ან რესპუბლიკელები ან 37-იანელები

ავტორი: ზურა ვაშაკიძე

დავიწყებ იმით, რომ ნაცნობის ნაცნობიც კი არ მყავს რესპუბლიკური პარტიის წევრი, არც რაიმე სამსახურეობრივი დაინტერესება მაქვს - სტაჟიანი უმუშევარი ვარ. მიუხედავად ამისა, ყველა არჩევნებში, რომელშიც რესპუბლიკური პარტია მონაწილეობდა, მათ ვაძლევდი ხმას. თუ რატომ, ამას მოგახსენებთ:

1.ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების რიცხოვნობის მიუხედავად, რომელიც ჩემი აზრით პოლიტიკურ მრავალფეროვნებაზე უფრო, პოლიტიკური კულტურის უქონლობაზე მიუთითებს, რესპუბლიკური პარტია ერთ-ერთია, თუ ერთადერთი არა რომელიც აერთიანებს მკაფიოდ განსაზღვრულიღირებულებების მქონე ადამიანებს და არ არის ერთი ამბიციური, ქარიზმატული, მდიდარი ან გავლენიანი ადამიანის გარშემო შემოკრებილი ადამიანების უფერო მასა(მაგალითების პოვნა არ გაგვიჭირდება).

2.1984 წელს მე საბჭოთა არმიის რიგებში ვმსახურობდი და კომპარტიის წევრი გავხდი. ეს ჩემი არჩევანი იყო და ვერაფერს დასაძრახს ამაში ვერ ვხედავ. იმავე 1984 წელს რესპუბლიკური პარტიის ლიდერები ანტისაბჭოთა მოღვაწეობისთვის გაასამართლეს. ეს მათი არჩევანი იყო და რა თქმა უნდა პატივსაცემი არჩევანი.

3. რესპუბლიკურ პარტიას შესაშური ინტელექტუალური პოტენციალი აქვს.

4.ხელისუფლების ყველაზე სერიოზულ მიღწევად, ევროატლანტიკურ სტრქტურებთან დაახლოება მიმაჩნია. ვიზალიბერალიზაცია მაქვს მხედველობაში. ამ მიღწევაში „ლომის წილი“ სწორედ რესპუბლიკურ პარტიას მიუძღვის, რამეთუ სწორედ ისინი საუბრობენ ევროპელებისთვის გასაგებ ენაზე და რაც მთავარია იქცევიან როგორც ევროპელები.

5.მიუხედავად აღმასრულებელ ხელისულებაში დაკავებული მაღალი თანამდებობებისა დარწმუნებული ვარ, ბიუჯეტის ფულს არ იპარავენ, არც სხვებს აპარინებენ (ბევრი მტერი გაიჩინეს) და შემდეგ ახალგამომცხვარ, „ნიჭიერ“ ბიზნესმენ-მილიონერებად არ მოგვევლინებიან ბევრნულიანი ოფშორული ანგარიშებით.

6. თუ არჩევნებში მარცხდებიან, მეორედ მოსვლას არ წინასწარმეტყველებენ, არ წიოკობენ და საერთოდ, ღირსეულად იქცევიან.

7.ჩემთვის ცნება „რესპუბლიკელი’’ ცილდება პოლიტიკურ ჩარჩოებს. გარკვეულწილად მსოფლმხედველობასთან ასოცირდება და სიამაყის, თავისუფლების სიმბოლოა. ასევე ვუშვებ, რომ შეიძლება ადამიანი თავისდაუნებურად, თვითონაც არ იცოდეს, ისე იყოს რესპუბლიკელი და იმავდროულად სხვა პარტიის წევრი, ან უპარტიო იყოს. ზოგჯერ ათეისტი მონათლულ ქრისტიანზე უფრო ქრისტიანი რომ არის ხოლმე. მე ასეთ უმანდატო რესპუბლიკელს - უნებლიე რესპუბლიკელს დავარქმევდი.

რაც შეეხება 37-იანელებს:

თბილისი-მოსკოვის რეისზე თვითმფრინავის ბილეთის ღირებულება 37 საბჭოთა მანეთი ღირდა(შეიძლება ცოტა მეტი, ან ნაკლები), რეპრესიებიც საბჭოთა კავშირში 1937 წელთან ასოცირდება,თუმცა ბილეთის ფასის არ იყოს, ესეც პირობითია.

მაშ ასე:

37-იანელები ბილეთის ფასს მისტირიან და იმ საშინელებებს ან, არ ვერ იხსენებენ, საბჭოთა ხელისუფლება საკუთარ ხალხს უხვად რომ ჩუქნიდა.

