”სისტემა უნდა დაინგრეს” - სტუდენტების ერთიანი ლოზუნგი

საპროტესტო აქცია უნივერსიტეტთან

24 სექტემბერს, რამდენიმე დღით ადრე სტუდენტური გაერთიანება ”ლაბორატორია 1918”-ის მიერ საგანგებოდ დაანონსებული სტუდენტთა აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ 3 საათზე დაიწყო, შემდეგ კი სტუდენტების მასა ორად გაიყო - ნაწილმა საკუთარი პროტესტი თავდაცვის სამინისტროსთან განაგრძო, ნაწილმა კი იუსტიციის სახლთან გადაინაცვლა და იქ მოშიმშილე ახალგაზრდებს ამ ფორმით გამოუცხადა სოლიდარობა.

”არ აწამო”, „დაამთავრე ტირანია“, „სისტემა ყარს“, „მოითხოვე დაისაჯონ“, „სისტემა უნდა დაინგრეს“ - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ტრანსპარანტებისა, რომლებიც უნივერსიტეტის წინ 24 სექტემბერს შეკრებილ სტუდენტებს ეჭირათ. ამჯერად სტუდენტები მიზანმიმართულად პატიმართა წამებაში დამნაშავე ყველა პირის დასჯას მოითხოვდნენ:
”დაისაჯოს ყველა დამნაშავე - რიგითი ბადრაგიდან მაღალჩინოსნამდე”.

უნივერსიტეტის სტუდენტებს სამხატვრო აკადემიის, ტექნიკური უნივერსიტეტის, სამედიცინო უნივერსიტეტის, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. მათ მოთხოვნათა ჩამონათვალში გაჩნდა სიტყვა „მშვიდობა“, რომელსაც ყველა სკანდირებდა.
აქ ხატია ადამიანი, რომელიც გამოხატავს საზოგადოებას, რომელსაც მიხატული აქვს უკანალზე ვარდები და ნიშნავს ქართულ დემოკრატიას ...
ბექა ხაჩიძე

ბექა ხაჩიძეს საპროტესტო პლაკატზე მთელი სიუჟეტი ხატია - ყველა პლაკატს თავისი დატვირთვა აქვს, ყველა ნახატს მკვეთრად გამოხატული მიზანი:

”აქ ხატია ადამიანი, რომელიც გამოხატავს საზოგადოებას, რომელსაც მიხატული აქვს უკანალზე ვარდები და ნიშნავს ქართულ დემოკრატიას. ეს არის დღევანდელი მწარე სიმართლე. ამიტომ მოვითხოვთ, რომ ყველანი უნდა დაისაჯონ, ეს ტირანები და ჯალათები. მათი მოხსნა თანამდებობებიდან არ არის გამოსავალი.”

სტუდენტური საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დაახლოებით ნახევარსაათიანი გამოსვლების შემდეგ გეზი თავდაცვის სამინისტროსკენ აიღეს, თუმცა სტუდენტების ნაწილი მათ გამოეყო და ჯერ საპატრიარქოს მიმართულებით დაიძრა, შემდეგ კი იუსტიციის სახლთან შეიკრიბა, სადაც მოშიმშილე ახალგაზრდებს გამოუცხადეს მხარდაჭერა.
მოვითხოვთ, რომ გაათავისუფლონ დაპატიმრებული ახალგაზრდები, რომ გასამართლდნენ ისინი, ვინც დამნაშავენი არიან ადამიანების წამებაში, რომ მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე ...
ირაკლი ლომოური

”ძირს ახალაია” - ეს იყო თავდაცვის სამინისტროს წინ თავმოყრილი სტუდენტების მთავარი შეძახილი.

პარალელურად, იუსტიციის სახლთან შიმშილობას განაგრძობენ სტუდენტები. 23 სექტემბერს საღამოს მათ მწერალი ირაკლი ლომოური შეუერთდა. მოშიმშილეთა მოთხოვნაა გათავისუფლდნენ უკანონოდ დაპატიმრებული ლაშა მესხია, დავით ფაცაცია, დაჩი ცაგურია და ბექა ალადაშვილი.

მწერალი ირაკლი ლომოური ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი საკუთარი თავის პატივისცემის, ღირსების შენარჩუნებისა, რაც მხოლოდ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით არის შესაძლებელი; ამბობს, რომ მისთვის ეს ნაბიჯი სტუდენტებთან ერთად შიმშილობის დაწყება იყო:

”მოვითხოვთ, რომ გაათავისუფლონ დაპატიმრებული ახალგაზრდები, რომ გასამართლდნენ ისინი, ვინც დამნაშავენი არიან ადამიანების წამებაში, რომ მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე. სულ მუდმივად მოლოდინია, რომ ხელისუფლების მხრიდან იქნება პროვოკაცია, რუსეთთან ომი იქნება ეს თუ თბილისში რამეს გაითამაშებენ, ვითომ რაღაც ასოციალური ელემენტები ქაოსს ქმნიან... ამიტომ მე მგონია, რომ საზოგადოების პროტესტი დღეს ძალიან აუცილებელია, ხელისუფლება რომ მიხვდეს, რომ ხალხს არ სძინავს.”

სტუდენტურ აქციებს 24 სექტემბერს მუსიკოსებიც შეუერთდნენ. სიმღერა, სახელწოდებით ”სისტემა უნდა დაინგრეს”, უკვე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში პოპულარობით სარგებლობს. დღის ბოლოს კი ამ სიმღერის ერთგვარი პრეზენტაცია იყო - ოღონდ ამჯერად სტუდენტურ აქციაზე, უნივერსიტეტის წინ.