რა მოეთხოვება საქართველოს სირიის ომის შემთხვევაში

სირია

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამ დრომდე სირიაში იმყოფებიან, საგარეო უწყება კონკრეტულ მარშრუტს სთავაზობს და, მოსალოდნელი ხიფათის თავიდან ასაშორებლად, ”კატეგორიულად ურჩევს” ქვეყნის დატოვებას. ამასთან, საქართველო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელსაც, შეერთებული შტატების თაოსნობით, გადაწყვეტილი აქვს პასუხი აგებინოს ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების გამო. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და აქვს თუ არა ვალდებულებები საქართველოს ამ პროცესში?

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სირიაში საქართველოს 20-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება და მათ ძირითად ნაწილს ქალები წარმოადგენენ. როგორც მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა 31 აგვისტოს, სამშობლოში დაბრუნების მარშრუტი ლიბანსა და ეგვიპტეზე გადის:

”პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს მათი უსაფრთხო გადაყვანა ბეირუთში. ეს მათთან თანამშრომლობით უნდა მოხდეს. შემდეგ გადავიყვანთ ეგვიპტეში. ჩვენ ეგვიპტიდან ვფარავთ სირიას და ამიტომ. საელჩო და საკონსულო მუდმივ კონტაქტშია მათთან. შემდეგ, მათი (საქართველოში) ჩამოყვანის გზებიც უკვე დადგენილია”.

მართალია, სირიის დატოვების რჩევა, როგორც მინისტრი ფანჯიკიძე ამბობს, ”კატეგორიულია” და საგარეო უწყებამ საქართველოს მოქალაქეებისთვის 1 სექტემბრისთვის ავიაბილეთებიც კი შეიძინა, დიდი ნაწილი არ ჩქარობს და სირიიდან გამომგზავრების გადავადება მათ 5 სექტემბრამდე სურთ. თუმცა, როგორც 31 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საგარეო უწყება შიშობს, რომ ამან ”შესაძლოა სამინისტროს შეუქმნას სერიოზული სირთულეები მომავალში, მოქალაქეების საქართველოში უსაფრთხოდ გადმოყვანის კუთხით.”

თუკი ამ განცხადებიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, ჩანს, საქართველოს ხელისუფლება სირიასთან დაკავშირებული ვითარების დაძაბვას უახლოეს დღეებში მოელის. თბილისის მტკიცე გადაწყვეტილებაა, რომ ამ პროცესშიც დასავლეთის გვერდით იდგეს. ”საქართველო მიესალმება და მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების მზადყოფნას უფრო აქტიური როლი შეასრულოს სირიაში ჰუმანიტარული კატასტროფის დაძლევის საქმეში და რეჟიმმა, რომელმაც ჩაიდინა ეს დანაშაული, პასუხი აგოს ამ ფუნდამენტური საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმის დარღვევისთვის”, - განაცხადა 30 აგვისტოს საღამოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ამგვარი შეტევა გამოწვევაა მსოფლიოსთვის. ჩვენ ვერ შევეგუებით მსოფლიოს, სადაც ქალებს, ბავშვებსა და უდანაშაულო ადამიანებს საშინელი მასშტაბით გუდავენ გაზით. ამ ტიპის შეტევა საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს...
ბარაკ ობამა
ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას პასუხი რომ მოეთხოვება, ამას ვაშინგტონის მკაცრი განცხადებებიც მოწმობს. შეერთებული შტატები დარწმუნებულია, რომ სირიის ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ 21 აგვისტოს საერთაშორისო სამართლით აკრძალული უსასტიკესი იარაღი გამოიყენა და რომ, პირველადი გათვლით, ამ პროცესს 1429 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა - მათ შორის 426 ბავშვია.

”ამგვარი შეტევა გამოწვევაა მსოფლიოსთვის. ჩვენ ვერ შევეგუებით მსოფლიოს, სადაც ქალებს, ბავშვებსა და უდანაშაულო ადამიანებს საშინელი მასშტაბით გუდავენ გაზით. ამ ტიპის შეტევა საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, რადგანაც ის ხელყოფს კარგად დამკვიდრებულ საერთაშორისო ნორმებს ქიმიური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ და ემუქრება რეგიონში ჩვენს მეგობრებსა და მოკავშირეებს, როგორიც არის ისრაელი, თურქეთი და იორდანია. ეს ზრდის რისკს, რომ ქიმიური იარაღი გამოყენებული იქნება მომავალში და რომ ჩაუვარდებათ ხელში ტერორისტებს, რომლებმაც შესაძლოა ის ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენონ” - ეს განცხადება პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 30 აგვისტოს გააკეთა, მას შემდეგ, რაც ამერიკის მთავრობამ, სხვადასხვა წყაროზე და, მათ შორის, დაზვერვის მასალებზე დაყრდნობით, საგანგებო მტკიცებულებები გამოაქვეყნა. როგორც სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, ეს ფაქტები იმდენად უტყუარ დასტურს იძლევიან, რომ გაეროს ინსპექტორები პრინციპულად ახალს ვერაფერს ეტყვიან მსოფლიოს.

