12 სექტემბერს, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში, სვეტლანა ალექსიევიჩს 800-მდე ადამიანი უსმენდა. ნობელის პრემიის ლაურეატი, ბელორუსი მწერალი საქართველოში გამომცემლობების, „ინტელექტისა“ და „არტანუჯის“ მოწვევით ჩამოვიდა. სწორედ მათ მიერ არის ნათარგმნი ქართულად მისი წითელი უტოპიის ხუთი წიგნიდან ოთხი – „ომს არა აქვს ქალის სახე“, „ჩერნობილის ლოცვა“, „სექონდ ჰენდის დრო“ და „ცინკის ბიჭები“. ალექსიევიჩი თბილისს ჯერ კომუნისტების დროს სტუმრობდა, შემდეგ 90-იან წლებში, თუმცა მაშინ მისი არც ერთი წიგნი არ იყო ქართულად თარგმნილი. თბილისში კი, როგორც თავად იხსენებს, დიქტოფონისთვის ელემენტების ყიდვაც კი ჭირდა. სვეტლანა ალექსიევიჩი ორ საათზე მეტხანს პასუხობდა შეკითხვებს. მერე იყო ავტოგრაფებზე გრძელი რიგი და შთაბეჭდილებების გაზიარება.
Your browser doesn’t support HTML5
ზოგმა თქვა, დიდი ვერაფერი, მოსწავლეებივით გვიყურებდა და მარტივ ჭეშმარიტებებს გვიმარცვლიდაო. ზოგმა იხუმრა, ჰკითხეთ ერთი, ეკოს და ტურნიეს (და კიდევ სხვებს) ნობელს რომ ააცლი, ეგ რა შეგრძნებააო, ზოგმა საყვედურნარევი კითხვა დაუსვა, თუ მამით ბელორუსი და დედით უკრაინელი ხართ, რუსულად რატომ წერთო, საქართველოზე მეტის ცოდნაც მოსთხოვეს და მის წიგნებში ქართველებიც მოისაკლისეს. ზოგსაც დასმული კითხვები მოეჩვენა ზედაპირულად... ბელორუსი მწერალი და ჟურნალისტი, სვეტლანა ალექსიევიჩი კი, რომელმაც 2015 წელს მიიღო ნობელის პრემია, საქართველოში სტუმრად ყოფნის სამი დღის განმავლობაში, მშვიდად პასუხობდა შეკითხვებს, ბევრს ლაპარაკობდა საბჭოთა კავშირსა და მისი ლიდერების სისასტიკეზე, პუტინის რეჟიმსა და ზოგადად, ტოტალიტარულ რეჟიმებზე, ომზე, ოკუპაციაზე და იმ ადამიანებზე მოგვითხრობდა, ვისი ამბებითაც მისი წითელი უტოპიის მთელი სერია დაიწერა – ხუთი წიგნი საბჭოთა კავშირზე. პასუხობდა ჯერ მწერალთა სახლში თავმოყრილი ჟურნალისტების, შემდეგ ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილი მკითხველების და ბოლოს, რუსთაველის თეატრში მისული საზოგადოების შეკითხვებს. ალექსიევიჩს, ცხადია, ჰკითხეს, როგორ დაიწერა უტოპიის ხუთი წიგნი და რატომ აირჩია თხრობისთვის სწორედ ეს სტილი:
ალბათ, ეს ყველაფერი ბავშვობიდან მოდის, ბავშვობის ტრავმებიდან. დემობილიზაციის შემდეგ, მამაჩემი სამშობლოში დაბრუნდა და სოფლის სკოლის დირექტორად დაიწყო მუშაობა. ეს ომის შემდგომი პერიოდი იყო. ბელორუსიის სოფლებში, პრაქტიკულად, მხოლოდ ქალები ცხოვრობდნენ და მიუხედავად იმისა, რომ სახლში ბევრი წიგნი გვქონდა, ჩემთვის ქუჩაში ბევრად უფრო საინტერესო იყო, რადგან ეს ქალები, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, ერთად იკრიბებოდნენ და ყვებოდნენ ამბებს თავიანთ დაღუპულ ქმრებზე. მე გაოგნებული ვიყავი მათი მონათხრობით სიყვარულისა და სიკვდილის შესახებ. და არც ერთ წიგნს ომის შესახებ ჩემზე არ მოუხდენია იმხელა გავლენა, რამხელაც ბავშვობის დროს მოსმენილმა ამ ამბებმა მოახდინა.
