რუსეთი სოხუმს ჰპირდება ფულს და უკრძალავს თურქეთთან ურთიერთობას

სოხუმი

მოსკოვი სოხუმს ყველა დაპირების აღსრულებას ჰპირდება. პრეზიდენტ პუტინის მესიჯები აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მისმა თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა 29 დეკემბერს ჩაიტანა და მასპინძლების მადლობაც დაიმსახურა. თუმცა რუსეთის მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ ანკარაზე გაბრაზებული მოსკოვი ახლა ცდილობს მაქსიმალურად შეზღუდოს თურქეთის პოლიტიკური თუ ეკონომიკური წარმომადგენლობა აფხაზეთში. როგორ გამოიყურება ეს ურთიერთობები ოკუპირებული საქართველოს ინტერესების ჭრილში?

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, სოხუმში ჩასული ვლადისლავ სურკოვი სამშაბათს (29 დეკემბერს) აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდა, მოსკოვის კეთილგანწყობა დაუდასტურა და სამომავლო გეგმების აღსრულების პირობაც დადო:

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად როგორც ეკონომიკურ თანამშრომლობასთან, ასევე სხვა ასპექტებთან მიმართებით“...

როგორც შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რუსეთი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობას საპენსიო დაფინანსების გაზრდასა და 2016 წლის უპრეცედენტო მასშტაბის საინვესტიციო პროგრამას ჰპირდება. სურკოვის თქმით, ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია 4, 7 მილიარდი რუბლი, თუმცა, თუკი მომავალ წელს მთელი ფულის დახარჯვა ვერ მოხერხდა, ვალდებულებები 2017 წელში გადაინაცვლებს.

ვლადისლავ სურკოვი

​სურკოვს ხაჯიმბამ დიდი მადლობა გადაუხადა კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის და აღინიშნა, რომ ბოლო წლების ურთიერთობებში რუსეთთან „უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების პროცესებმა“ აბსოლუტურად სხვა დონეზე გადაინაცვლა, თუმცა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის კიდევ ერთმა წინადადებამ გარკვეული უკმაყოფილებისა და მეტის მოთხოვნის ნიშნებიც გამოავლინა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები გაგრძელდეს და შინაარსობრივადაც დაიტვირთოსო“, თქვა რაულ ხაჯიმბამ. საქმე ის არის, რომ 2015 წელს მოსკოვმა სოხუმს ეკონომიკური დაპირებების მხოლოდ მცირე პროცენტი შეუსრულა და სურკოვის ვიზიტიც, ბევრი ანალიტიკოსის აზრით, სწორედ სამომავლო დამშვიდებისა და დაიმედების მიზანს ემსახურებოდა.

გამართლდა რუსეთის მედიის მოლოდინი, რომ სოხუმში გამართული მსჯელობა თურქეთსაც შეეხებოდა. „აფხაზეთს ოფიციალური ურთიერთობა არა აქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თურქეთი მაინც ცდილობს გადაწყვიტოს აქ ზოგიერთი ეკონომიკური და ასევე პოლიტიკური საკითხი. გარკვეული წრეები აფხაზეთს განიხილავენ თავიანთი ზეგავლენების სავარაუდო არეალად“, განაცხადა ვლადისლავ სურკოვმა რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის შემდეგ. აფხაზეთის ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის სიტყვებზე დაყრდნობით, ასევე იტყობინება, რომ რუსეთი არ დაუშვებს აფხაზეთში, მაგალითად, თურქული კომპანიების მიერ ობიექტების მშენებლობას რუსეთის მიერ გამოყოფილი ფულით, მაგრამ, აფხაზეთის ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, შესაძლებელია ბოლომდე არ აიკრძალოს თურქეთთან ურთიერთობა. ამ ეტაპზე განიხილება სავარაუდო შეზღუდვები კონკრეტული სფეროების მიხედვით და, სურკოვის თქმით, გადაწყვეტილებების მიღების კვალდაკვალ, მოსკოვი ყველაფერს შეატყობინებს სოხუმს.

შეზღუდვები რომ მოსალოდნელია, ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის მედიას "პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის" დირექტორმა ალექსეი ჩესნაკოვმა 28 დეკემბერს მიაწოდა და თურქეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის ამჟამად არსებული ურთიერთობები კონკრეტულ რიცხვებშიც აღწერა:

“თურქეთი აფხაზეთისთვის ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორია, რუსეთის შემდეგ. საქონელბრუნვა ამ ქვეყნებს შორის წელიწადში 2,6 მილიარდ რუბლს შეადგენს. თურქეთის სათვალავზე მოდის აფხაზეთის საგარეო ვაჭრობის 18 % (იმპორტი 7,6 %–ს, ხოლო ექსპორტი 10,4 %–ს შეადგენს)”.

ალექსეი ჩესნაკოვმა ასევე ჩამოთვალა თურქეთიდან იმპორტირებული ძირითადი საქონელი. სიაში შედის: სამშენებლო და საწვავ-საპოხი მასალები (25 %), ძვირფასი მეტალები (15 %) და საკვები პროდუქტები (18 %). რაც შეეხება აფხაზეთიდან ექსპორტირებულ პროდუქციას, აქ დომინირებს ზღვის პროდუქტები (80 %) და მცირე სეგმენტებს იკავებს: ქვანახშირის, შავი მეტალების ჯართის და ხე-ტყის ექსპორტი.