37-იანელები „პატარა“ ბოროტებებს, (თუ პირადად მათ არ ეხებათ), საბოლოო „დიდი“ სიკეთის მისაღწევად, დასაშვებად და აუცილებლადაც კი მიიჩნევენ. მათი საყვარელი ტერმინებია: „ხალხის მტრები“, „აგენტები“, „ნეიტრალიზაცია“, “ამოძირკვა” და ა.შ.

37-იანელები გვაშინებენ, რომ ევროპა შემოგვივარდება ოჯახებში, გაგვყრის მეუღლეებთან და კაცს - კაცზე და ქალს - ქალზე დააქორწილებს.

37-იანელები იმ ქვეყნის ერთ - ერთ დიპლომატს პირში მისჩერებიან (სიტყვა - სიტყვით იმეორებენ მის ტერმინებს), რომელმა ქვეყანამაც ტერიტორიები ხომ წაგვართვა, მაგრამ მომავლის წართმევასაც ცდილობს.

37-იანელები რუსულ „რბილ ძალას’’ წარმოადგენენ. (ტყვიაც რბილ მეტალებს მიეკუთვნება, და როგორი რბილია ყველამ ვიცით). რაც მთავარი და გასაკვირია-პატრიოტიზმის დროშას აფრიალებენ.

37-იანელებს აუცილებლად სჭირდებათ კედელზე ბელადის პორტრეტი(არა აქვს მნიშვნელობა რომელი ბელადის). მარტო პორტრეტს კიდევ არა უშავს, ბელადის გარეშე ძალიან უჭირთ ცხოვრება და მუდმივად მის ძებნაში არიან.

აღარ გავაგრძელებ. ვფიქრობ საკმარისია.

ძველი ბერძნები არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს აძლევდნენ და არა მონებს. ასე, რომ ჩემო თანამოქალაქეებო, როდესაც საარჩევნო ურნებთან მიხვალთ, ნებით თუ უნებლიედ მოგიწევთ გააკეთოთ არჩევანი:

1.ან ქვეყნის ევროპული მომავალი , ან ტიფლისის გუბერნია.

2.ან ღირსეული ცხოვრება, ან კუდის ქიცინი გადმოგდებული ლუკმისთვის.

3.ან თავისუფლება, ან ინსტიქტების მონობა.

4.ან კანონის უზენაესობა, ან კორუფციის ჭაობი.

5, ან რესპუბლიკელობა ან 37-იანელობა.

სხვათა შორის ამ არჩევანს ყოველდღიურად, ყველა ჩვენგანი ვაკეთებთ და დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ უნებლიე 37-იანელი არ გავხდეთ.

არჩევნებამდე დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ როგორც ჩანს ოპონენტები საკმაოდ ბინძური მეთოდებს გამოიყენებენ. ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ ჩემი, როგორც ერთი რიგითი მოქალაქის მოსაზრების გაზიარება. ვეცადოთ არ დავიბნეთ, პიროვნებების პროფესიონალიზმზე გავამახვილოთ ყურადღება და არა მათ საძინებლებზე, მათ საქმეებზე და არა ფეხსაცმლის ზომაზე.

მე პირადად ჩვენი ქვეყნისთვის, 15 დეპუტატიანი პარლამენტი სავსებით საკმარისად მიმაჩნია. დანარჩენი 135 - ხელფასს იღებს, არჩევნებამდე ორი თვით ადრე ახსენდება, რომ არჩეული დეპუტატია, და ძირითადად პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს. (ცოტა კატეგორიული ვარ, მაგრამ ეს მათი დამსახურებაა).

ამ თხუტმეტიდან: ხუთს - მანდატიან რესპუბლიკელს და ათს - ნებისმიერი სხვა პარტიიდან ავირჩევდი, მაგრამ აუცილებლად უნებლიე რესპუბლიკელს. 37-იანელებს კი ვურჩევდი კენჭი მეზობელი ქვეყნის „დუმაში“ იყარონ. მათზე მოთხოვნილება იქ უფროა.

დასასრულს მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ჩემი თანამემამულეები გაწონასწორებულ, ღირსეულ,არჩევანს გააკეთებენ საღი გონებით და არა ემოციით. რადგანაც შედეგებზე პასუხისმგებლობა თანაბრად გადანაწილდება ყველა ჩვენგანზე. მიუხედავად იმისა ვის დავუჭირეთ მხარი და უფრო უარესი, თუ არჩევნებში მონაწილეობა არ მივიღეთ.

სიკეთე, შეგნებულად თუ უნებლიედ ჩადენილი - ორივე სიკეთეა, ასევეა ბოროტებაც. ამიტომ გვმართებს სიფრთხილე, რომ არ შევცდეთ და გამბედაობა, რომ გამოვხატოთ ჩვენი არჩევანი.