ჰკითხეს, თუ რას ფიქრობს იმ მსჯელობების თაობაზე, რომელიც მისთვის ნობელის მინიჭების შემდეგ გაიმართა რუსეთში – ეკუთვნოდა თუ არა მას ეს ჯილდო, რა ჟანრში წერდა – დოკუმენტური პროზა იყო თუ მხატვრულ-დოკუმენტური?
დავიწყოთ იმით, რომ რუსეთში ნობელის პრემიის არც ერთი ლაურეატი არ უყვართ. ბუნინს „ძაღლს“ ეძახდნენ, ბროდსკის „შეშლილ ებრაელს“, ასე რომ, რუსეთიდან სიყვარულს არც ველოდი. მითუმეტეს, რომ, ნობელის მიღების შემდეგ, პირველივე პრესკონფერენციაზე მე მკითხეს, რა დამოკიდებულება მქონდა ყირიმის მოვლენებთან. ცხადია, მე ვთქვი, რომ ეს ანექსია იყო, ოკუპაცია. და რეაქციაც შესაბამისი იყო – თითქოს მე ნობელი საერთოდ არ მიმიღია. რაც შეეხება ჟანრს, ამაზე დავა კანონზომიერია, რადგან რუსულმა ლიტერატურამ, რომელიც, თავისთავად, საკმაოდ კონსერვატორულია, ეს ჟანრი თავის თავში არ შემოუშვა. არადა, ეს მსოფლიოში გავრცელებული ჟანრია, მას უწოდებენ ზეპირ ისტორიებს, ე.წ. ნონ-ფიქშენს. მე ცხოვრებას მეტად ვენდობი. ჩემთვის გამოგონილი ამბები ხანდახან აქტუალურობას კარგავდა ხოლმე. მითუმეტეს, ტოტალიტარულ ქვეყნებში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით და სადაც ლიტერატურა პროპაგანდა უფრო იყო. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ვენდობით, ის მოწმეა, ვინც რაღაც ამბავში თავად მონაწილეობდა. ამიტომ, მე ვიფიქრე, რომ ისტორიის პატარა ნაწილი, სიმართლის პატარა ნაწილი ჩვენშივე არსებობს და რომ შეიძლებოდა რომანის დაწერა სწორედ ამ ხმებისგან. ასეთი ტრადიცია ჩემამდეც არსებობდა რუსულ ლიტერატურაში, მაგალითად, სოფია ფედორჩენკოს მიერ პირველი მსოფლიო ომის დროს ჩაწერილი ამბები, როდესაც ის ჰოსპიტალში ჯარისკაცების ამბებს იწერდა. ალბათ, აქედან მოდის ამ ჟანრში წერაც, გამოგონილით უკმაყოფილება და ნამდვილი ცხოვრებით გაოგნებაც.
ალბათ, უკვე მერამდენედ, ალექსიევიჩს საქართველოშიც ჰკითხეს, რატომ აირჩია ომზე წერა ქალების ხმით რომანში – „ომს არა აქვს ქალის სახე“?
