სუსანა ბაკა

სუსანა ბაკა

სუსანა ბაკა პერუში, პატარა ქალაქ ჩორილოსში, დაიბადა. მუსიკოსი მშობლების წყალობით, ვოკალური ხელოვნებით ბავშვობაშივე დაინტერესდა. სკოლაში საკუთარი ანსამბლიც კი ჩამოაყალიბა, პერუელი პოეტების ლექსებზე შექმნილ თხზულებებს ასრულებდა. მოგვიანებით გოგონას მონაცემებით ლათინურ ამერიკაში იმხანად მეტად პოპულარული კომპოზიტორი და მომღერალი მარია ლარკო, იგივე ჩაბუკა გრანდა, მოიხიბლა, რომელმაც შეგირდად დაიყენა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დამწყები არტისტის საშემსრულებლო ხელწერის ჩამოყალიბებაში.

სუსანა ბაკას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა მსმენელისათვის საკუთარი თავის გასაცნობად. წინაპრების კულტურას სწავლობდა, სოფელ-სოფელ დადიოდა და აფრო-პერუელთა ისეთ ფოლკლორულ ნიმუშებს აგროვებდა, დავიწყებისთვის რომ იყო განწირული. სადებიუტო ალბომის ჩაწერა მხოლოდ 1992 წელს მოახერხა, როცა ლიმაში საკუთარი ინსტიტუტი "Black Continuum" გახსნა. ეს გახლდათ სტილისტიკურად და ჟანრობრივად მეტად მრავალფეროვანი ნამუშევარი. მელანქოლიურ ბალადებს ვალსის რიტმულ კარკასზე აგებული მელოდიები და საცეკვაო "მარინერები" ენაცვლებოდა, ხოლო უძველესი ხალხური სიმღერები ახლებურად გახლდათ ინტერპრეტირებული.

90-იანებში, როცა ამერიკულმა ლეიბლმა Luaka Вор-მა აფრო-ლათინოამერიკული მიმართულება აიღო, კონტრაქტი სუსანა ბაკასთან გააფორმა. სტუდიამ არტისტის ორი ალბომი გამოსცა, რომელთაგანაც უფრო ღირებული მეორე პროექტი - "Eco De Sombras" - ითვლება. კრიტიკოსები ლათინური ამერიკის ახალ ხმაზე ალაპარაკდნენ და მომღერალი ისეთი ლეგენდების გვერდზეც კი მოიხსენიეს, როგორებიც იყვნენ სელია კრუსი, მერსედეს სოსა და ვიოლეტა პარა. საინტერესო იყო დისკზე წარმოდგენილი მუსიკის ინსტრუმენტული ნაწილიც, რომლის არანჟირებაზე ცნობილმა პიანისტმა და კომპოზიტორმა ჯონ მედესკიმ იზრუნა.

სევდიანი გამოდგა შემდეგი ალბომის ისტორია. "Espiritu vivo" ნიუ-იორკის ერთ-ერთ სტუდიაში იქმნებოდა. მუსიკოსები ჩაწერის პროცესში იყვნენ, როცა მსოფლიო სავაჭრო ცენტრს თავს ტერორისტები დაესხნენ. სუსანა ბაკას თქმით, ამ ტრაგედიამ მის პარტნიორებს - მათ შორის, ჯონ მედესკისა და გიტარისტ მარკ რიბოს - მუშაობის სურვილი დააკარგვინა, თუმცა თავად მას მეტი სტიმული და მოტივაცია მისცა. "პერუში 10-წლიან სისხლიან რეჟიმს სიმღერის წყალობით გადავურჩი. 11-მა სექტემბერმა კი კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მუსიკას დიდი ძალა აქვს, ჭრილობების მოშუშება და სიკვდილზე გამარჯვება შეუძლია", - ასე იხსენებდა არტისტი 2001 წლის სექტემბრის მძიმე დღეებს.

ამჟამად 71 წლის არტისტი ლიმაში ცხოვრობს და კვლავ აგრძელებს სტუდიურ თუ საკონცერტო მოღვაწეობას. პარალელურად კი, ზემოხსენებულ ინსტიტუტს - "Black Continuum"-ს - ხელმძღვანელობს, მრავალი საუკუნის მანძილზე გეტოში გამოკეტილ აფრო-პერუელთა კულტურის პოპულარიზაციას ცდილობს, ხოლო ახალგაზრდა მუსიკოსებს ალბომების გამოცემაში ეხმარება.