯიკაშვილის გამოსვლით დასრულდა. მან ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ გამოიყენა ფეისბუკი ქველმოქმედებისთვის. აკა ყოველდღე ცდილობს იპოვოს ადამიანები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, და შემდეგ ფეისბუკის საშუალებით უგროვებს ფულს, ტანსაცმელს და სხვა საჭირო ნივთებს. აკა სინჯიკაშვილისთვის ფეისბუკქველმოქმედების მთავარი მიზანი, ადამიანების დახმარებასთან ერთად, გაჭირვებულთა მდგომარეობით სხვა ადამიანების დაინტერესებაც არის:

„ჩემი ქმედებები მარკეტინგულია, რათა სხვებმა დაინახონ, რომ ვიღაცა აკეთებს ამას. ცოტა ხნის წინ ფეისბუკზე დავწერე, რომ სიკეთე გადამდები კი არ არის, არამედ დასწრებაზეა. ბოლოს ყვარელში ვიყავი მოხუც ქალთან ჩასული, რომელიც გაჭირვებაში ცხოვრობს. მასთან ერთად ამ სოფელს, დაახლოებით, 30 შეჭირვებული ოჯახი ჰყავს, მაგრამ თბილისიდან ჩასული ხალხი მხოლოდ ამ ქალთან მიდიოდა, რადგან ფეისბუკზე მისი ფოტო იდო. შედეგად, ამ ქალს, დაახლოებით, 4 წლის საჭმელი დაუგროვდა“.

ინტერნეტფორუმს ესწრებოდა სოციოლოგი ქეთი სართანია:

„წლევანდელი ინტერნეტფორუმი იმით გამოირჩეოდა, რომ უფრო მეტად იყო ადამიანური ამბები, რომელზეც მერე აგებული იყო პროექტები და ეს პროექტები იყო გაზიარებული საზოგადოების სხვა წევრების მიერ. წინა ფორუმები უფრო ეხებოდა სოციალურ მოვლენებს, მაგალითად, როგორიც იყო 13 ივნისი და რაგბი. წლევანდელ ინტერნეტფორუმზე გამოვარჩევდი ორი ქალის ამბავს, რომლებმაც, თავისი სოციალური როლიდან გამომდინარე, წამოიწყეს პროექტები მას შემდეგ, რაც დედები გახდნენ“.

წელს ინტერნეტფორუმი ფასიანი იყო და ბილეთი 25 ლარი ღირდა. შემოსული თანხა აკა სინჯიკაშვილს გადაერიცხა, რომელსაც ის საქველმოქმედო საქმიანობისთის გამოიყენებს.