ალბათ, ამ დარბაზშიც ბევრი ისეთი ადამიანი ზის, ვისაც ახსოვს საბჭოთა ავტორიტარული სისტემა, რომელიც ყოველთვის მამაკაცებს ეკუთვნით, სადაც კაცები დომინირებენ და მათ სულ მილიტარისტული იდეალები ამოძრავებთ. მაგრამ მე უკვე იმ თაობას მივეკუთვნებოდი, ვისაც არ სჯეროდა, რომ დიდმა გამარჯვებამ გულაგის თემა მიჩქმალა. როგორც კი ამ თემაზე ლაპარაკს ვიწყებდით, მაშინვე გვპასუხობდნენ, რომ ჩვენ უდიდესი გამარჯვება მოვიპოვეთ მეორე მსოფლიო ომში. თუმცა, მე რასაც ვხედავდი იმის ფონზე, რომ ამ ომში ყოველი მეოთხე ბელორუსი დაიღუპა და რა საშინელ ამბებსაც ვისმენდი, არ შემეძლო ამ გამარჯვებისთვის დიდებული მეწოდებინა. ჩემთვის ამ ომს საშინელი სახე ჰქონდა. მე ვხვდებოდი ამ ომში მონაწილე ქალებს, ყოფილ მფრინავებს, მეკავშირეებს, მსროლელებს და რაც ყველაზე საოცარი იყო, მათთან ლაპარაკში მე მესმოდა რა იყო ომი. განსხვავებით კაცებისგან, ქალები არ არიან „ომის კულტურის“ მძევლები, მათ ბავშვობიდანვე ამას ასწავლიდნენ, რომ – აი, გაიზრდები, ომში წახვალ და მტერს შეებრძოლები. თითქოს მზად არიან ამისთვის... თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ომი საკმაოდ დამატყვევებელი სანახაობაა. მე ეს ჩემი თვალით ვნახე ავღანეთში. ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება მოაქვს, ძლიერ კაცურ მეგობრობას აყალიბებს და ამ რაღაცებში შეიძლება საშინელებას დაემალო. ქალებს კი ამისთვის არასოდეს ამზადებდნენ. ქალებისთვის ომი არ არის გმირობა, მათთვის ეს მაინც მკვლელობის ტოლფასია. ერთ-ერთი ჩემი გმირი ქალი ომის დროს იყო ინსტრუქტორი, რომელსაც ევალებოდა ბრძოლის შემდეგ ველზე გავლა და გადარჩენილების მოძებნა. ის მიამბობდა: მიდიხარ ბრძოლის ველზე, ყველა წევს, ყველა ახალგაზრდა და ლამაზია. გერმანელებიც, რუსებიც და ყველა გეცოდება. როგორც ჩანს, სიძულვილი ქალებს მაინც ბოლომდე ვერ მოერია, შესაძლოა იმის გამო, რომ სწორედ ისინი შობენ სიცოცხლეს. სიცოცხლის მხარეს არიან. და მე მივხვდი, რომ ქალს შეეძლო, აბსოლუტურად, სხვა ომის მოყოლა. და რომ ერთად ჩვენ დავწერდით წიგნს, რომლის წაკითხვის შემდეგ გენერალსაც კი გული აერეოდა.
მამით ბელორუსს, დედით უკრაინელს და რუსულ კულტურაზე გაზრდილ ალექსიევიჩს სთხოვეს ამ სამ ქვეყანაში დღეს არსებული ვითარების მისეული შეფასებაც. თავად ალექსიევიჩი არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ, განსაკუთრებით ნობელის პრემიის მიღების შემდეგ, მას სულ ეკითხებიან აზრს პოლიტიკაზე.