ბრაჰიმი: სირიაში ვითარება უარესდება

სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენელი, ლახდარ ბრაჰიმი ჟურნალისტებს ესაუბრება.

სირიელი აქტივისტების ცნობით, გრძელდება შეტაკებები დედაქალაქ დამასკსა და ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ალეპოში. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ თურქი ოფიციალური პირის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მეამბოხეებმა კონტროლი დაამყარეს სირია-თურქეთის საზღვრის უკვე მესამე საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, სამშაბათს ღამით მთავრობის ჯარებთან შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ.

სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენელი, ლახდარ ბრაჰიმი გამოთქვამს შეფასებას, რომ სირიაში კრიზისი მწვავდება და დესტაბილიზაციით ემუქრება მეზობლებსაც.

„ვითარება უარესდება და უზარმაზარ საფრთხეს უქმნის რეგიონს. ასეთ კონფლიქტს ვერ გამოკეტავ ერთ ქვეყანაში, ის აუცილებლად გავრცელდება სხვებზე და უკვე ვრცელდება კიდეც ამ, ასიათასობით ლტოლვილის სახით. ისინი დესტაბილიზაციას იწვევენ მეზობელ ქვეყნებში, ან დესტაბილიზაციის საფრთხით ემუქრებიან მათ“, განაცხადა ბრაჰიმიმ არაბულენოვან ტელეკომპანია „ალ ჯაზირასთან“ საუბარში. მან სირიაში დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა დაილოგისაკენ, კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად.

„რასაც განსაკუთრებით სერიოზულად და მკაფიოდ მინდა გავუსვა ხაზი, არის ის, რომ ვითარება ძალიან მძიმეა და უარესდება, ის არ უმჯობესდება. სირიელები ორივე მხარეზე ამბობენ ხოლმე: ძალიან მალე გავიმარჯვებთ, სამ თვეში, ან ორ თვეშიო ... არა მგონია, ასე იყოს. არა მგონია, რომელიმე მხარე იმარჯვებდეს ან ახლა ან მომავალში“, ამბობს ბრაჰიმი.

ბრაჰიმი ალ-ჯაზირას ესაუბრა მას შემდეგ, რაც მოინახულა სირიის მეზობელ იორდანიაში, ზაატარის ბანაკში მყოფი სირიელი ლტოლვილები. როცა ბრაჰიმის კორტეჟი ტოვებდა ბანაკს, რომელსაც თავს აფარებს 32 000-მდე სირიელი, ლტოლვილების ჯგუფმა ქვები დაუშინა მის ავტომანქანას.

გაეროს მონაცემებით, სირიის კონფლიქტმა უკვე 250 000-მდე ადამიანი აქცია ლტოლვილად. თუ ბრაჰიმი სწორად აფასებს ვითარებას, რომ ის სულ უფრო უარესდება, ლტოლვილების რიცხვი იმატებს, ისევე როგორც დაღუპულებისა...

სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხება უკვე 18 თვეა გრძელდება. ყველაფერი დაიწყო მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით, რომელთა წინააღმდეგაც ძალა გამოიყენეს მთავრობის ჯარებმა. გაეროს მონაცემებით, კრიზისმა ამასობაში 27 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ბოლო პერიოდის მონაცემებით, სირიაში ძალადობის შედეგად დღეში 200-მდე ადამიანი იღუპება.