ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები, რომლებიც 7 სექტემბერს ესტუმრნენ საქართველოს, დღეს პარლამენტის წევრებს, მათ შორის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს შეხვდნენ. სტოლტენბერგის შეფასებით, რომელიც მან მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოთქვა, საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია საარჩევნო რეფორმებში, გაძლიერდა კანონის უზენაესობა, ტარდება მნიშვნელოვანი რეფორმები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. „საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი მსოფლიოში ავრცელებს ძალიან მნიშვნელოვან გზავნილს, რომ ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ის ასევე აგზავნის მესიჯს საქართველოსა და ნატოს მჭიდრო და ხანგრძლივი პარტნიორობის შესახებ“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა თბილისში. თავის მხრივ, დავით უსუფაშვილმაც ყურადღება გაამახვილა ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობისა და ალიანსში გაწევრიანებისაკენ მისწრაფების მნიშვნელობაზე. 7 სექტემბერს თბილისში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელიც დაეთმო პოლიტიკურ კონსულტაციებსა და ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხებს. ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატი 2008 წლიდან არსებობს.