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენ, ყველა, სხვადასხვა გზაზე დავდექით. მხოლოდ ბალტიისპირეთს არ უძებნია გზები, ისე წავიდა ევროპისკენ. ბელორუსიაში დრო გაჩერებულია, ისევ საბჭოთა დროა, კაპიტალიზმის რაღაც ელემენტებით, რუსეთში რაც ხდება, ყველანი ვხედავთ... როცა წითელი უტოპიის ციკლს ვასრულებდი და „სექონდ ჰენდის“ დროს ვწერდი, ბევრს ვმოგზაურობდი რუსეთში. ეს არის ქვეყანა, სადაც არაფერი აფერხებს „არაფრისკენ სვლას“. საკმარისი იყო მოსკოვის და სანკტ პეტერბურგის გარეთ გასულიყავი და ხედავდი, რომ იქ არავინ ელოდა „პერესტროიკას“, ვერც კი მიხვდნენ რა იყო ეს. „გეკაჩეპეს“ (საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტი საბჭოთა კავშირის დროს) მხარს უჭერდნენ და მალევე გახდა ცხადი, რომ რევოლუცია გორბაჩოვმა და მის გარშემო ადამიანების წრემ მოახდინა, ხოლო ხალხმა ერთ დღესაც რაღაც გაუგებარ ქვეყანაში გამოიღვიძა. და სანამ ჩვენ მოედნებზე დავრბოდით და „თავისუფლებას“ გავიძახოდით, ჩვენს ზურგს უკან ხალხი ამ ქვეყანას გლეჯდა და შვეიცარიის ბანკებში გაჰქონდა. ხალხი ბოლოს მიხვდა, რომ მოტყუებული დარჩა. გაჩნდა დიდი აგრესია. საოცარი იყო, რომ მათ სტალინის რეჟიმის დაბრუნება სურდათ. ამბობდნენ, რომ სწორედ ამიტომ აირჩიეს პუტინი. ქვეყანაში, სადაც ამდენი ხალხი დაიღუპა „კაგებეს“ ხელით, დახმარებას და შველას ისევ მისგან ითხოვდნენ. 90-იან წლებში კიდევ რაღაც იმედი იყო, რომ რუსეთი დემოკრატიულ გზას დაადგებოდა, თუმცა, პუტინის მოსვლის შემდეგ, ყველამ ვნახეთ, რა გზას დაადგა ქვეყანა და რა არის დღეს, ჩვენ „ახალი შუასაუკუნეები“ შეგვიძლია ვუწოდოთ. ცოტა ხნის წინ, მოსკოვში ვიყავი, სადაც შევხვდი გენიალურ რეჟისორს, კირილ სერებრიანიკოვს, რომელსაც უკვე დევნიან და მან მკითხა, როგორ გგონია, დღეს რას წარმოადგენს გამომძიებელთა კაბინეტიო. მე, ალბათ, ფანტაზიაც არ მეყოფოდა ეს აღმეწერა. ეს არის ხატები კაბინეტში, სტალინის ერთმეტრიანი პორტრეტი, პუტინის პორტრეტი და ჟურნალ „რუსეთის ძიუდოს“ მთელი ნაკრები. მან თქვა, ეს რომ მე სპექტაკლში გამომეყენებინა, ალბათ, არავინ დამიჯერებდა და ხელბორკილებს დამადებდნენო. აი, ეს არის მეტაფორა, თუ რას წარმოადგენს დღეს რუსეთი. და უკრაინა, ჩემი მეორე სამშობლო, რომელსაც უნდა ევროპაში და რუსეთი არ უშვებს. იქ ყოველდღე ხალხი იღუპება, მაგრამ მე იქ ვნახე, როგორ უელავთ ახალგაზრდებს თვალები და როგორ სჯერათ, რომ გაიმარჯვებენ და დაამარცხებენ პუტინსაც და თავიანთ ოლიგარქებსაც.
„ჩერნობილის ლოცვა“ – წიგნი ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტრაგედიაზე – რომელზეც, როგორც თავად ალექსიევიჩიც ამბობს, საბჭოთა კავშირში, ფაქტობრივად, არაფერი იცოდნენ. როგორ იწერებოდა ეს წიგნი და რა სირთულე ახლდა თან წერის პროცესს?
