განკითხვის დღეები

ავტორი: ანა მოსაშვილი

რამოდენიმე დღეა რაც საპატრიარქოს ირგვლივ ატეხილი სკანდალი არ წყდება. დედა-ეკლესიის წიაღში დაგროვილი ყველა უთანხმოება, დაპირისპირება და მღვდლებს შორის პაექრობა უკვე ნორმად გადაიქცა. პატრიარქი უკვე ასაკშია, როგორც ჩანს, ჯგუფებს შორის დაპირისპირებაც მის ტახტამდე მიმავალ გზაზეც გადის. ეჭვმიტანილი მამალაძე უკვე დიდი ხანია ბრალდებულიცაა, საზოგადოების ერთი ჯგუფისთვის. ეკრანიდან საზოგადოება ისმენს ერთმანეთის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს და თუ კარგად არ შეხედე, შეიძლება ვერც გაარჩიო სასულიერო პირი საუბრობს, თუ საერო.

საპატრიარქოში, რომ პრობლემები იყო და ახლა ყველაზე მეტად არის, ამაზე არავინ დაობს. სამღვდელო ფენა დიდი ხანია საზოგადოებისგან თითქოს გაირიყა. არავინ დაობს იმაზეც, რომ მღვდელს უნდა ჰქონდეს მობილური ტელეფონი ან მანქანა, მაგრამ აქ საუბარია ფუფუნების საგნად ქცეულ ნივთებზე, რომელთა თვითღირებულაც ძალიან დიდია.

დიახ, სადაც ამდენი ადამიანი შემწეობას ითხოვს, ჩემთვის პირადად მიუღებელია, ძვირადღირებული მანქანებით გრიალი და უკანასკნელი მოდელის მობილურების ცხვირწინ ტრიალი, მითუმეტეს სასულიერო პირებისგან.

ამ სკანდალიდან ცოტახანში სასულიერო პირის საუბარს შევესწარი. ეჭვმიტანილ მამალაძეს წაყენებულ ბრალდებასთან ერთად, იმიტომაც განიკითხავდა, რომ თმები თითქმის ჩემს სტილში ჰქონდა შეჭრილი და მის მრევლშიც უმეტესად მოზარდი თაობა ჭარბობდა. სწორედ, ამ მომენტში მივხვდი,რომ დიდი განსხვავება უკვე ნამდვილად აღარ იყო საერო თუ სასულიერო პირთა სასაუბრო ლექსიკის, შეგნების, დამოკიდებულის თუ შემწყნარებლობის დონეზე.

რაც შეეხება საქმის სამართლებრივ კუთხეს, ალბათ, გამოძიებამ სრულად უნდა გასცეს ყველაზე იმ კითხვას პასუხი, რაც ამჯერად საზოგადოებაში არსებობს და ასევე აუცილებელია, ალბათ, პირველ რიგში თავად ეკლესიის მომავლისთვის არის საჭირო,რომ წერტილი დაუსვას ყოვლადგაუმჭვირვალე კომერციულ საქმიანობას და ამავე დროს თავისივე წიაღში თუ ჩაატარებს ე.წ. წმენდას, ალბათ საუკეთესო გამოსავალი იქნება. ყველას ადგილი, რომ ეკლესიაში არ არის ეს უკვე ფაქტია და ამის შედეგიცაა დღევანდელი მოვლენები.

თითოეულ მოქალაქეს კი ნამდვილად აქვს უფლება ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე მეტი ინფორმაცია იცოდეს.

მანამ კი სანამ, დასმულ კითხვებს პასუხები გაეცემა, ერთი რამ ფაქტია, რომ „განკითხვის დღეები“, მხოლოდ ახლა იწყება და არაა გამორიცხული მომხდარმა ფაქტმა სხვა უფრო საინტერესო, სკანდალურ და გასაიდუმლოებულ ამბებს ახადოს ფარდა. კარგი იქნება ეს თუ არა, ან ვინ შეეწირება საბოლოოდ ამ პროცესებს, ამას ალბათ მომავალი გვიჩვენებს. ასევევთვლი, რომ თუკი პროცესი დაიწყო, ახლა ძალიან რთული იქნება, რომ სიტუაცია გააკონტროლონ და მათთვის არასახარბიელო ინფორმაციის გამომზეურებას შეეწინააღმდეგონ.

ასევე მოდით ნუ ვიქნებით რომის პაპზე მეტი კათოლიკეები და საკუთარ თავზე იმაზე მეტ პასუხისმგებლობას ნუ ავიღებთ, ვიდრე შეგვიძლია. გვირჩევნია ფსევდო-მორწმუნე დამოკიდებულებებს თავი დავაღწიოთ და სიტუაცია რაციონალურად შევაფასოთ.

დროა, თუკი მიგვაჩნია, რომ ეკლესია ჩევნი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტი, მისი გაჯანსაღების პროცესში ჩვენც შევიტანოთ წვლილი და კვლავ ნუ ვიტყვით, რომ ყველაფერი კარგადაა და ასევე ნურც მხოლოდ ერთი მღვდლის ანაფორას ნუ ამოვეფარებით.