Covid-19-ის აპლიკაცია - პასუხები მთავარ კითხვებზე

16 აპრილს საქართველოში Covid-19-ის პრევენციისთვის ახალი აპლიკაციის, STOP COVID-ის, პრეზენტაცია შედგა. ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, აპლიკაცია საშუალებას იძლევა შევაკავოთ ვირუსის გავრცელება კონტაქტში მყოფი პირების დროული ინფორმირებით.

როგორ მუშაობს აპლიკაცია?

აპლიკაცია Stop Covid საქართველოში 16 აპრილს ამოქმედდა. მისი მთავარი დანიშნულება Covid-19-ით ინფიცირებულ პირთა აღრიცხვა და მათი კონტაქტების დადგენაა. ამისთვის აპლიკაცია იყენებს Bluetooth და GPS ტექნოლოგიებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, აპლიკაციას ვაძლევთ უფლებას აღრიცხოს და შეინახოს ინფორმაცია ჩვენი გადაადგილების შესახებ. შესაბამისად, აპლიკაციას შეეძლება დაადგინოს სად და ვის შევხვდით. და თუ ბაზაში უკვე იქნება Covid-19-ით დაინფიცირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია, ყველას, ვისაც ბოლო დღეებში მასთან კონტაქტი ჰქონდა, მიუვა შეტყობინება, რომ შეხება ჰქონდა Covid-19-ის მქონე პაციენტთან.

როგორ დაადგენს აპლიკაცია კავშირებს?

მას შემდეგ, რაც აპლიკაცია გადაადგილების აღრიცხვის უფლებას მოიპოვებს, Bluetooth ტექნოლოგიის მეშვეობით დაადგენს მობილურ მოწყობილობებს შორის კავშირს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუ, მაგალითად, ორ პირს მობილურ მოწყობილობებზე ჩართული აქვს Bluetooth-ი, აპლიკაცია გამოითვლის მათ შორის მანძილს და კონტაქტის ხანგრძლივობას. თუ ერთ-ერთი მათგანი დაინფიცირდება, მის კონტაქტს გაუგზავნის შეტყობინებას.

გათქვამს აპლიკაცია ინფიცირებულისა და მისი კონტაქტების ვინაობას?

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეოს თანახმად, აპლიკაცია არ ითხოვს რეგისტრაციას და პირადი ინფორმაციის გაზიარებას. Stop Covid-ის გააქტიურების შემდეგ თქვენ ავტომატურად მოგენიჭებათ უნიკალური ID, რომლის ქვეშაც თავმოყრილი იქნება ჩვენი გადაადგილებისა და კონტაქტების შესახებ ინფრომაცია.

როგორ გაიგებს აპლიკაცია, ვინ არის ინფიცირებული?

პირმა, რომელსაც Covid-19 დაუდასტურდება, აპლიკაციაში თავად უნდა შეიყვანოს საკუთარი სტატუსი. შემდეგ მობილურ ტელეფონზე მიიღებს ოთხნიშნა კოდს, რომლის საშუალებითაც მისი სტატუსი გადამოწმდება. ამის შემდეგ კი აპლიკაციას საშუალება ექნება შეტყობინება გაუგზავნოს ყველა იმ პირს, რომელსაც დაინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა.

რომელ ინფორმაციას აგროვებს აპლიკაცია?

აპლიკაციაში მოცემული კონფიდენციალობის დოკუმენტის მიხედვით, აპლიკაცია აგროვებს ჩვენს ადგილმდებარეობის მონაცემებს, სმარტფონის სენსორის მონაცემებს, სმარტფონების ოპერაციული სისტემის მიერ მოწოდებული აქტივობების მონაცემებს: კონტაქტის დრო, ხანგრძლივობა და ადგილმდებარეობა, ფუნქციური ზარები აპლიკაციაში; ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Covid-19 დაგიდასტურდათ, მობილური ტელეფონის ნომერი.

რატომ ითხოვს აპლიკაცია ანდროიდის მოწყობილობაზე მიკროფონზე წვდომას?

ანდროიდის მოწყობილობებზე აპლიკაცია Bluetooth-ის და მდებარეობის გარდა, წვდომას ითხოვს მიკროფონზეც. ამ საკითხზე კითხვები გაჩნდა სოციალურ ქსელებშიც. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, თათია წერეთელმა რადიო თავისუფლება განუმარტა, თუ რატომ ითხოვს აპლიკაცია ანდროიდის მოწყობილობებზე მიკროფონზე წვდომას:

"სხვა ტექნოლოგიებთან ერთად, აპლიკაცია იყენებს Google Nearby ტექნოლოგიას, ორ სმარტფონს შორის მანძილის დასადგენად. ეს სერვისი იყენებს ულტრაბგერით სიხშირის ტალღებს, რისთვისაც ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა მიკროფონზე წვდომა. მიკროფონის გამოყენება ხდება ულტრაბგერების (ყურისთვის შეუმჩნეველი სიხშირის ტალღა) აღსაქმელად, რათა მოხდეს მოწყობილობებს შორის მანძილის დადგენა. ეს ყველაფერი ხდება Android Nearby-ს ფარგლებში და კონკრეტულ აპლიკაციას არ ანიჭებს შესაძლებლობას ჩაიწეროს ან გადასცეს აუდიო შეტყობინება. ამას გარდა. როდესაც აპლიკაციას დააყენებთ, შეგიძლიათ მართვის პანელიდან შეამოწმოთ, თუ რაზე აქვს აპლიკაციას წვდომა მინიჭებული, მიკროფონი ამ ჩამონათვალში არ არის. ყველა მონაცემი ინახება ექსკლუზიურად თქვენს ტელეფონში. სრული გამჭვირვალობისთვის, საწყისი კოდი ყველასთვის ხელმისაწვდომია Github–ზე"

რა არის საჭირო იმისთვის, რომ აპლიკაციამ ეფექტურად იმუშაოს?

იმისთვის, რომ აპლიკაციამ მთავარი დანიშნულება შეასრულოს, პირველ რიგში საჭიროა დავეთანხმოთ მთავარ პირობებს: Bluetooth-ის მეშვეობით მივცეთ წვდომა ჩვენს ადგილმდებარეობაზე და დავრთოთ პროგრამას შეტყობინებების გამოგზავნის უფლება.

თუმცა ამ პირობებზე დათანხმება ეფექტური ვერ იქნება, თუ აპლიკაცია მასობრივი არ გახდა. აუცილებელია აპლიკაცია გამოიყენოს რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა, რომლებსაც გადაადგილებისას მუდმივად ჩართული ექნებათ Bluetooth-ი. ეს აპლიკაციას საშუალებას მისცემს მუდმივად გადაამოწმოს და განაახლოს დაინფიცირებული პირის კონტაქტები და, შესაბამისად, დაადგინოს პოტენციურად დაინფიცირებული მოქალაქეებიც.

სტატია განახლებადია. თქვენი კითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ კომენტარებში.