სტიქია გორში

სტიქიის შედეგები გორში

დილიდან გორის ქუჩებს სახურავის ნარჩენებისგან წმენდენ. გუშინდელი სტიქიის შედეგად მთელ მუნიციპალიტეტში 80-მდე სახლი დაზიანდა. ძლიერმა ქარმა ქალაქში არსებულ დაახლოებით 40 კორპუსს გადახადა სახურავი. სტიქიით დაზიანებული კორპუსები დღეს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან ერთად მოინახულა, შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და აღდგენითი სამუშაოების დაჩქარების დავალება გასცა. ივანიშვილის თქმით, მთავრობა სრულად არის მობილიზებული, რათა სტიქიის შედეგები უმოკლეს დროში იქნეს ლიკვიდირებული და სწრაფად და ხარისხიანად დაიწყოს აღდგენითი სამუშაოები.

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილება შევა და დაზიანებული სახურავების შესაკეთებლად შესაბამისი ფინანსები ცენტრალური ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა.

სტიქია გორში გუშინ დილით დაიწყო და დღის განმავლობაში ქარი სულ უფრო ძლიერდებოდა. კორპუსებიდან აყრილი თუნუქის ფირფიტები და შიფერები ძირს ცვიოდა. ერთმა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო, მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მარტო ქალაქიდან სამაშველო სამსახურში 42 შეტყობინება შევიდა. დაზიანდა ერთი მანქანა. ქარიშხალმა გორის რაიონში ელექტროგადამცემი ხაზები დაგლიჯა, მუნიციპალიტეტში მთელი დღის განმავლობაში ენერგეტიკის, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ფინანსთა მინისტრები იმყოფებოდნენ. ადგილზე შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც ზარალს დაითვლის და სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაუწევს კოორდინირებას. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გუშინ უბნიდან უბანში გადაადგილდებოდნენ და მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებდნენ. სახურავახდილი კორპუსების მცხოვრებლები კი არჩევნებამდე ნაჩქარევად და უხარისხოდ ჩატარებულ სამუშაოებზე ალაპარაკდნენ.

პარლამენტის გორელმა დეპუტატებმა თამაზ შიოშვილმა და სოსო ვახტანგაშვილმა ხელი „ნაციონალური მოძრაობისკენ“ გაიშვირეს და იმ ორგანიზაციების პასუხისმგებლობის საკითხი დაააყენეს, რომლებიც გორში კორპუსების გადახურვის სამუშაოებს ასრულებდნენ. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ არ დაიკარგება არც ერთი წუთი და ნარჩენების გასუფთავების შემდეგ უკვე გადახურვითი სამუშაოები დაიწყება. გორის საკრებულოს ხელმძღვანელობა უკვე მოლაპარაკებას აწარმოებს სამშენებლო ორგანიზაციებთან.

გორში სახურავების გადახურვა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაზიანებული კორპუსები შეკეთდა და სახურავებიც შეიცვალა, მომდევნო წლებში ეს პროცესი გაგრძელდა და 2012 წლის ზაფხულში, არჩევნების წინ, დასრულდა. გადახურვით სამუშაოებში ტენდერში გამარჯვებული რამდენიმე კომპანია მონაწილეობდა და ხარისხზე 5 წლიან პასუხისმგებლობასაც იღებდა. ახალი ხელისუფლება ამ კომპანიებს უკვე პირობას ახსენებს.