ჩერნობილი პირველი იყო. როდესაც ცოტა ხნის წინ იაპონიაში, ფუკუსიმაში ვიყავი, იქ ამბობდნენ, ჩვენ ეს ამბები ჩერნობილის დროიდან ვიცოდით, ჩერნობილის მაგალითზეო. ჩვენ კი, საერთოდ, არაფერი ვიცოდით. საინტერესო დეტალია – როცა გორბაჩოვს ამცნეს, რომ ჩერნობილი მოხდა, მან შეკრიბა საუკეთესო ფიზიკოსები და სპეცთვითმფრინავით გაუშვა უკრაინაში. ამ მეცნიერებს, რომლებსაც თითქოს უნდა სცოდნოდათ, რას ნიშნავდა ატომური რეაქტორის აფეთქება, საპარსი მოწყობილობაც კი არ წაუღიათ თან. ფიქრობდნენ, ნახევარი დღეს გაატარებდნენ იქ, ვითარებას შეაფასებდნენ და უკან დაბრუნდებოდნენ. ჩვენ რატომღაც გვეგონა, რომ „მშვიდობიანი ატომი“ ადამიანის მეგობარია, თუმცა აღმოჩნდა, რომ ომის დროსაც და მშვიდობის დროსაც, ატომი ორივე შემთხევაში საშინელებაა. და ისე მოხდა, რომ უკრაინელები და ბელორუსები პირველები აღმოჩნდნენ მომავალში, მომავლის საფრთხეებში. ცხადია, ჩერნობილის მერე მთელი ქვეყანა სხვა რეალობაში აღმოჩნდა. ხალხი კი ამას ვერ ხვდებოდა. აივნებზე გადიოდნენ, გაჰყავდათ ბავშვები და აფეთქებიდან ერთი კვირის შემდეგ, ჟოლოსფრად მოციმციმე რეაქტორისკენ ახედებდნენ, შეხედეთ, რა ლამაზიაო. სიკვდილი ყველგან იყო, ჩვენ კი ამას ვერ ვხვდებოდით.. აი, ფუტკრები, მაგალითად, ერთი კვირის განმავლობაში თავიანთი სკებიდან არ გამოსულან. ადამიანები კი თამაშობდნენ ფეხბურთს, ბავშვებისთვის ფუნთუშებს ყიდულობდნენ. დღეს ჩვენ უკვე კარგად ვიცით, რა არის ჩერნობილი. მაშინდელი მსოფლიო კი მაშინ იწყებდა გაცნობიერებას.
სვეტლანა ალექსიევიჩი თითქმის ყველა კითხვას მაგალითებით პასუხობს ხოლმე. იმ ხალხის ხმებით, ვინც მისი წიგნების გმირები გახდნენ. ეს ხმები აალაპარაკა მან თავის სანობელე სიტყვაშიც, 2015 წელს. და ყველა ამბავი ერთმანეთზე მძიმეა. ჩვენ ვკითხეთ, ასობით ტრაგიკული ამბის მოსმენის შემდეგ, მან, როგორც ადამიანმა, როგორ მოინელა ეს ამბები და როგორ არ მოახდინა მასზე დამანგრეველი ზეგავლენა?
იცით, მე პატარა და მომიკვდა კიბოსგან და მაშინ, ძალიან დიდ დროს ვატარებდი საავადმყოფოში და ვნახე, რა ურთულესი საქმე აქვთ ონკოლოგებს. განსაკუთრებით ბავშვთა ონკოლოგებს, რომლებმაც მშობელს უნდა უთხრან, რომ შვილი მოუკვდებათ. და წერა, იმ წიგნების დაწერა, რაც მე დავწერე, ცხადია, არ ყოფილა მარტივი, მაგრამ ვეცდები, მოგიყვეთ რა სამუშაოა ეს. როდესაც მე ვწერდი „ცინკის ბიჭებს“, ქაბულში წავედი. იქ მე ერთი პოდპოლკოვნიკი გამაცნეს, რომელმაც ერთხელაც დასავლეთის ჟურნალისტებისათვის გაკეთებულ გამოფენაზე წამიყვანა, რომ გვენახა, როგორი იარაღი ჰქონდათ მოჯაჰედებს. რომ ამერიკა აძლევდა მათ ამ იარაღს და როდესაც ადგილზე მივედით, გამაოგნა იმან, რომ თანამედროვე იარაღი იყო ძალიან ლამაზი. გავჩერდი ერთი ნაღმის წინ და რა ლამაზია მეთქი, ვთქვი. მაოგნებდა სილამაზის და მკვლელობის ეს ერთობლიობა. ამ პოდპოლკოვნიკმა კი მითხრა, რომ თუ ამ ნაღმზე დადგებოდა, ადამიანისგან მხოლოდ ნახევარი ვედრო ხორცი დარჩებოდა. რამდენიმე დღეში მან დამირეკა და მითხრა, წამოდით, გაჩვენებთ რა დარჩა იმ ბიჭებისგან, ვინც ამ ნაღმზე აფეთქდნენო. წავედი. და ცხადია, რაც მე იქ ვნახე, ეს არაადამიანური სანახაობა იყო, გონება დავკარგე. მაგრამ მე ჩავიწერე ყველა მოწმის ნაამბობი. და წარმოიდგინეთ, რომ ამ ჩაწერილი ამბებიდან უნდა ამომერჩია ის, რაც შეიძლება ყოფილიყო ლიტერატურა.
