ავტორი: ლამარა აფციაური
ოჯახი წმინდა კერაა. ადგილი, სადაც ყოველთვის თბილად გვიღებენ, სადაც ჩვენს პრობლემებს გულწრფელად იზიარებენ. ეს არის ადგილი, რასაც ჩვენ კერას ვარქმევთ, ხოლო ადამიანებს, რომლებიც ამ კერაში ცხოვრობენ – შინაურებს. ეს მცირე სოციალური ჯგუფები ქმნიან ერებს, მაგრამ სრულყოფილება იმ სამყაროს თვისება არ არის, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, განსაკუთრებით, საქართველოს პირობებში. ოჯახსაც აქვს საკუთარი მინუსები, რომლებიც ხანდახან უფრო გრძელ და საშიშ პრობლემებს Aშობს, როგორიცაა ძალადობა, მაგრამ ითვლება კი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჩაგვრა საქართველოში ძალადობად და ეძებს თუ არა ვინმე მის წარმომქმნელ კერებს? ქართველი ხალხისთვის ყველაზე `სათუთი~ და `დედის კალთას გამოკერებული~, სწორედ ოჯახური ძალადობაა, ამ თემაზე დიდი ხნის განმავლობაში ხმამაღლა არ ლაპარაკობდნენ, მაგრამ ის დღის წესრიგში დადგა.
ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ფორმა არის ოჯახში ძალადობა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობა ძირითადად ჩადენილია მამაკაცის ან ქალის მიერ, ყოფილი ან ახლანდელი პარტნიორის, ან ოჯახის სხვა წევრის წინააღმდეგ. იგი უმთავრესად მოიცავს თავმოყვარეობის შემლახველ და იძულებით ქცევას, როგორიცაა ფსიქოლოგიური ან ფიზიკური შეურაცხყოფა. ოჯახში ძალადობა, ხშირ შემთხვევაში, იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომელიც შეიძლება ფატალურად დასრულდეს. მას ძალადობის სხვა სახეებისგან გამოარჩევს ის, რომ იგი ოჯახის ფარგლებს საერთოდ არ სცილდება.
როგორც ზემოთ ვთქვით, ქართველი ხალხისთვის ყველაზე `სათუთი~ და `დედის კალთას გამოკერებული~ სწორედ ოჯახური ძალადობაა. ამ თემაზე ხმამაღლა ნაკლებად საუბრობენ. გასაჯაროების პრობლემა, ძირითადად, ოჯახის კულტთან არის დაკავშირებული, აზრი იმის შესახებ, რომ ოჯახი არის `შეკრული~, სოციალური ინსტიტუტი, სადაც დიდი როლი აქვს ნდობას და ჰარმონიულობას ოჯახის წევრებს შორის, ქმნის იმის საფუძველს, რომ ის, რაც დაკავშირებულია ოჯახურ კონფლიქტებთან და თუნდაც ოჯახში ძალადობასთან, ითვლება `შიდა სფეროდ~ ანუ ე.წ. `ოჯახის საქმედ~, რაშიც ჩარევა მიუღებელია. ოჯახური ძალადობა ჩაკეტილ წრედ კულტურული სტერეოტიპის გამო რჩება _ შინაურული პრობლემების გამომზეურება უღირს საქციელად ითვლება.
ხანდახან ეს `თბილი კერა~ ძალადობის ადგილი ხდება, სადაც ძალადობენ ცოლზე, ბევშვებზე, მოხუცებზე და ზოგჯერ ქმრებზეც კი, თუმცა ეს უკანასკნელი ხშირად ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ხდება, ფიზიკურად კი ყველაზე ხშირია ცოლსა და ბავშვებთან ძალადობა. მაგრამ რა იწვევს მას? ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური პრობლემები ოჯახში კონფლიქტის საბაბი ხდება, ძირითადი მიზეზი კი უმუშევრობაა. `ოჯახში შემომტანის~ სტატუსდაკარგული ქმარი, ცოლის შრომის ფასად გადაგორებული შიმშილი, წამოყვედრებული ლუკმები და ა.შ.