გაეროს ექსპერტები სირიაში

გაეროს ექსპერტებმა, რომლებიც ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებულ ბრალდებას ადგილზე ოთხშაბათის შემდეგ შეისწავლიდნენ, სირია შაბათ დილით დატოვეს. წინასწარი ინფორმაციით, პირველადი შეფასება გაეროს გენერალური მდივნისთვის კვირას გახდება ცნობილი, ხოლო საბოლოო დასკვნას 10 დღეზე მეტი დასჭირდება. ფორმალურად თითქოს სწორედ ამ დასკვნას ელოდება მოსკოვი, მაგრამ ანალიტიკოსებისთვის ცხადია, რომ, როგორიც უნდა იყოს გაეროს ექსპერტების დასკვნა, რუსეთი მაინც უარს იტყვის საერთაშორისო თანამეგობრობის შეჭრაზე სირიაში, მოკავშირე ქვეყანაში, სადაც მას სერიოზული სამხედრო წარმომადგენლობა აქვს. გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივმოქმედი წევრიდან, რუსეთის გარდა, სირიაში შეჭრის იდეას ეწინააღმდეგება ჩინეთიც.

მაგრამ, თუკი კვლავ ვაშინგტონის რიტორიკას დავუბრუნდებით, შეერთებული შტატები უკან არ დაიხევს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილი და გავლენიანი ევროპელი მოკავშირეებიდან ამ ეტაპზე შეერთებული შტატების გვერდით მხოლოდ საფრანგეთს ვხედავთ. ბრიტანეთისა და გერმანიის საკანონმდებლო ორგანოებში სირიაში შეჭრის იდეა, კენჭისყრის შედეგად, ჩავარდა. ანალიტიკოსები შემთხვევითად არ მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ სირიის საკითხზე საუბრის დროს ბარაკ ობამა 30 აგვისტოს ტელეკამერების წინაშე ბალტიისპირა ქვეყნების პირველი პირების გარემოცვაში გამოჩნდა. ამ სამი ქვეყნის მხარდაჭერის დადასტურების გარდა, ეს შესაძლოა თეთრი სახლის მხრიდან სხვებისთვის მისაბაძი მაგალითის დემონსტრირებაც იყო.

მე მგონია, რომ ირანი კონფლიქტში არ ჩაერთვება, რადგან ეს იქნება მისთვის დამღუპველი. ისრაელი იმწუთში გამოიყენებს ამ შესაძლებლობას და იმწუთში დაბომბავს ირანის, პირველ რიგში, ბირთვული გამოკვლევების ობიექტებს და ყველა იმ ობიექტს, სადაც კი რაიმე სახის ბირთვული პროგრამა ვითარდება...
კახა გოგოლაშვილი
როგორც უკვე ვთქვით, მტკიცე მხარდაჭერა საქართველომაც გამოხატა. რა შემთხვევაში და რა მოეთხოვება შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორ პატარა საქართველოს?

სირიაში შეჭრის კონკრეტული გეგმა ჯერ არ არსებობს, მაგრამ, ანალიტიკოსების აზრით, თუკი სამხედრო ოპერაცია იქნება ხანმოკლე, შეზღუდული და გამორიცხავს სახმელეთო ბრძოლას, როგორც ეს პრეზიდენტ ობამას წარმოუდგენია, მაშინ ეს სამხედრო ოპერაცია საქართველოსგან არანაირი როლის შესრულებას არ მოითხოვს. მაგრამ, აი, თუკი პროცესები ლოკალურიდან რეგიონალურ მასშტაბში გადაიზარდა, მაშინ საქართველოს აშშ-ის სამხედრო კოალიციის დახმარება და თავისი ტერიტორიის სხვადასხვა სახით დათმობა მოუწევს.

ასეთი სცენარი ნაკლებად წარმოუდგენია „ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელს, პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილს. ანალიტიკოსის აზრით, მოვლენათა ამგვარი განვითარება შესაძლოა მხოლოდ ირანის გააქტიურებას მოჰყვეს, ირანისთვის კი თავის შეკავება უფრო ხელსაყრელია:

ისრაელის სარაკეტო დანადგარები

”მე მგონია, რომ ირანი კონფლიქტში არ ჩაერთვება, რადგან ეს იქნება მისთვის დამღუპველი. ისრაელი იმწუთში გამოიყენებს ამ შესაძლებლობას და იმწუთში დაბომბავს ირანის, პირველ რიგში, ბირთვული გამოკვლევების ობიექტებს და ყველა იმ ობიექტს, სადაც კი რაიმე სახის ბირთვული პროგრამა ვითარდება. შესაძლოა ისრაელმა სამხედრო ობიექტებიც დაბომბოს. ამიტომ აქ ირანის ჩართვა ნამდვილად გაუმართლებელი ნაბიჯი იქნებოდა თვითონ ირანის მხრიდან”.

საპირისპირო აზრისაა ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია, რომელიც სირიისთვის ბრძოლას ირანისთვის ბრძოლასთან აიგივებს და ანალიტიკოსი არც იმ ფაქტს მიიჩნევს შემთხვევითად, რომ საქართველომ ახლო წარსულში უვიზო რეჟიმი შეაჩერა ირანთან. ექსპერტი ფიქრობს, რომ თუკი სირიაზე შეტევა განხორციელდა, შეერთებული შტატების კოალიცია ვერ შეძლებს პროცესების შეზღუდულ და ხანმოკლე ფორმატში მოქცევას და რომ ეს ნაბიჯი, ძალიან დიდი ალბათობით, ფართომასშტაბიან რეგიონალურ კონფლიქტად გადაიქცევა. მერე კი ძნელი სათქმელია, ვინ, როგორ და როდის აღმოჩნდება პროცესში ჩათრეული.