"ეროვნული უმცირესობები და ქართული პოლიტიკა"

ავტორი: რევიკ კარაპეტიანი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, ეროვნულ უმცირესობებს გაუჭირდათ დამოუკიდებელი საქართველოს სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრირება ქართული ენის არცოდნის გამო, რომელიც გახდა ერთადერთი სახელმწიფო ენა.სამცხე-ჯავახეთი ერთ-ერთი რეგიონია , სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, კერძოდ სომხები.

2003 წლამდე ჯავახეთი მიტოვებული იყო ცენტრალური ხელისუფლებისგან. ინფრასტრუქტურულმა გაუმართაობამ და ქართული ენის არცოდნამ ეთნიკური უმცირესობების იზოლაციის საფუძველი შექმნა, რამაც, თავის მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობისგან დისტანცირება გამოიწვია.

დღეის მდგომარეობით რამდენიმე პოლიტიკური ფაქტორი აფერხებს რეგიონის მოსახლეობის მონაწილეობას არჩევნებში და პოლიტიკურ პროცესებში საქართველოში. ამაში იგულისხმება სახელმწიფო ენის ცოდნის დაბალი მაჩვენებელი, საარჩევნო უფლებების და საარჩევნო კამპანიის მონაწილე პარტიებისა და კანდიდატების საარჩევნო პროგრამების შესახებ. ისინი ხშირად პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ ექცევიან, მარტივად ხდება მათი მანიპულირება და გამოირჩევა სახელისუფლებო პარტიის მხარდაჭერის ტენდენციით. წლების მანძილზე ხალხს ჩამოუყალიბდა აზრი, რომ ისინი ხმას თუ აძლევენ მმართველ პარტიას ან მმართველი პარტიის კანდიდატს, ესეიგი მხარს უჭერენ სახელმწიფოს,და თუ ხმას მისცემენ ოპოზიციურ კანდატს ესეიგი არიან სახელმწიფოს წიააღმდეგ.ეს დამოკიდებულება მეტწილად საბჭოთა პერიოდის გადმონაშთია და სოფლად და განსაკუთრებით უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში, როგორიცაა სამცხე-ჯავახეთი.უმცირესობებს უჭირთ სათანადო და განახლებული ინფორმაციის მიღება საარჩევნო კამპანიის, პროგრამებისა და საარჩევნო პროცედურების შესახებ, რომელიც ქმნის ინფორმაციულ ვაკუუმსა და პოლიტიკურ დონეზე დაბალ ჩართულობას.

ყველაზე პრობლემატურია ის, რომ რეგიონში იმარჯვებს ან მმართველი პარტიის კანდიდატი ან გამარჯვებული ხდება მმართველი გუნდის წევრი.2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ამის კარგი მაგალითია. აღნიშნულ არჩევნებამდე სახელისუფლებო პარტიას წარმოადგენდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც მთლიანობაში მოიპოვა ხმათა 40.3%; ჯავახეთში ეს მაჩვენებელი იყო 80% . არჩევნებზე გაიმარჯვა “ენმ’’ს კანდიდატმა, მაგრამ უკვე მმართველი პარტიის დამარცხების შემდგომ მან შეცვალა პარტია და შეუერთდა კოალაცია "ქართულ ოცნებას"..მიუხედავად ყველა პრობლემისა მოსახლეობა აქტიურად მონაწილეობს არჩევნებში. არჩევნებზე ისინი ხმას აძლევენ კანდიდატს ანუ პიროვნებას. მათთვის არ აქვს მნიშვნელბა თუ რომელ პარტიას წარმოადგენს ის. ისინი იმახსოვრებენ მხოლოდ პარტიის ნომერს და აძლევენ მას ხმას. მოსახლეობის უმეტესობას არ აინტერესებს თუ რა ხდება ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში, რომელი პარტია გაიმარჯვებს ან დამარცხდება. მთავარია მათი კანდიდატის გამარჯვება და არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ პარტიას წარმოადგენს. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ საზოგადოებრივი განათლების დონე ძალიან დაბალია , გარდა ამისა არსებობს ინტეგრაციის პრობლემა.განათლების სისტემაში წლების განმავლობაში არსებული ხარვეზების გამო აზერბაიჯანელი და სომეხი ეთნოსის უმცირესობები შესაბამისად, აზერბაიჯნულსა და სომხურ ენებზე საუბრობს და სხვა ეთნოსების წარმომადგენლებთან ურთიერთობისათვის არა თუ ქართულს, უკვე რუსულ ენასაც ვეღარ იყენებს. ცესკო-ს მიერ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა უმცირესობების საარჩევნო პროცესებში ჩართვის თვალსაზრისით, მათი ცნობიერების ამაღლებით უმცირესობების ენებზე. თუმცა, კვლავ არსებობს ბევრი პრობლემა, რომელიც საჭიროებს მოგვარებას პოლიტიკურ მონაწილეობასთან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობების განათლების თვალსაზრისით, რათა მოხდეს მათი ქართულ საზოგადოებაში სათანადო ინტეგრირება.იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს მონაწილეობის მიღება სახელმწიფოს ცხოვრებაში, აუცილებელია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს. ეს მოქალაქის ერთ-ერთი ძირითადი პოლიტიკური უფლებაა. ინფორმაციის უკმარისობა იწვევსს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას. ამან კი სახელმწიფოს სოციალური პროგრამების არაეფექტურობით, ეკონომიკური ჩამორჩენილობით და მსგავსი მიზეზებით გამოწვეულ პრობლემებს შეიძლება ეთნიკური შეფერილობა მიანიჭოს.

ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში პრობლემების ძირითადი ნაწილი სოციალურ-ეკონომიკური ხასიათისაა. ქვეყანაში უმუშევრობის ფონზე მაღალია შრომითი მიგრაცია რეგიონებიდან. ეს ტენდენცია განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთში იგრძნობა. ვინაიდან რეგიონები ეთნიკური უმცირესობებით არის დასახლებული, მათთვის დამახასიათებელია სპეციფიკური პრობლემები, როგორებიცაა: ინფორმაციის ნაკლებობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ და სახელმწიფო ენის არცოდნა. სახელმწიფო პროგრამებს, რაც ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის შესწავლას ისახავს მიზნად, მცირე ეფექტი აქვთ და ძირითადად რაიონულ ცენტრებში იგრძნობა. სოფლებში კი ვითარება დიდად არ შეცვლილა. ინფორმირებულობის გაზრდის კუთხით როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტურია. ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ღონისძიებები და აქტივობები ამ მიმართულებით მცირეა და რეგიონის მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებაზე ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ.

ფაქტი იმის შესახებ, რომ საქართველოში მცხოვრებ უმცირესობებს არ აქვთ შესაბამისი მედია საშუალება, ან შეთავაზებული შინაარსი არ არის მათზე მორგებული, გულისხმობს იმას, რომ მათ უწევთ სხვა დამატებითი წყაროების მოძიება. რადგან, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა საუბრობს რუსულ ენაზეც, სომხური და რუსული არხები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამას გააჩნია ორი მთავარი ეფექტი: ჩნდება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციული ვაკუუმი; და სხვა ქვეყნის პოლიტიკურმა მოსაზრებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს მათზე. უცხო ქვეყნის მედია საშუალების გამოყენების დადებითი მხარე ისაა, რომ კრიტიკული თვალით შეიძლება შეხედოს საერთაშორისო პოლიტიკას. თუმცა, თუკი უმცირესობები ინფორმაციას მიიღებენ მხოლოდ უცხო ქვეყნის მედია საშუალებებიდან, ამან შესაძლოა მათი აზრის ჩამოყალიბებაში უარყოფითი როლი ითამაშოს და ხელი შეუშალოს მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში. მაგალითისთვის, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ ცოტა რამ თუ იცის ევროპასთან ინტეგრაციის ან ევროკავშირთან 2015 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების შესახებ. რადგან ბევრი ადამიანი სარგებლობს რუსული მედია საშუალებებით, ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის უმეტესობა არ არის გათვითცნობიერებული ევროპასთან ინტეგრაციის საკითხში ისე, როგორც ეთნიკური ქართველების უმეტესობას და სჯერათ, რომ რუსეთთან ახლო კავშირი არის პრიორიტეტი - მოსაზრება, რომელიც დანარჩენ საქართველოში ნაკლებად გაზიარებულია. ეს იწევს საქართველოსთან ურთიერთობის განწყობის ნაკლებობას, რომელიც ქმნის სტერეოტიპებსა და განწყობებს, რომ უმცირესობები ემხრობიან ქვეყნის გარე ძალებს, რაც საბოლოო ჯამში ხელს უშლის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის საზოგადოებაში ინტეგრაციას. აზრის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისათვის წარმოადგენს ძირითად პრინციპს, თუმცა მშობლიური ქვეყნიდან ინფორმაციის ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს აზრთა პოლარიზება და შეაფერხოს ინტეგრაცია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის ეთნიკურ უმცირესობათა ენებზე გამოიცემა გაზეთები და ჟურნალები, ეს გამოცემები ხშირად ხელმისაწვდომი არაა ეთნიკურ უმცირესობათა დიდი ნაწილისთვის. კარგი იქნებოდა, ქართული სატელევიზიო არხები გადაიცემოდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ტელევიზია არის მასობრივი ინფორმაციის ძალიან გავლენიანი საშუალება, მაგრამ ახლანდელი ტელევიზიის სტრუქტურა საჭიროებს არა მარტო დამუშავებას, არამედ ისეთი ხარისხიანი ქართულენოვანი პროგრამების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობდა უმცირესობათა ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში.აუცილებელია დიდი ყურადღება მიექცეს მასობრიბივი ინფორმაციის საშუალებების შექმნასა და მხარდაჭერას, ტელე და რადიო პროგრამების ტრანსლირებას ეთნიკური უმცირესობების ენებზე, რაც შეიძლება დაეხმაროს ინფორმაციული ვაკუუმის აღმოფხვრას და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას.

მიუხედავად უკვე გადადგმული ნაბიჯებისა, უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკოსებს ბოლომდე არ აქვთ გაცნობიერებული პრობლემები, რაც ეთნიკურ უმცირესობებს აწუხებთ და ხშირ შემთხვევაში, არც უმცირესობები არიან სათანადოდ ჩართული კონსულტაციების პროცესში, რაც თავის მხრივ ქმნის დაძაბულობას და აღქმას, რომ მთავრობის მიერ არიან უარყოფილნი.