ძალადობა, უფრო მეტად, გავრცელებულია ისეთ კულტურაში, სადაც დომინანტია ერთი სქესი. ასევე იქ, სადაც დასჯა აღზრდის მეთოდია. მშობლების კონფლიქტი, აურზაური ოჯახში და, მოკლედ რომ ვთქვა, მტრული გარემო ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს, ამ შემთხვევაში ისინი მსხვერპლნი არიან. ასევე გვხვდება იერარქიული ძალადობაც, ძლიერიდან ყველაზე სუსტზე, ანუ ქმარი ძალადობს ცოლზე, ცოლი თავისმხრივ ირჩევს თავისზე სუსტს, შვილს და მასზე გამოხატავს იმ უარყოფით დამოკიდებულებას, რომელიც მჩაგვრელის, ქმრის მიმართ ვერ გამოხატა. ასეთ ოჯახში ადაპტირებული ბავშვი ყალიბდება აგრესორად, კონფლიქტურ და უარყოფით პიროვნებად, ამ თვისებების ადამიანს ნაკლები შანსი აქვს გარემოსთან შეგუების. ბავშვი ხომ ოჯახის სარკეა, რაც არ უნდა ჭუჭყიანი იყოს ის, მაგრამ საქართველოში რომელ ჭუჭყზეა საუბარი, როცა დასჯა `აღზრდის~ მეთოდად ითვლება. ქართველი მშობლების უმეტესობა კი ამ მეთოდზე უბრალოდ `გიჟდება~.
უამრავი ქართველი მშობელი, ბევრ სხვა სტერეოტიპთან ერთად ხელმძღვანელობს ფრაზით _ `ბავშვი მტრულად გაზარდე და მოყვრულად გამოგადგებაო~. ასეთ გარემოში მცხოვრები ბავშვებისათვის ოჯახი უსაფრთხო გარემო არ არის. ზოგიერთი მშობელი შვილს, `გამოსასწორებლად~, ართმევს თამაშის უფლებას, უკრძალავს თანატოლებთან ურთიერთობას ან ფიზიკურადაც კი სჯის. ასეთ მშობლებს არ ადარდებთ ბავშვის ფსიქიკა. ძალადობრივმა მოპყრობამ შეიძლება ბავშვი თვითმკვლელობამდე მიიყვანოს. ხშირ შემთხვევაში კი ძალადობის მსხვერპლი მოზარდები თავადაც მოძალადენი ხდებიან. მე ვფიქრობ, ფიზიკური დასჯა, ბევრი სხვა უარყოფითი შედეგითურთ, არაფრის მომცემია, რადგან ფიზიკური დასჯა იწვევს ტკივილს, რომელიც ხსნის დანაშაულის განცდას. შედეგად ბავშვი ფიქრობს არა ჩადენილ დანაშაულზე, არამედ ტკივილზე.
ამრიგად, ოჯახური ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევაა. იგი გლობალური სენია. მისგან არც ერთი საზოგადოება არ არის დაზღვეული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამ პრობლემის გარშემო საუბარი მასობრივ ხასიათს იღებს, საზოგადოების გარკვეული ნაწილი აღნიშნულ პრობლემას ვერ აცნობიერებს და არც კი აღიქვამს ამ მოვლენას სოციალურ პრობლემად. ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი შეიძლება იყვნენ: ქმარი, ცოლი, შვილი ან ხანდაზმული მშობლები. პრობლემის მოგვარებისათვის, მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მოზარდების ინფორმირება ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ოჯახში არსებულმა დაძაბულმა მდგომარეობამ, მომავალში მათ ოჯახებში არ გადაინაცვლოს. რაც შეეხება ბავშვებზე ძალადობას, როგორც ზემოთ ვთქვით, ჩვენს ქვეყანაში ბავშვის აღზრდა ძალადობის მეთოდით ერთგვარი `სტერეოტიპია~, რომელიც დამყარებულია ცრუ შეხედულებებზე. მშობლების წარმოდგენით, ისინი ღირსეული, ნამდვილი ქართველის აღზრდას უწყობენ ხელს. სინამდვილეში კი ბავშვს უმახინჯებენ ფსიქიკას და ზრდიან არა ღირსეულ ქართველს, არამედ მომავალ, მოძალადე მეუღლესა და მშობელს.