არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ჟენევის 43-ე რაუნდის ყველა ფორმატში განიხილება

გაეროს შტაბ-ბინა ჟენევაში

არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის მოსპობა და ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგში ქართული მხარის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეულ საკითხებს შორისაა. ორდღიანი მოლაპარაკებების პირველი დღე, 27 მარტი, თანათავმჯდომარეებთან შეხვედრებს ეთმობა, 28 მარტს კი მსჯელობა სამუშაო ჯგუფებში კონფლიქტის ზონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების განხილვით გაგრძელდება.

Your browser doesn’t support HTML5

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ჟენევის 43-ე რაუნდის ყველა ფორმატში განიხილება

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდი

  • ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდზე საქართველოს დელეგაცია განსაკუთრებული სიმწვავით დააყენებს არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის მოსპობისა და დამნაშავეთა დადგენის საკითხს;
  • ქართული დელეგაციის დღის წესრიგის ძირითად საკითხად ამჯერადაც იქნება რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების ცალმხრივად აღება.
  • ჟენევაში ყურადღება გამახვილდება ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში.

    ახალგორი

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდზე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის მოსპობისა და დამნაშავეთა დადგენის საკითხს საქართველოს დელეგაცია განსაკუთრებული სიმწვავით რუსეთის დელეგაციის წინაშე დააყენებს. ამის შესახებ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ განაცხადა. იგი ამბობს, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ და რუსეთმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რადგან სწორედ იგი ახორციელებს კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც არჩილ ტატუნაშვილი არსებული განუკითხაობის პირველი მსხვერპლი არ არის.

ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარე, 43-ე, რაუნდზე, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას, განმარტებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარულ ვითარებაზე მსჯელობა ძირითადად არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტის გარშემო წარიმართება. შესაბამისად, ამ ფონზე განზოგადდება ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემები დე ფაქტო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში:

“რა მდგომარეობაა გალსა და ახალგორში, მთლიანად ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გარდა ამისა, დადგება ყველა ის საკითხი - ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი, ბაშარულის და ასე შემდეგ. ყველა საკითხს საკმაოდ მწვავედ დააყენებს ჩვენი მხარე“.

ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის დღის წესრიგის ძირითად საკითხად ამჯერადაც რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების ცალმხრივად აღება რჩება. თუმცა, დისკუსიის წინა რაუნდებისგან განსხვავებით, 43-ე რაუნდის მთავარი ინტრიგაა, გაფორმდება თუ არა და რა სახეს მიიღებს ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივი განცხადება, რომელზეც მხარეთა შორის პოზიციების დაახლოების თაობაზე ინფორმაცია ამ ცოტა ხნის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგოლი კარასინის, კომენტარით გახდა ცნობილი. ამ განცხადების თანახმად, დეკლარაციას იურიდიულად სავალდებულო ხასიათი არ ექნება, არ შეეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სტატუსს, თუმცა გაფორმდება ოთხ სუბიექტს - საქართველოს, რუსეთს და დე ფაქტო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის. წინასწარი ინფორმაციით, ერთობლივი განცხადების საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდზე მსჯელობა 28 მარტს გაიმართება, მანამდე კი მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა ამბობს, რომ განცხადებას ქართული მხარე იმ შემთხვევაში მიუერთდება, თუ დარწმუნდება, რომ დოკუმენტი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას წაადგება:

რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს დღევანდელ დღეს ამის თქმა და ტკივილით აღსავსე თითოეული სიტყვა, რომელსაც მე ვამბობ, ქართული სახელმწიფო თანმიმდევრულად გააგრძელებს შერიგების პოლიტიკას...
გიორგი კვირიკაშვილი

“ეს დოკუმენტი თუ მიიღება, როცა მიიღება, იქნება მონაწილეთა ერთობლივი განცხადება და ამას არანაირი კავშირი არ აქვს ცხინვალის და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების რაიმე სახით ლეგიტიმაციასთან ან მათ კონფლიქტის მხარედ წარმოჩენასთან. ამ განცხადებაში მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ რუსეთი ადასტურებს თავის ვალდებულებას საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით“.

დავით დონდუა ამბობს, რომ ეს იქნება იურიდიულად არასავალდებულო პოლიტიკური განცხადება, რომელსაც დიდი წონა აქვს საერთაშორისო სამართალში. მისივე განმარტებით, ამ განცხადებაზე მუშაობა 6 წელია მიმდინარეობს, ბოლო დროს ტექსტის შეთანხმებასთან დაკავშირებით გარკვეული წინსვლაც იყო, თუმცა იგი საბოლოო სახით ჩამოყალიბებული არ არის და ძნელია იმის პროგნოზირება, დამტკიცდება თუ არა 43-ე რაუნდზე.

თავის მხრივ, დე ფაქტო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. 27 მარტს მთავრობის სხდომაზე მან არჩილ ტატუნაშვილის მკვლელებს ქართულ-ოსური შერიგებისა და საქართველოს გაერთიანების მტრები უწოდა და დამნაშავეების დასჯის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. რაც შეეხება რუსეთს:

გიორგი კვირიკაშვილი

„რა თქმა უნდა, რუსეთი ვერანაირად ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა, და ეს პასუხისმგებლობა დაფიქსირებულია საერთაშორისო რეზოლუციებში, მათ შორის, ჩვენი დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევის შედეგად, ევროსაბჭოს არაერთ რეზოლუციაში, სადაც ცხადად, შავით თეთრზე წერია, რომ ქვეყანა, რომელიც ახორციელებს ფაქტობრივ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აგებს პასუხს იქ ადამიანის უფლებების დარღვევებზე და, რა თქმა უნდა, ის, რაც მოხდა, არის მკვლელობა, არის ძალიან დიდი ტრაგედია, მაგრამ მას ჰყავს კონკრეტული პასუხისმგებლები“.

გიორგი კვირიკაშვილმა აქვე განაცხადა, რომ რაც დრო გავა, მით უფრო მეტად გააცნობიერებს ყველა არჩილ ტატუნაშვილის გმირობას. „რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს დღევანდელ დღეს ამის თქმა და ტკივილით აღსავსე თითოეული სიტყვა, რომელსაც მე ვამბობ, ქართული სახელმწიფო თანმიმდევრულად გააგრძელებს შერიგების პოლიტიკას“, - დასძინა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს მიმართა, დიდი ხნით არ გადაიდოს მის მიერ მომზადებული პაკეტის განხილვა, და პარლამენტს მოუწოდა, ერთად, თანმიმდევრულად გააგრძელონ იმ ნაბიჯების გადადგმა, რომლებსაც ამ უმძიმეს ინციდენტამდე დგამდნენ.