ერთიან ეკონომიკურ სივრცეში აცხოვრებს აშშ-ის 310 მილიონ მოქალაქეს და 500 მილიონ ევროკავშირელს, თუ განხორციელდა ტრანსატლანტური ვაჭრობისა და ინვესტიციის პარტნიორობის (TTIP) შეთანხმება ევროკავშირსა და აშშ-ს შორის. კვირას გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა, ჩემი აზრით, მოლაპარაკება აშშ-თან დე ფაქტო ჩაიშალა, თუმცა ამას არავინ აღიარებსო.
Your browser doesn’t support HTML5
ასე ფიქრობს ევროკავშირის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ვიცე-კანცლერი. ევროპის ასევე მსხვილი სახელმწიფოს პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ევროკომისიის საპირისპირო კურსი დაიჭირა და გამოაცხადა, წლის ბოლომდე მოლაპარაკება ვერ დასრულდებაო. სამშაბათს ოლანდმა თქვა: მოლაპარაკება ჩიხშია, უთანასწორობა აშკარაა, ორივე მხარე უნდა გავაფრთხილოთ, რომ საფრანგეთს არ შეუძლია ამგვარ შეთანხმებას მხარი დაუჭიროსო.
ევროკომისია მოელის, რომ ევროპაში წარმოებული საქონელი აშშ-ში იაფი იქნება, ეს გაზრდის პროდუქციის წარმოებას და გააჩენს სამუშაო ადგილებს, ფირმებს მეტი სამოქმედო არეალი გაუჩნდებათ, შემკვეთები მეტ შეთავაზებას მიიღებენ, მწარმოებლები - მეტ შეკვეთას, მომხმარებლებს მეტი არჩევანი გაუჩნდებათ - მოკლედ, ელიან ეკონომიკურ აღმავლობას, კანონები და სტანდარტები ერთმანეთს დაუახლოვდება, რათა ვაჭრობა წახალისდეს. ასეთია ზოგადი შეფასება კანონპროექტისა, რომელიც დიდი ხანია განიხილება. დოკუმენტებზე წვდომა, გარდა მოლაპარაკებათა მონაწილეებისა, აქვთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოხელეებსა და პარლამენტარებს, ასევე ევროპარლამენტისა და აშშ-ის კონგრესის წევრთა მცირე ჯგუფს. „ტი-ტი-პის“ რომ მოწინააღმდეგეები ჰყავს იქიდან ჩანს, რომ ის დღემდე ვერ გაფორმდა. ვისაც არ სჯერა მისი წარმატების, ფიქრობს, რომ როცა აშშ-ში ექსპორტი გაიზრდება, შიდაევროპული ბაზარი გაიყინება, ბაჟის გაუქმება გამოიწვევს ევროპაში აშშ-ის იაფფასიანი საქონლის - მაგალითად, ხორცის - მოზღვავებას. ამას დაერთვის ის, რომ, კრიტიკოსების თანახმად, „ტი-ტი-პიმ“ შეიძლება ავნოს საჯარო სამსახურების განსაკუთრებულ როლს, ჯანმრთელობის დაცვის სექტორს, განათლების სფეროს და წყლით მომარაგებას. გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, პროფესორი ჰანს იურგენ პაპიერი ამ საფრთხეზე ლაპარაკობს გერმანიის მედიასთან:
„საფრთხე ექმნება სოციალურ და სამართლებრივ სტანდარტებს, გარემოს დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, მომხმარებელთა დაცვის სფეროებს და სუვერენულ, ანუ ხალხის მიერ არჩეულ, პარლამენტებს ამაზე გავლენის მოხდენა არ შეეძლებათ“.
აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, მთავრობა დაინტერესებული იყო იმით, რომ „ტი-ტი-აი-პი“ გაფორმებულიყო, მაგრამ ერთობ სათუოა, რომ ეს მოესწროს ნოემბრამდე. თვითონ ანგელა მერკელი ასე ლაპარაკობს აშშ-თან შეთანხმებაზე:
„მე პირადად ვფიქრობ, რომ ხეირი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე შესაძლებელი საფრთხე“.
გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ თითქოს ნდობა დაკარგა ამ ხელშეკრულების მიმართ. გერმანიის მედია იტყობინებოდა დასკვნის შესახებ, რომელიც „ტი-ტი--პის“ შეეხებოდა და სადაც ლაპარაკია სწორედ იმაზე, რაც ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრმა ზიგმარ გაბრიელმა განმარტა, მოლაპარაკებათა 14 რაუნდის განმავლობაში, როცა განიხილავდნენ ტრანსატლანტური ვაჭრობისა და ინვესტიციის პარტნიორობის კანონპროექტის 27 თავს, მხარეებს არ მიუღწევიათ შეთანხმებისთვის არც ერთი თავის გარშემოო. ზიგმარ გაბრიელმა შემდეგი განუცხადა გერმანიის ტელეარხ „ცეტ-დე-ეფს:
„მე იმის მომხრე ვარ პრინციპულად, რომ გერმანიამ თავისუფალი ვაჭრობისთვის იბრძოლოს, რადგან ჩვენ ექსპორტზე ორიენტირებული სახელმწიფო ვართ. ჩვენი საწარმოები - არა დიდი, არამედ მცირე საწარმოები - მოიგებენ ამით, მაგრამ ეს უნდა მოხდეს არა ყველაფრის ხარჯზე. მოლაპარაკება აშშ-თან, ფაქტობრივად, ჩაიშალა, რადგან ჩვენ, ევროპელებს, არ შეგვიძლია ამერიკელთა მოთხოვნებს დავექვემდებაროთ“.
მას შემდეგ, რაც გაბრიელმა თქვა, 27 თავი აქვს ამ შეთანხმებას და 14 შეხვედრის განმავლობაში ვერც ერთის თაობაზე ვერ შევთანხმდით ევროპელები და ამერიკელებიო, თავისი აზრი გამოხატა აშშ-თან მოლაპარაკებაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა იგნასიო გარსია ბერსერომ. მან თქვა: გერმანელი მინისტრი აზვიადებსო.
განსაკუთრებით რთული გამოდგა მორიგება აშშ-ის შესყიდვის ბაზარზე ევროპის ქვეყნების ხელმისაწვდომობის საკითხში, ასევე ინვესტიციების დაცვის რეფორმირების, მომსახურების სფეროებში და აშშ-ში პროდუქტის გეოგრაფიული წარმოშობის მონაცემთა დაცვის და კიდევ ერთ, სასოფლო სამეურნეო პროდუქტზე საბაჟო გადასახადის გაუქმების საკითხში. როგორც ექსპერტები ამბობენ, მოხდა ორი სამყაროს შორის შეჯახებასავით, მათ განსხვავებული მიდგომა აქვთ ბევრ სფეროში. მაგალითად, როცა ევროპაში პროდუქტების თაობაზე არსებობს აზრი, რომ ის საფრთხის შემცველია, მასზე უარს ამბობენ. აშშ-ში პირიქითაა: როცა დამტკიცდება, რომ პროდუქტმა ზიანი მოიტანა, მხოლოდ მაშინ იწყება საკითხის განხილვა. მაგალითად, ქათმის ხორცი. ევროკავშირში ქლორიან წყალში გატარებული ქათმის ხორცის შეტანა 1997 წლიდანაა აკრძალული. აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის მოწინააღმდეგეები შიშობენ, რომ ევროპის მაღაზიებში გამოჩნდება ეს ქლორიანი ქათმები. ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ არაა აზრს მოკლებული ქათმის ხორცის ქლორიან წყალში გატარება სალმონელის საშიში ბაქტერიის მოსასპობად. აშშ-ში დაშვებულია ქლორის შემცველ სითხეში ფრინველის ხორცის გატარება ან ასეთი ნარევის შესხურება. ამას მოჰყვება სწორედ ის შიში, რომ მომავალში ევროპული ბაზარი არ იქნება დაცული მსგავსი პროდუქტისგან. უთანხმოების თემაა ასევე გენეტიკურად მანიპულირებული პროდუქტი. აშშ-თან ხელშეკრულების მომხრეები ამბობენ, რომ ევროკავშირის სტანდარტი გენეტიკურად სახეცვლილი პროდუქტების მიმართ არ გაუარესდება, თუმცა მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ, პირიქით, გაუქმდება ვალდებულება, პროდუქტის ეტიკეტზე მითითებული იყოს, რომ პროდუქტი გენეტიკურად მანიპულირებულია. ის, რაც დაშვებულია აშშ-ში, აკრძალულია ევროპაში. ეს ეხება კლონირებული და ზრდის ჰორმონით მანიპულირებულ საქონლის ან ღორის ხორცს. აშშ, თავის მხრივ, ზღუდავს ევროპიდან საქონლის ხორცის შეტანას, რადგან საქონლის ცოფისა ეშინია. აშშ-ში ეჭვით უყურებენ დაუმუშავებელი ძროხის რძისაგან დამზადებულ ყველს, როგორიცაა „როკფორი“. განსხვავებულია ასევე მიდგომა პროდუქტის გეოგრაფიული წარმოშობის მიხედვით დასახელების მიმართ. ევროპის კავშირში სახელები - მაგალითად, „ტიროლური ღორის ქონი“ ან „შვარცვალდის ლორი“ და სხვა მრავალი - დაცულია, ამერიკაში კი ყველას შეუძლია პროდუქტს დაარქვას, რაც სურს, თუნდაც ის არ იყოს შესაბამისი რეგიონიდან.
