ახალციხეში გაიმართა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ ბავშვთა საგანმანათლებლო საჭიროებების კვლევის შედეგების პრეზენტაცია. კვლევა 2016 წელს სამცხე-ჯავახეთში, შიდა და ქვემო ქართლში ჩატარდა და სამ ძირითად საკითხს ეხებოდა: სკოლის მიტოვება, ნაადრევი ქორწინება და ბავშვთა შრომა. ეს ის მნიშვნელოვანი მიზეზებია, რომლებიც მოსწავლეების ცუდ აკადემიურ მოსწრებასა და სწავლის შეწყვეტას იწვევს, განმარტავს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი.
Your browser doesn’t support HTML5
შედეგებიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა პოლიტიკის დოკუმენტი შეიმუშავეს, რომელშიც პრობლემების მოგვარების გზები და რეკომენდაციებია მოცემული. ახალციხელთა მოსაზრებების გასათვალისწინებლად შეხვედრაზე თვითმმართველობისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რესურსცენტრებისა და სკოლის დირექტორები, პედაგოგები და სტუდენტები მიიწვიეს. ასოციაცია "ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად სახელმწიფო მხარდაჭერა აუცილებელია.
მონაწილეების მთავარი რეკომენდაციები სახელმწიფოს მხარდაჭერა, საკანონმდებლო რეგულაციები და საზოგადოების ინფორმირება იყო. სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლაში ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები სწავლობენ. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან ობოლაშვილი ამბობს, რომ ცდილობს მსგავს საკითხებზე ჩატარებული კვლევის შედეგებს საფუძვლიანად გაეცნოს.
შედარებისთვის: 1000 მშობიარე ქართველი ქალიდან 30 არასრულწლოვანია, 1000 ეთნიკურად სომეხი ქალიდან 46 18 წელს მიუღწეველია, ხოლო 1000 მშობიარე აზერბაიჯანელიდან 143-ია არასრულწლოვანი.