სვანეთში ადამიანი შეიწირა ჩამოწოლილმა ზვავმა

ჯვარი-მესტიის გზის ხაიშის მონაკვეთზე ჩამოწოლილ ზვავს ადგილობრივი მცხოვრები ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილი მესტიაში მცხოვრები 54 წლის მამაკაცია.

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნელი ნავერიანის განცხადებით, ადგილობრივ მცხოვრებს კერძო მიკროავტობუსით გადაჰყავდა მგზავრები. ის გზის სანახავად მანქანიდან გადავიდა, რა დროსაც, ზვავმა მოიყოლა. ამასთან მისივე ტრანსპორტი მოშორებით იყო გაჩერებული და მგზავრები უვნებლად გადარჩნენ.

Your browser doesn’t support HTML5

სვანეთში ადამიანი შეიწირა ჩამოწოლილმა ზვავმა

„გვირაბთან მოხდა. მცირე რაოდენობით ჩამოსულა ზვავი და ეტყობა სანახავად გააჩერა. გადავიდა, რომ დაეთვალიერებინა შეძლებდა თუ არა მის გაწმენდას ნიჩბით. საერთოდ იცის ხოლმე როცა პირველ ჯერზე მოდის მცირე მასა, შემდეგ მოჰყვება დიდი. მიკვირს ის მესტიელია, ადგილობრივი და ეს როგორ შეეშალა. როცა მანქანიდან გადმოვიდა თოვლის მცირე მასას მოჰყვა ზვავი და სამწუხაროდ მოიყოლა“, - განაცხადა ნელი ნავერიანმა.

გამგებლის მოადგილის განცხადებით გზის აღნიშნული მონაკვეთი წუხელვე გაიწმინდა და იქ ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ნელი ნავერიანის ცნობითვე, მიუხედავად მისა, რომ მესტიის სოფლებში ახლაც გადაუღებლად თოვს, უხვი ნალექის გამო პრობლემები ამ დროისთვის არ ფიქსირდება.

თოვლმა მცირე პრობლემები შექმნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში. კერძოდ, გადაადგილების კუთხით გარკვეული შეფერხებებია ცალკეული ადმინისტრაციული ერთეულების მიმართულებით. გამგებლის მოადგილის, მამუკა წოწერიას განცხადებით, კორცხელისკენ, ჯიხაშკარისკენ გზებზე პრობლემებია, და ზოგიერთ მსუბუქ ავტომანქანას უჭირს გადაადგილება, თუმცა აღნიშნა, რომ ტექნიკა ადგილზე მუშაობს. გაწმენდილია ძირითადი სავალი ნაწილი, მაგრამ ამ დრომდე მცირედი შეფერხებები მაინც ფიქსირდება. მამუკა წოწერიას თქმით, პასუხისმგებელი პირები გამგეობიდან კოორდინირებას უწევენ გაწმენდის სამუშაოებს.

„შექმნილია შტაბი და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. სოფლის შიდა გზებზე მუშაობს ტექნიკა. ვფიქრობ, დღის მეორე ნახევარში ყველა პრობლემური უბანი გაწმენდილი იქნება“, - აცხადებს გამგებლის მოადგილე.

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე სოფელში ხეები წაიქცა. მაგალითად სოფელ კოკში წაქცეულმა ხემ შიდა საუბნო გზაც გადაკეტა. აქ ახლა კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ მის დანაწევრებასა და ტერიტორიის დასუფთავებაზე. მსგავსი პრობლემა შეიქმნა ინგირშიც, თუმცა მალევე აღმოიფხვრა.

გამგეობაში აცხადებენ, რომ დიდთოვლობის გამო მუნიციპალიტეტის სოფლების თითქმის ნახევარზე მეტი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება. რადიო თავისუფლებას კომპანია „ენერგო-პრო-ჯორჯიადან“ შეატყობინეს, რომ

ელექტროგადამცემ ხაზებზე „წალენჯიხა“ და „ცაიში“ დაზიანება მოხდა. შედეგად დენის მიწოდება შეუწყდა ზუგდიდის სოფლების ნაწილს. კომპანიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, მიუხედავად იმისა, რომ წუხანდელიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რთული დაზიანებების მიზეზით, შესაძლოა აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება ხვალამდე ვერ აღუდგეს.