სტუდენტებმა აქციები განაახლეს
Your browser doesn’t support HTML5
16 აპრილს, „აუდიტორია 115“-ის ორგანიზებით, სტუდენტებმა თსუ-ს მეექვსე კორპუსი დაიკავეს და კართან ბარიკადები აღმართეს. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურის გაუქმება, რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევის ახალი დემოკრატიული წესის შემუშავება და უნივერსიტეტის ეგრეთ წოდებული ოდეერებისგან გათავისუფლება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ დანაპირები არ შეასრულა და განათლების სისტემაში სათანადო ცვლილებები არ შეიტანა, რის გამოც იძულებულები გახდნენ ისევ ქუჩაში გამოსულიყვნენ. სტუდენტებმა მეექვსე კორპუსთან აქცია გამართეს, შემდეგ ჯერ თსუ-ს პირველ კორპუსთან გადავიდნენ, მოგვიანებით კი რუსთაველის გამზირზე დემონსტრაცია მოაწყვეს და მთავრობის კანცელარიის წინ შეჩერდნენ. სტუდენტები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოითხოვენ.