სირია და თურქეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ

თურქეთში 46 ადამიანი დაიღუპა დანაღმული ავტომანქანების აფეთქების შედეგად.

თურქეთი და სირია ურთიერთბრალდებებს გამოთქვამენ მას შემდეგ, რაც შაბათს თურქეთში 46 ადამიანი დაიღუპა დანაღმული ავტომანქანების აფეთქების შედეგად. ქალაქი რეიჰანლი, სადაც აფეთქებები მოეწყო, სირიის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

თურქი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რეიჰანლიში აფეთქებების შემდეგ თურქეთის ცხრა მოქალაქე დააპატიმრეს სირიის დაზვერვის სამსახურთან კავშირში ეჭვმიტანით. როგორც აცხადებენ, ეჭვმიტანილებმა აღიარეს აფეთქებებში მონაწილეობა. რაც შეეხება სირიის მხარეს, ამ ქვეყნის მმართველი რეჟიმი ბრალდებებს უარყოფს.

თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი სტამბულში გამოსვლისას დაიმუქრა თავდასხმებზე თურქეთის საპასუხო ნაბიჯით, თუმცა, მისი თქმით, ანკარა შეეცდება, არ იქნეს ჩათრეული სირიის სამოქალაქო ომში:

„ყველას, ვისაც სურს, რომ თურქეთს ავნოს, ადრე თუ გვიან საფასურს გადაიხდის! დიდი სახელმწიფო თავისი სოციალური პასუხისმგებლობის შესაბამისად მოქმედებს. დიდი სახელმწიფო ორჯერ უფრო მკაცრად უპასუხებს პროვოკაციას, როცა თავდასხმის სამიზნე ხდება, მაგრამ ის სათანადო მომენტს ელოდება. ნურავის შეეპარება ეჭვი, რომ ძვირად დაუჯდებათ რეიჰანლიში ჩვენი ძმების, ისევე როგორც ასიათასობით სირიელის სიკვდილი!“

ჩვენ დავადგინეთ, რომ მასალა უკანონოდ იქნა ჩატანილი ჰატაის პროვინციაში და იქ იშოვეს მანქანები, რომლებიც გარკვეულ პირთა დავალებით მიიყვანეს ავტოსახელოსნოებში. იქ მანქანებში ჩააშენეს სამალავები, რომლებშიც ბომბები ჩადე...
ერდოანს არ დაუკონკრეტებია, რა საპასუხო ზომებს გეგმავს თურქეთი, როგორც ცნობილია, ნატოს წევრი ქვეყანა. სირიაში ორ წელიწადზე მეტი ხნის წინ დაწყებულ კონფლიქტში თურქეთი მეამბოხეების მხარეზეა და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს გადადგომისაკენ მოუწოდებს.
სირიის რეჟიმი, როგორც უკვე ითქვა, უარყოფს რეიჰანლიში აფეთქებების ორგანიზების ბრალდებას. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში სირიის ინფორმაციის მინისტრმა ომრან ზუბიმ, თავის მხრივ, თურქეთის მთავრობას და პირადად ერდოანს დააკისრა მომხდარზე პასუხისმგებლობა.

ქალაქი რეიჰანლი, სადაც აფეთქებები მოეწყო, ჰატაის პროვინციაში მდებარეობს - რეგიონში, რომელიც სირიიდან ომის გამო გაქცეული ათასობით ლტოლვილს იკედლებს.

სირიის ინფორმაციის მინისტრმა, ვიდრე ორშაბათს ერდოანს დაადანაშაულებდა მომხდარში, კვირას განაცხადა, რომ თვითონ თურქეთს უნდა დაეკისროს აფეთქებებზე პასუხისმგებლობა, რადგან „საერთაშორისო ტერორიზმის ცენტრად“ აქცია საზღვრისპირა რეგიონები.

თუმცა თურქეთის მხარე, აფეთქებებში სირიის დადანაშაულებისას, უკვე კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებს. შინაგან საქმეთა მინისტრის მუამარ გულერის განცხადებით, გამომძიებლებმა დაადგინეს, როგორ აღმოჩნდა ასაფეთქებელი მოწყობილობებით დატვირთული ავტომანქანები აფეთქების ადგილას:

„ჩვენ დავადგინეთ, რომ მასალა უკანონოდ იქნა ჩატანილი ჰატაის პროვინციაში და იქ იშოვეს მანქანები, რომლებიც გარკვეულ პირთა დავალებით მიიყვანეს ავტოსახელოსნოებში. იქ მანქანებში ჩააშენეს სამალავები, რომლებშიც ბომბები ჩადეს, და პირებმა, რომლებიც მათ ეხმარებოდნენ, მანქანები ავტოსახელოსნოებიდან წაიყვანეს აფეთქების ადგილას მისაყვანად“.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმეტ დავუთოღლუს შეფასებით, შემთხვევითი არ არის, რომ აფეთქებები მაშინ მოეწყო, როცა შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა ახალი ინიციატივა წამოიწყეს დიპლომატიის გზით კონფლიქტის მოსაგვარებლად. მათი გეგმა ითვალისწინებს სირიის საკითხზე სამშვიდობო კონფერენციის ჩატარებას.

აქვე უნდა ითქვას, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი სირიის საკითხში განსხვავებულ პოზიციებზე დგანან: შეერთებული შტატები მეამბოხეებს ეხმარება, მაშინ როცა რუსეთი ერთ-ერთია სირიის სულ რამდენიმე მოკავშირეს შორის. რუსეთის საგარეო უწყებამ ორშაბათს დაგმო თურქეთის ქალაქ რეიჰანლიში მოწყობილი აფეთქებები და მათი გულდასმით გამოძიებისაკენ მოწოდებით გამოვიდა.

მეზობელ სირიაში კი სისხლისმღვრელი კონფლიქტი გრძელდება. ოპოზიციის მომხრე ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ მონაცემებით, რომლებიც მან კვირას გამოაქვეყნა, 2011 წლის მარტში დაწყებული დაპირისპირების შედეგად, უკვე, სულ ცოტა, 82 ათასი ადამიანია დაღუპული.