დავა ჰილარი კლინტონის შემცვლელის კანდიდატურის გარშემო

გაეროში აშშ-ის ელჩი, სიუზენ რაისი

ამ დღეებში შეერთებულ შტატებში ბევრს მსჯელობენ სახელმწიფო მდივნის პოსტზე ჰილარი კლინტონის შესაძლო შემცვლელზე. თვით კლინტონს ნათქვამი აქვს, რომ არ აპირებს სახელმწიფო მდივნად დარჩენას ბარაკ ობამას პრეზიდენტობის მეორე ვადის პერიოდშიც. მისი გადადგომის შემდეგ, სახელმწიფო მდივნობის მთავარ კანდიდატად მიჩნეულია გაეროში შეერთებული შტატების ამჟამინდელი ელჩი, სიუზენ რაისი. თუმცა, მას სერიოზული წინააღმდეგობა ხვდება.

რაისმა ოთხშაბათს უკვე მეორე დღე მიუძღვნა მცდელობას, თავის მხარდაჭერაზე დაეყოლიებინა რესპუბლიკელი სენატორები, რომლებიც იმუქრებიან მისი კანდიდატურის დაბლოკვით, თუ პრეზიდენტი ობამა მას, სიუზენ რაისს დაასახელებს ჰილარი კლინტონის შემცვლელად სახელმწიფო მდივნის პოსტზე.

რაისმა მიზანს ვერ მიაღწია. კრიტიკის საგნად რჩება განმარტება, რომელიც მან გააკეთა წელს, 11 სექტემბერს ლიბიიის ქალაქ ბენღაზიში შეერთებული შტატების საკონსულოზე თავდასხმასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ ბენღაზიში საკონსულოზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა ოთხი ამერიკელი, მათ შორის აშშ-ის ელჩი კრისტოფერ სტივენსი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ იერიში მოაწყო ალ-ყაიდის მოკავშირე ჯგუფმა. არადა, სიუზენ რაისმა რამდენიმე დღეში სატელევიზიო ინტერვიუებში განაცხადა, რომ თავდასხმსა სპონტანური იყო და მოჰყვა გახმაურებული ანტიისლამური ფილმით გამოწვეულ უკმაყოფილებას. მოგვიანებით მან აღიარა, რომ განმარტება არასწორი იყო. თუმცა, რაისი აცხადებს, რომ მაშინდელი ვერსია ეფუძნებოდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსაგან მიღებულ ინფორმაციას. ამდენად, მისი - სიუზენ რაისის - განცხადება არ იყო მცდელობა, მიეჩქმალა ალ -ყაიდისაგან მომდინარე საფრთხე.

სიუზენ რაისთან 27 ნოემბერს შეხვედრის შემდეგ არაერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა აღნიშნა, რომ მისი განცხადებები კვლავაც გაუმართლებლად მიაჩნია. მათ შორის იყო სენატორი არიზონის შტატიდან, ჯონ მაკკეინი: „ნათელია, რომ ინფორმაცია, რომელიც მან (სიუზენ რაისმა) მისცა ამერიკელ ხალხს, არასწორი იყო, როცა განაცხადა, რომ საქმე ეხებოდა სპონტანურ დემონსტრაციას, რომელიც გამოიწვია სიძულვილის გამომხატველმა ვიდეომ. ეს ასე არ ყოფილა! იმ დროს არსებობდა სერიოზული მტკიცებულებები, რომ ნამდვილად არ იყოს ასე - მათ შორის იყო ლიბიელების განცხადებები, ისევე როგორც სხვა ამერიკელებისა, რომლებიც სრულად აცნობიერებდნენ, რომ ხალხს ჭურვები და რეაქტიული რაკეტები არ მიაქვს სპონტანურ დემონსტრაციებზე“.
ეს არის დიდი გადაწყვეტილება პრეზიდენტისათვის. კი, მას რაისი ძალიან მოსწონს, მას განიხილავს თავის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად, შესაძლოა, ყველაზე მთავარ კანდიდატად ...

ბენღაზიში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმის შემდეგ სიუზენ რაისის განცხადებებს, მაკკეინის გარდა, მკაცრად აკრიტიკებს რესპუბლიკელი სენატორი სიუზან კოლინსიც (მეინის შტატი). როგორც ის ამბობს, შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ „გაეროში აშშ-ის ელჩმა გადაწყვიტა, შეესრულებინა, არსებითად, პოლიტიკური როლი საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიმდინარე, დაძაბული კამპანიის ფონზე“. ხოლო სენატორი რობერტ კორკერი (ტენესის შტატი) დაასკვნის, რომ სიუზენ რაისი პარტიული ნიშნით მეტისმეტად მიკერძოებულია საიმისოდ, რომ სახელმწიფო მდივანი იყოს.

თავისთავად უჩვეულოა ის ფაქტი, რომ რაისი ხვდება სენატორებს მათგან მხარდაჭერის მოსაპოვებლად: ის ჯერ არ არის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ნომინირებული სახელმწიფო მდივნის პოსტზე. ცნობების თანახმად, ობამა განიხილავს სხვა შესაძლო კანდიდატებსაც, მათ შორის დემოკრატ სენატორს, ჯონ კერის (მასაჩუსეტსის შტატი) და მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ტომ დონილონს. მაგრამ რაისი იმდენად ბევრს მიაჩნია ობამას ფავორიტ კანდიდატად, რომ რესპუბლიკელები წინასწარვე ამოქმედდნენ მისი ნომინაციის დასაბლოკად.

ასეთი ენერგიული ოპოზიციის გამო არაერთი ექსპერტი სკეპტიკურად აფასებს სიუზენ რაისის ნომინაციის მართებულობას.

„ეს არის დიდი გადაწყვეტილება პრეზიდენტისათვის. კი, მას რაისი ძალიან მოსწონს, მას განიხილავს თავის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად, შესაძლოა, ყველაზე მთავარ კანდიდატად. და ახლა პრეზიდენტს მოუწევს, შეაფასოს, რამდენად მიადგა ზიანი რაისის კანდიდატურას და რამდენად ძნელი იქნებოდა მისთვის რაისის ნომინირება, მისი დამტკიცების მიღწევა და მისი მუშაობა მომდევნო სახელმწიფო მდივნად“, - ასე ფიქრობს სტივენ ჰესი, ხანგრძლივი სტაჟის მქონე მიმომხილველი, რომლიც თეთრი სახლის ადმინისტრაციაში მუშაობდა შეერთებული შტატების ორი ყოფილი პრეზიდენტის მმართველობისას და რჩევებს აძლევდა ორ სხვა ყოფილ პრეზიდენტს. ახლა ის ბრუკინგსის ინსტიტუტის თანამშრომელია.

სტივენ ჰესის აზრით, ობამას - მიუხედავად იმისა, რომ დიდი ურთიერთპატივისცემა და ნდობა აკავშირებს სიუზენ რაისთან - მართებს, კარგად აწონ-დაწონოს, რამდენად მართებულია სახელმწიფო მდივნის პოსტზე მისი ნომინირება და პრეზიდენტის პოლიტიკური კაპიტალის დახარჯვა რესპუბლიკელების წინააღმდეგობასთან ბრძოლაში.