ჩემთვის აზრი არა აქვს რაღაცების გამოგონებას. ცხოვრება იმდენად ფანტასტიკურია, რომ მისი მოყოლა უფრო საინტერესოა, იმიტომ რომ, კანფეტებით სავსე ჩემოდანზე ომზე დაწერილ არც ერთ წიგნში არ წამიკითხავს...სვეტლანა ალექსიევიჩი
სვეტლანა ალექსიევიჩი ყველა ინტერვიუში აკრიტიკებს პუტინისა და ლუკაშენკოს რეჟიმებს. როგორ გადაურჩა იმ ხელისუფლებებს, რომლებზეც წერდა და ლაპარაკობდა? და თუ ყოფილა მომენტი ან, რომელი წიგნის დაწერის შემდეგ, როცა ძალიან შეგეშინდათ?
მე სულ მაქვს, ჩემი შემოქმედების გამო, პრობლემები – სახლშიც, ბელორუსიაში და რუსეთშიც. აი, ცოტა ხნის წინ, სწორედ მკითხველებთან მქონდა რუსეთში შეხვედრა, სადაც ცხადია, მე ვილაპარაკე უკრაინაზე და ვერ წარმოიდგენთ, რამდენი სიბინძურე წამოვიდა ჩემკენ. ბელორუსიაშიც ჩემს წიგნებს ბეჭდავენ მხოლოდ ოპოზიციური გამომცემლობები. მე არ შემიძლია უნივერსიტეტებში სიტყვით გამოსვლა... მე ვიცხოვრე ემიგრაციაში წლების განმავლობაში, მაგრამ მაინც დავბრუნდი სამშობლოში. იმიტომ, რომ სახლი მომენატრა. და იმიტომ, რომ მე მგონია, უნდა ვცხოვრობდე იმ ადამიანებს შორის, ვიზეც ვწერ. რაც შეეხება ხელისუფლებას, ის ყოველთვის იყო საშიში, საბჭოთა დროსაც და მერეც, თუმცა უფრო საშინელი ის არის, როცა საკუთარ ხალხთან ხარ კონფლიქტში, რადგან ხალხს დღეს მოსწონს ლუკაშენკო. ეს ძალიან მძიმე ამბავია მწერლისთვის. კატასტროფაა, როცა კონფლიქტი აქვს ხალხთან.
ალექსიევიჩი ხშირად აღნიშნავს, რომ მას რეალური ამბები უფრო აინტერესებს. ამ რეალობაზე წერს კიდეც, აგერ, უკვე 40 წელია. მაგრამ ჩვენ მაინც ვკითხეთ, მას რომ გამოეგონა ამბავი და ისე დაეწერა თავისი წიგნები, რაზე დაწერდა, რა იქნებოდა მისი რომანები.