საქმე ეხება ორ სხვა მნიშვნელოვან რამეს: ერთია ის, რომ ვაჭრობის ზღუდეები უნდა მოისპოს და ეს შეიძლება გულისხმობდეს საზოგადოებრივ-პოლიტიკურად მნიშვნელოვან რეგულირებებსაც, და მეორე ის, რომ ეკონომიკურმა ინტერესებმა კიდევ უფრო დიდი ზეგავლენა უნდა მოიპოვონ კანონმდებლობაზე...ტილო ბოდე
თავის სიტყვას ამბობს საავტომობილო მრეწველობა. გერმანია მსოფლიოს თუ არა, ევროპის უდიდესი ავტომწარმოებელი ქვეყანაა და აშშ-სა და კანადაში „მერსედესის“, „ბე-ემ-ვეს“, „აუდის“ და „ფოლკსვაგენის“, ასევე „პორშეს“ ბაჟის გარეშე შეტანა დიდი ხეირის მომტანი იქნებოდა. „დაიმლერის“, ანუ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანების მწარმოებელი სააქციო საზოგადოების მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, დიტერ ცეჩემ, განაცხადა, რომ „როცა აშშ წყნარი ოკეანისკენ იღებს ორიენტაციას, ეს, ცხადია, ევროპის როლს მსოფლიო სცენაზე არ გააძლიერებს, ამიტომ, „ტი-ტი-პი“ არა არჩევანი, არამედ ვალდებულებაა“.
გერმანიაში თავგამოდებული მოწინააღმდეგე ჰყავს „ტი-ტი-პის“, მაგალითად, ტილო ბოდეს სახით. მას მედიამ უწოდა კაცი, რომელმაც მოსპო „ტი-ტი-პი“. ის ადრე გერმანიაში „გრინპისს“ ხელმძღვანელობდა, შემდეგ დააარსა „ფუდუოჩი“ - მომხმარებელთა ორგანიზაცია. „თავისუფალი ვაჭრობის სიყალბე: რატომ არგებს „ტი-ტი-პი“ მხოლოდ კონცერნებს და ჩვენ ყველას კი გვავნებს“, ასე სვამს საკითხს ბოდე და განაგრძობს:
„ტყუილი ისაა, რომ აქ არ არის ლაპარაკი კლასიკურ ფორმაზე თავისუფალი ვაჭრობისა, რომელიც საბაჟო გადასახადის შემცირებით წახალისდება. საქმე ეხება ორ სხვა მნიშვნელოვან რამეს: ერთია ის, რომ ვაჭრობის ზღუდეები უნდა მოისპოს და ეს შეიძლება გულისხმობდეს საზოგადოებრივ-პოლიტიკურად მნიშვნელოვან რეგულირებებსაც, და მეორე ის, რომ ეკონომიკურმა ინტერესებმა კიდევ უფრო დიდი ზეგავლენა უნდა მოიპოვონ კანონმდებლობაზე“.
ვის გულისხმობდა ბოდე, ძნელი სათქმელია, მაგრამ აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილებს ასე გამოეხმაურა გაზეთ „ჰანდელსბლატის“ გვერდებზე გერმანიის „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ ხელმძღვანელი ქრისტიან ლინდნერი:
„ვხედავ მზარდ ეკონომიკურ უწიგნურობას. „ტი-ტი-პის“ შემთხვევაში ერთმანეთში აირია ანტიამერიკანიზმი და მარტივი დეზინფორმაცია“.