სეისმურად რამდენად მდგრადია სახლი, რომელშიც ცხოვრობთ? - ამ კითხვას ქალაქის სეისმური საშიშროების რუკასთან მივყავართ, რადგან სწორედ ამ რუკის მიხედვით იგება შენობის კონსტრუქცია. ეს რუკა კი თბილისს რამდენჯერმე აქვს შეცვლილი.
დედაქალაქი შენდებოდა ჯერ საბჭოთა სეისმური რუკის, შემდეგ 90-იანი წლების და, ბოლოს, 2009 წლის სეისმური რუკის მიხედვით. თუმცა, ყველა ეს რუკა მცდარი იყო. საბჭოთა რუკა ყოველთვის ნაკლებ ბალზე აფასებდა თბილისს, ხოლო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რუკისთვის მოძველებული სიდიდეები იყო გამოყენებული.
რაც შეეხება მოქმედი სეისმური საშიშროების რუკას, ექსპერტების რეკომენდაციებით, ის საფუძვლიან ხელახალ გაანგარიშებას საჭიროებს.
2018 წელს დასრულდება სეისმური საშიშროების ახალ რუკაზე მუშაობა
- 2017 წელს ეკონომიკის სამინისტრომ მიმართა ილიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების გეოფიზიკოსებს;
- ისინი ახლა ცალ-ცალკე ითვლიან პიკურ აჩქარებებს, რომელიც უცხოელ ექსპერტებთან გადამოწმდება;
- სეისმური საშიშროების ახალ რუკაზე მუშაობა 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება;
- ახალი კოდები მხოლოდ სამომავლო მშენებლობების ან რეკონსტრუქციის პროცესზე აისახება.
საერთაშორისო ფონდმა - “მიწისძვრის გლობალური მოდელი” რეკომენდაციის წერილი 2014 წლის რეგიონული მოკვლევის შემდეგ დაწერა. ფონდის გენერალური მდივანი, ანსელ სმოლკა წერს, რომ სეისმური საშიშროების დღევანდელ რუკაზე ნიადაგის მოძრაობის პიკური აჩქარება მნიშვნელოვნად დაბალია რეალურ სიდიდესთან შედარებით.
პიკური აჩქარება შენობის ადგილზე მიწისძვრის დროს გრუნტის აჩქარების ყველაზე მაღალი მნიშვნელობაა. ის შენობის კონსტრუქციულ გაანგარიშებაში წამყვანი კომპონენტია. მისი საზომი ერთეულია - g (ჟე).
საქართველოს სეისმური საშიშროების ამჟამინდელი რუკით, თბილისში პიკური აჩქარება არის 0.16-0.18 g. თუმცა, ხელახალი გაანგარიშებით აღმოჩნდა, რომ ის, სულ მცირე, 0.28 g უნდა იყოს.
„მიწისძვრის გლობალური მოდელის“ რეგიონულ პროექტში ჩართული იყო თსუ-ის გეოფიზიკის ინსტიტუტი. სეისმური საშიშროებისა და კატასტროფების რისკის სექტორის ხელმძღვანელი ნინო წერეთელი თბილისში არსებულ მდგომარეობას აღწერს: „ვინაიდან მოქმედი სეისმური საშიშროების რუკა არასწორია, ყველა შენობა, რომელიც ამ რუკის გათვალისწინებით შენდება, არასწორად არის გათვლილი სეისმურობაზე. უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ მრავალსართულიანი შენობები, რომელთა სამშენებლო ნორმებშიც წერია, რომ უნდა ხდებოდეს მათი ადგილის სპეციალური შესწავლა, არის კარგად აშენებული”.
თაკო სვანიძე თბილისის ერთ-ერთ უბანში მაღალსართულიან კორპუსში ცხოვრობს. მას არაერთხელ გასჩენია კითხვა - რამდენად მდგრადია მისი შენობა?
„რეალურად დოკუმენტი არაფრის მინახავს. არის მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება, რომ, რვაბალიან მიწისძვრას გაუძლებს. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია იყოს ანგარიშვალდებული სახელმწიფოს, კანონისა და იმ ხალხის წინაშე, ვინც აქ ცხოვრობს“, - უთხრა თაკო სვანიძემ რადიო თავისუფლებას.
ეკონომიკის სამინისტრომ ცდომილების გასწორებაზე დაიწყო ფიქრი და 2017 წელს მიმართა ილიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების გეოფიზიკოსებს. ისინი ახლა ცალ-ცალკე ითვლიან პიკურ აჩქარებებს, რომელიც უცხოელ ექსპერტებთან გადამოწმდება. რუკაზე მუშაობა 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება. სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის მშენებლობის საქმეთა სამმართველოს უფროსის ზურაბ მესხის თქმით, ახალი კოდები მხოლოდ სამომავლო მშენებლობების ან რეკონსტრუქციის პროცესზე აისახება.
მიწისძვრის წინასწარ გათვლა შეუძლებელია, თუმცა, გეოფიზიკოსები შემთხვევით არ ინტერესდებიან ისტორიით. ბოლო ძლიერი მიწისძვრა რომლის ეპიცენტრიც თბილისის შემოგარენში იყო, 1275 წელს მცხეთასთან დაფიქსირდა. მისი მაგნიტუდა იყო 7. ნინო წერეთლის თქმით, ასეთი სიმძლავრის მიწისძვრის განმეორებადობის პერიოდი საშუალოდ 1000 წელიწადია და შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს მომდევნო 200 წლის მანძილზე.