4 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ხელი მოეწერა „ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას", რომლის საფუძველზე საქართველოს ექნება შესაძლებლობა, უსაფრთხო კომუნიკაციის არხის საშუალებით, ევროპოლსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან გაცვალოს დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები.
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს მხრიდან „ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას" ხელი მოაწერა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, რომლის თქმითაც, საპოლიციო თანამშრომლობა სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ამ უმნიშვნელოვანესი შეთანხმების გაფორმებამდე სამინისტრომ დიდი და მრავალწლიანი შრომა გასწია. ჯერ კიდევ 2015 წლის ივნისში ევროპოლის ექსპერტებმა საქართველოში ადგილზე შეისწავლეს და შეაფასეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ხარისხი და რამდენიმე თვეში დადებითი დასკვნაც დაწერეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შსს სრულად აკმაყოფილებს ევროპოლის სტანდარტებს. გიორგი მღებრიშვილის თქმით, შეთანხმების გაფორმებით საქართველო ევროპოლის ოპერატიული და სტრატეგიული პარტნიორი გახდა:
„რასაც ჩვენი თანამშრომლობა ევროპის პოლიციის სამსახურთან სრულიად ახალ საფეხურზე გადაჰყავს. შეთანხმების თანახმად, ევროპოლთან და მის მეშვეობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართლადამცავ ორგანოებთან უსაფრთხო კომუნიკაციის არხის საშუალებით გავცვლით დანაშაულთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და პერსონალურ მონაცემებს და ევროპის პოლიციის სამსახურისგან ანალიზზე დაფუძნებულ მნიშვნელოვან საპოლიციო ინფორმაციას მივიღებთ“.
შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობის ხაზგასასმელად ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა:
„ამ შეთანხმების ძალაში შესვლით საქართველო თანდათან ხდება ევროპული წესრიგის განუყოფელი ნაწილი, ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი სამართალდაცვით სფეროში. შესაბამისად, ჩვენ გვექნება უსაფრთხოების სრულიად სხვა შესაძლებლობები. გვექნება ყველა საშუალება იმისათვის, რომ ერთობლივი ბრძოლა ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ იყოს კიდევ უფრო ეფექტიანი. ჩვენ გვექნება ყველა პირობა საიმისოდ, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობა ევროპის სამართალდამცავ უწყებებთან“.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შეთანხმება ერთი-ორად ზრდის საქართველოს პასუხისმგებლობას ევროკავშირთან თანამშრომლობის პროცესში, რაც ბუნებრივად მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ დამფუძნებელს, ქეთი ჩაჩავას, რომლის თქმითაც, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიღების შემდეგ საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან თვისებრივად ახალ ეტაპზე გავიდა.
„ჩვენ არაერთგზის გვითქვამს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია არ არის მხოლოდ ადამიანის გადაადგილების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯი, არამედ ევროინტეგრაციის გზაზე ბევრი სხვა შესაძლებლობების გახსნის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ამიტომ ამ შეთანხმების გაფორმებაც ერთ-ერთი მორიგი ნაბიჯია გადადგმული ჩვენი ქვეყნის ევროპასთან და ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. ეს არ არის მხოლოდ ბაზებთან წვდომა. ეს ასევე გულისხმობს გამოცდილების გაზიარებას, ასევე წარმომადგენლის წარგზავნას, რომელიც ჩართული იქნება დაგეგმარებისა და განხორციელების პროცესში. შესაბამისად, ჩვენ აღვიქმებით ევროპული სივრცის, ევროკავშირის ახლო პარტნიორად. შესაბამისად, როცა საუბარია ევროკავშირის უსაფრთხოებაზე, მისი წევრი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე, ჩვენ კიდევ უფრო ახლოს ვართ ამ ერთიან სისტემასთან“, უთხრა ქეთი ჩაჩავამ რადიო თავისუფლებას.
ჩვენ აღვიქმებით ევროპული სივრცის, ევროკავშირის ახლო პარტნიორად. შესაბამისად, როცა საუბარია ევროკავშირის უსაფრთხოებაზე, მისი წევრი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე, ჩვენ კიდევ უფრო ახლოს ვართ ამ ერთიან სისტემასთან...ქეთი ჩაჩავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, შოთა უტიაშვილიც მიიჩნევს, რომ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობა ევროპოლთან, რომელიც ევროპისთვის იგივეა, რაც დანარჩენი მსოფლიოსთვის ინტერპოლი.
„ევროპოლის ოფისში სხედან ევროპის ყველა ქვეყნის წარმომადგენლები და ასევე პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები და საშუალება აქვთ მათ, რომ პოლიციის დონეზე კრიმინალთან დევნისთვის, დევნილების დაკავებისთვის უფრო ეფექტიანად ითანამშრომლონ, ვიდრე ეს შესაძლებელია ინტერპოლის საშუალებით. საქართველოს მიერ ამ ხელშეკრულების გაფორმება ნამდვილად კარგი ნაბიჯია, მით უმეტეს, რომ ბევრი ქართველი კრიმინალი „მოღვაწეობს“ ევროპის ქვეყნებში და ეს თემა ხშირად დაბრკოლებებს უქმნის საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით. ეს შეუწყობს ხელს ევროპაში ქართულ კრიმინალთან ბრძოლას, მაგრამ ასევე ხელს შეუწყობს ქართველი სამართალდამცავების უკეთეს თანამშრომლობას ევროპის ქვეყნებთან“, უთხრა რადიო თავისუფლებას შოთა უტიაშვილმა, რომლის თქმით, ევროპოლთან მსგავსი ტიპის შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2010-2011 წლებში დაიწყო, თუმცა იმთავითვე ნათელი იყო, რომ საქმის ბოლომდე მიყვანას წლები დასჭირდებოდა. შემთხვევით არაა, რომ რეგიონში მხოლოდ საქართველოს აქვს გაფორმებული ევროპოლთან მსგავსი ტიპის შეთანხმება, რომლის ძალაში შესასვლელად პარლამენტის რატიფიცირებაა საჭირო.