ალბათ, სიუჟეტი მაინც სიკეთე და ბოროტება იქნებოდა. აი, ახლა მე ორი წიგნის იდეა მაქვს – ერთი სიყვარულზე, კაცები და ქალები ილაპარაკებენ თავიანთ სიყვარულზე და მეორე, სიკვდილზე და იმაზე, თუ ნიშნავს ცხოვრება 60-70 წლის ასაკში. ადრე ამდენ ხანს ხომ არ ცხოვრობდნენ, ახლა გაზრდილია სიცოცხლის ხანგრძლივობა და საჭიროა, ამ გახანგრძლივებული სიცოცხლის რაღაც ახალი ფილოსოფია. სიყვარულზე წიგნის შემთხვევაში, არ იქნება კონკრეტული სახელები, რადგან ეს მაინც ისეთი თემაა, სადაც ადამიანი უფრო მეტ რამეს იგონებს, ვფიქრობ, მეც უფრო თავისუფალი ვიქნები თხრობისას. თუ რეალური ადამიანის სახელს ვწერ, მე მის მაგივრად ვერ გამოვიგონებ ამბავს. როგორც ვერ გამოვიგონებდი იმას, თუ როგორ წაიღო ერთმა ჩემმა გმირმა ქალმა ფრონტზე კანფეტებით სავსე ჩემოდანი. ანუ ჩემთვის აზრი არა აქვს რაღაცების გამოგონებას. ცხოვრება იმდენად ფანტასტიკურია, რომ მისი მოყოლა უფრო საინტერესოა, იმიტომ რომ, კანფეტებით სავსე ჩემოდანზე ომზე დაწერილ არც ერთ წიგნში არ წამიკითხავს.
„ცინკის ბიჭების“ გამოსვლის შემდეგ, სვეტლანა ალექსიევიჩს სასამართლოში დავა მოუწია. ფაქტობრივად, ავტორიტარულმა რეჟიმმა მწერალს თავისივე ნაწარმოები დაუპირისპირა. ეს სასამართლო ოქმები წიგნს თან ახლავს.
არსებობს ერთი კლასიკური მაგალითი, რომელიც სასამართლოზე მოხდა. არსებობს ასეთი წინასასამართლო შეხვედრა მომჩივანის და ბრალდებულისა, შერიგების ერთგვარი მცდელობა. როდესაც ამ შეხვედრაზე მივედი, ერთ-ერთი დაღუპული ბიჭის დედა დავინახე, რამაც ძალიან გამაკვირვა. მე გავიცანი ის მაშინ, როდესაც მისი შვილი ჩამოასვენეს ცინკის კუბოთი, მისი სახლი სულ 12 კვადრატული მეტრი იქნებოდა, სადაც კუბო ძლივს ეტეოდა. ქალი ტიროდა, ორმეტრიანი მყავდი და აქ როგორ ჩაეტიე, ნუთუ შენ ხარ ნამდვილადო. და მან მითხრა, დამეწერა სიმართლე. მომიყვა, როგორ მარტომ გაზარდა თავისი შვილი, რომ ასწავლა, ბიჭი დურგალი იყო, მაგრამ დაასრულა თუ არა სწავლა, როგორ წაიყვანეს ჯარში. დედამ ისიც მითხრა, რომ იმის მაგივრად, რომ იარაღის ხმარება ესწავლებინათ, ის გენერლების აგარაკებს არემონტებდაო. სწორედ ასეთი მოუმზადებელი წაიყვანეს ომში, სადაც მალევე მოკლეს. ეს მონათხრობი იყო ყველაზე ძლიერი ამბავი ამ წიგნში და მე მას ვკითხე, ნატაშა, შენ ხომ გინდოდა მე სიმართლე დამეწერა, ასეც მოვიქეცი მეთქი. და მან მიპასუხა, მე მინდა ჩემი შვილი გმირი ყოფილიყო, შენ კი დაწერე, რომ ის მკვლელიაო. ამან გამაოგნა და მივხვდი, რამდენად ღრმადაა გამჯდარი ჩვენში ეს მონობა. რომ ეს ამდენი გადატანილი უბედურება, შვილის სიკვდილიც კი ვერ ათავისუფლებს ადამიანს. ესეც არის მთავარი საკითხი, კითხვა, რაც წიგნიდან წიგნამდე მე მაწუხებს.
სვეტლანა ალექსიევიჩს საქართველოში რამდენჯერმე, სხვადასხვა ფორმით ჰკითხეს, მამით ბელორუსი და დედით უკრაინელი მწერალი რატომ წერს რუსულად. ნობელიანტ მწერალს ამაზე ერთი მოკლე პასუხი აქვს – იმიტომ რომ, მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც ის წითელი უტოპიის ისტორიას აგროვებდა და წერდა, უტოპია რუსულ ენაზე ლაპარაკობდა.