„ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“

ავტორი: ჯაბა თებიძე

საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებები


ქართული სამართლის ისტორიაში მრავალი ძეგლი მოიპოვება, რომელიც თავისი შინაარსითა და რეგულირების სფეროებით შეიძლება მივიჩნიოთ როგორც სახელმწიფო სამართლის ანუ კონსტიტუციური სამართლის წყაროდ. ჩვენამდე მოღწეულ ერთ-ერთ ძველ სახელმწიფო სამართლის წყაროს წარმოადგენს Ⅸ-ე საუკუნეში მოღვაწე ტაო-კლარჯეთის მთავრის ბაგრატ კურაპალატის „სამართლის წიგნი“. მეთვრამეტე საუკუნეში ვახტანგ Ⅵ’ის ინიციატივით იქმნება კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტი, რომელიც მოიცავდა და აერთიანებდა სამართლის მრავალ წყაროს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის 1918-1921 წლების დამფუძნებელი აქტი ანუ დამოუკიდებლობის აქტი რომელიც სქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო, წარმოადგენდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს საქართველოს შემდგომი კონსტიტუციური განვითარებისათვის. დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე შემდგომში მიღებულ იქნა 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აქტი. 1921 წლის შემდგომ სამხედრო ინტერვენციით, ძალისმიერად გასაბჭოებულ საქართველოში მიღებულ იქნა ოთხი კონსტიტუცია - 1922, 1927, 1937 და 1978 წლების კონსტიტუციები. ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოება აქვს საკმაოდ მძიმე და რთული კონსტიტუციური გამოცდილებანი, როდესაც ერის მთავარი იურიდიული დოკუმენტი არ ასახავს მათ ნებას და არ იძლევა რეალურ ბერკეტებს უფლება-თავისუფლებების რეალიზებისათვის. შემდგომში იყო 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია, რომელმა ბევრი მკვლევარის აზრით სტაბილურობა შემოიტანა ქართულ სინამდვილეში. მრავალი ცვლილებ-დამატებები შეეხო 1995 წლის კონსტიტუციის პირვანდელ ტექსტს, პირველი ცვლილება განიცადა 1999 წელს როდესაც დადგინდა 7% საარჩევნო ბარიერი. 2000-2002 წლებში კონსტიტუციური კანონით განისაზღვრა აჭარისა და აფხაზეთის სტატუსი როგორც ავტონომიური რესპუბლიკებისა. ამავე პერიოდში კონსტიტუციური კანონის საფუძველზე დაიშვა შეთანხმების დადების შესაძლებლობა საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიას შორის. შემდგომში იყო 2003 წლის კონსტიტუციური კანონი რომლითაც დაწყებით განათლებასთან ერთად სავალდებულოდ გამოცხადდა საბაზო განათლებაც.

საქართველოს კონსტიტუციამ პირველი მაშტაბური ცვლილებები განიცადა 2004 წელს და შემდგომი კონსტიტუციური კანონებით ცვლილებები შევიდა მთელ რიგ მუხლებში, დაემატა 41-ე მუხლი და ამოღებულ იქნა 91-ე მუხლი. ამავე პერიოდში შემოღებულ იქნა მართველობის ახალი ე.წ ფრანგული მოდელი. ასევე შეიცვალა პარლამენტის წევრის იმუნიტეტის სტატუსის შინაარსი და პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდა 150-მდე. ამავე პერიოდშივე იზრდება საქართველოს პრეზიდენტის უფლება-მოსილებანი, პრეზიდენტის უფლება გადააყენოს მთავრობა და თანამდებობიდან გაათავისუფლოს საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები. 2005 წლის 27 დეკემბრის კონსტიტუციური კანონით დადგინდა საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ახალი ასაკობრივი ზღვარი. 2006 წლის საკონსტიტუციო კანონით გაიზარდა პრეზიდენტის როგორც შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის უფლებები. 2006 წლის 27 დეკემბრის ერთ-ერთი საკონსტიტუციო კანონით იკრძალება დაკავებული პირის ფიზიკური და ფსიქიკური იძულება. საგულისხმოა, რომ თუ გადავხედავთ სახალხო დამცველის ანალოგიური პერიოდის ანგარიშებს, დავრწმუნდებით რომ სახალხო დამცველის აპარატი ხშირად მიუთითებდა აღნიშნული საკონსტიტუციო დებულების დარღვევაზე.

