გორის მუნიციპალიტეტში ქარი წუხელ გაძლიერდა, დღეს დილიდან კი ქარიშხალმა მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. საქაშეთი, ვარიანი, მეჯვრისხევი, ტყვიავი, ძევერა, შინდისი - ეს იმ სოფლების არასრული ჩამონათვალია, სადაც სტიქიამ სახლებს სახურავები გადახადა და ხეები მოგლიჯა. ხეების წაქცევისა და სახურავების დაზიანების ფაქტი გორშიც დაფიქსირდა. მოგლეჯილი ხეები ავტომანქანებსაც დაეცა. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სოფლებიდან ყოველ წუთს ახალი ინფორმაცია შედის სტიქიისგან მიყენებული ზარალის შესახებ. გამგეობის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ანა ლაფაჩის ცნობით, ყველაზე რთული ვითარება სოფელ საქაშეთშია, სადაც ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები უკვე გავიდნენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის თანამშრომლებმა მოსალოდნელი სტიქიის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სამი დღის წინ გააფრთხილეს. ცენტრის ინფორმაციით, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში არამდგრადი ამინდი ამ დღეებშიც შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ დღის ბოლოს ქარის სიძლიერე იკლებს, მაგრამ ხვალ ისევ ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.
ამ დროისთვის რეგიონში კვლავ ძლიერი ქარია. შესაბამისად, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყება შეუძლებელია. როგორც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ,სტიქიის ზონის სოფლებში მოსახლეობას სთხოვეს, რომთავი შეიკავონ საცხოვრებელი სახლებიდან გამოსვლისგან. უკვე დაწყებულია მუშაობა ზარალის შემსწავლელი სპეციალური კომისიის შესაქმნელად. რაც შეეხება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს, ხეებისგან ჩახერგილი გზების გაწმენდა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარება მხოლოდ ქარის ჩადგომის შემდეგ გახდება შესაძლებელი.