როგორც "პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის" დირექტორმა ივარაუდა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში თურქეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შეზღუდვის მიზნით სოხუმში ჩასული ვლადისლავ სურკოვი აუცილებლად განიხილავდა ამ ტიპის გეგმებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ასეთ მისწრაფებას კი საფუძვლად უდევს 24 ნოემბრის ინციდენტი, როდესაც თურქეთის მხარემ ჩამოაგდო რუსეთის კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავი (სუ–24), რომელმაც მისი საჰაერო სივრცე დაარღვია. შედეგად, რუსეთმა თურქეთს ეკონომიკური ხასიათის მთელი რიგი სადამსჯელო ღონისძიებებით უპასუხა და ახლა ამ პროცესში სოხუმის ჩართვაც სურს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა ორ ცეცხლს შორის აღმოჩნდა, თუმცა ის ყველა ვარიანტში რუსეთს აირჩევს, რადგანაც სხვა გზა არა აქვს, ამბობს ჩვენთან საუბრისას პოლიტოლოგი ირაკლი ცქიტიშვილი. ექსპერტის აზრით, სოხუმს სულაც არ აძლევს ხელს ურთიერთობების დაძაბვა თურქეთსა და რუსეთს შორის:

„აფხაზეთი ძალიან დიდ იმედებს ამყარებდა თავის დიასპორაზე თურქეთში. თურქეთის ბიზნესწრეები გარკვეულ საქმიანობას ეწეოდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე. წელს რამდენიმე თურქული ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი იყო ჩასული აფხაზეთში იმისათვის, რომ გარკვეული ხიდები აეწყოთ აფხაზეთსა და თურქეთს შორის ტურისტული მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ეს ბიზნესიც აუცილებლად ჩავარდება... უკვე ცნობილია, რომ აფხაზეთმა უარი უთხრა თურქულ გემებს მათ აკვატორიაში შესვლაზე და თევზის რეწვაზე და ამ ნიშას დაიკავებს, ეტყობა, რუსული ფლოტი“.

საჭიროა გაცილებით მეტი მუშაობა თურქეთის მთავრობასთან, რადგანაც, მე ვფიქრობ, მათ მაინც აქვთ შესაბამისი ბერკეტები, რომ, თუკი ვერ აღკვეთენ, მინიმუმ სერიოზულად შეუშალონ ხელი თავიანთ კერძო კომპანიებს არალეგალურ ვაჭრობაში (საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან)...
პაატა გაფრინდაშვილი

ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, საქართველოს ინტერესებში შედის პერსპექტივა, თუკი თურქული კერძო კომპანიები ვეღარ შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით.

რუსეთის მედიაში დასახელებული პარამეტრები ცხადყოფს, რომ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას დამყარებული აქვს არცთუ მცირე მასშტაბის ეკონომიკური ურთიერთობები თურქეთთან და ეს ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს დარღვევას საქართველოს კანონისა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. ყოველ ჯერზე, როცა თანამშრომლობის ფაქტი იჩენდა თავს, საქართველოს ხელისუფლება განმარტავდა, რომ ამ პროცესში არ იყო ჩართული ანკარა და რომ კანონი ირღვეოდა კერძო ბიზნესის ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან. ეს რომ ასეა, ჩვენთან საუბრისას ადასტურებს საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, თუმცა ის ხელისუფლების მეტად გააქტიურების საჭიროებასაც ხედავს:

„დიახ, ეს კერძო კომპანიებია. დიახ, პირდაპირ არ არიან ეს კერძო კომპანიები თურქეთის სახელმწიფოსგან მხარდაჭერილები და წაქეზებულები... მაგრამ, მიუხედავად ამისა, საჭიროა გაცილებით უფრო მეტი მუშაობა თურქეთის მთავრობასთან, რადგანაც, მე ვფიქრობ, მათ მაინც აქვთ შესაბამისი ბერკეტები, რომ, თუკი ვერ აღკვეთენ, მინიმუმ სერიოზულად შეუშალონ ხელი თავიანთ კერძო კომპანიებს არალეგალურ ვაჭრობაში (საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან)“.

თსუ პროფესორის, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის მალხაზ მაცაბერიძის აზრით, „საქართველოს ხელისუფლება იძულებულია თვალი დახუჭოს თავისი სტრატეგიული პარტნიორის – თურქეთის – ქმედებებზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობის თვალსაზრისით... და თუკი ადრე ჩვენი გემები აკავებდნენ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიისკენ მიმავალ თურქულ გემებს, ახლა დიდი ხანია მსგავსი რამ აღარ მომხდარა... და რეალისტურად, თურქეთი არ ითვალისწინებდა ჩვენ მიერ დადგენილ წესებს და არღვევდა მათ“. მალხაზ მაცაბერიძისთვის ცხადია და ამას რადიო თავისუფლებასთან საუბრისასაც აღნიშნავს, რომ გაბრაზებული რუსეთი ახლა ცდილობს სერიოზულად შეარყიოს თურქეთის ზეგავლენა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაზე, რომელიც ორივე დიდი სახელმწიფოსთვის „სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტია“.

ანალიტიკოსების ერთი ნაწილის აზრით, თუკი შეიზღუდება თურქეთის წარმომადგენლობა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ეს ავტომატურად ნიშნავს რუსეთის ზეგავლენის გაძლიერებას და ეს, ერთი მხრივ, ძალიან ცუდია, მაგრამ, როგორც, მაგალითად, ირაკლი ცქიტიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ასეთ შემთხვევაში აფხაზები მთელი სიცხადით შეიგრძნობენ რუსეთის ზრახვებს და უფრო რეალისტურად შეაფასებენ მათთვის წამგებიან სიტუაციას.