პარლამენტის ადგილსამყოფელი შეიცვალა ორი კონსტიტუციური კანონით, ეს გახლავთ 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი, რომელიც ადგენს რომ საქართველოს პარლამენტი პლენალურ სხდომებს ატარებს ქ. ქუთაისში, ხოლო 2011 წლის 1 ივლისის კონსტიტუციური კანონი საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელად აცხადებს ქ. ქუთაისს.

მხოლოდ ზემო-აღნიშნული ცვლილებებით როდი შემოიფარგლება საქართველოს კონსტიტუცია, შემგომ პერიოდებში ცვლილებებს დაექვემდებარა მთელი რიგი მუხლები.

დღეს კი საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კონსტიტუცია, 117 ხმით 7 წინააღმდეგ.

თუ კონსტიტუცია ვერ ასახავს სახალხო ნებას და წარმოადგენს გამყოფ ხაზსხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, უდავოა რომ მას ვერ ექნება მაღალი საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია. პარლამენტის დეპუტატთა დიდ ნაწილს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, რაც ნეგატიურ მოვლენას წარმოადგენს ქართული სახელმწიფოს კონსტიტუციური განვითარებისათვის. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა აშშ-ისს საელჩო და გამოხატა იმედგაცრუება მხარეთა შორის კონსესუსის არარსებობის გამო. პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. აღნიშნული ქმედებითა და წარსული საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორიამ დაგვანახა, რომ ხალხი ცდება და ხელისუფლება ყოველთვის მართალია, მას აქვს ექსკლუზივი ჭეშმარიტებაზე.

კრიზისულია დღეს ქართული დემოკრატია, ის რაც გარეგნულად ჩანს, ვაკეთოთ ის რაც გვინდა კანონის ფარგლებში, ვთქვათ რასაც ვფიქრობთ უფლება-თავისუფლებების კონტექსტში, რეალურად არის მოჩვენებით დემოკრატია ანუ „ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“, როდესაც არ იზიარებ საზოგადოების აზრსა და უგულებელყოფ მის უპირველს საჭიროებებსა და ვერ ხედავ მის გასაჭირს, ტკივილს, ბუნებრივია ეს აკარგვინებს ხელისუფლებას სახალხო ლეგიტიმაციას.

ფრანგი მწერა და ფილოსოფოსი პოლ ვალერი ერთ-ერთ თავის წერილში, პირველი მსოფლიო ომის პერიოდში საფრანგეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის ბენჟამინ კლემანსოს შესახებ წერს, რომ „მას სიგიჟემდე უყვარდა საფრანგეთი მაგრამ ჭირის დღესავით სძულდა ყოველივე ფრანგი“ .

ქართველ ერს აქვს განსაკუთრებული მიდრეკილება განათლებისადმი და ამის დასტური გახლავთ მრავალსაუკუნოვანი ქართული საეკლესიო და საერო ლიტერატურა, ქართულ საზოგადოებაში, რომელიც უნდა აღნიშნოს რომ თავისი ბუნებით დემოკრატია, არსებობდა მოთხოვნილება განათლებისადმი და შესაბამისად იქმნებოდა ლიტერატურული შედევრები და ამან თავისი ასახვა პოვა ძველ ქართულ სამართალზეც. სახელმწიფოს მთავარ იურიდიულ დოკუმენტს უდავოდ სჭირდება მაღალი სახალხო ნდობა და ლეგიტიმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შესაძლოა გადაიქცეს სოციალური რისკების შემცველ დოკუმენტად, რომელიც სახელმწიფო სტაბილურობისათვის ნამდვილად არ არის სასიკეთო.

ცეცხლი პრომეთეს ხელში არის განათლება, სიბრძნე და სინათლე ხოლო იგივე ცეცხლი ჰეროსტრატეს ხელში არის ნგრევა, ტკივილი და სიბნელე. ხელისუფლებებს ნებისმიერ გარემოსა თუ სახელმწიფოში მართებთ დიდი დაფიქრება და საზოგადოების ნების გათვალისწინება, რამეთუ სახელმწიფოებრივი აზროვნება ეს მასშტაბური აზროვნებაა.