ქუთაისში სტიქიისგან მიყენებულ ზიანს უახლოეს დღეებში აღწერენ. ქალაქის მერიაში უკვე შეიქმნა საგანგებო სიტუაციათა შტაბი, სადაც შეფასდება ბოლო 24 საათის განმავლობაში მოსული ნალექისა და მდინარე ოღასკურის კალაპოტიდან გადმოსვლის შემდეგ მოსახლეობისა და სამთავრობო სტრუქტურებისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა. მდინარე ოღასკურამ დილით ქალაქის ჩრდილო-აღმოსალეთი ნაწილი დატბორა.
Your browser doesn’t support HTML5
ძლიერი წვიმის შემდეგ მდინარის წყალი შევარდა ქალაქის 32-ე და 35-ე საჯარო სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი შეწყდა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურმა სკოლის შენობებიდან მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია მოახდინა. 35-ე საჯარო სკოლის პედაგოგის განცხადებით, მდინარის წყალმა სკოლის შენობის პირველი სართული დატბორა:
„სკოლაში არის ევაკუაცია, რადგან გადმოვიდა ოღასკურა, შემოდის ძალიან ბევრი წყალი და პირველი სართული დაიტბორა. იძულებული გავხდით ბავშვები გამოგვეყვანა და ჩვენც გამოვსულიყავით“.
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ინფორმაციით, წვიმამ პრობლემები ძირითადად ავტოქარხნის დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებში შექმნა და რამდენიმე მათგანში სასწავლო პროცესი შეწყდა. სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა ქალაქის საბავშვო ბაღებში. როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, წვიმას სკოლამდელი დაწესებულებებისთვის ისეთ პრობლემები არ შეუქმნია, რომ ბავშვები სახლში გაებრუნებინათ, და სასწავლო პროცესი ქუთაისის 37-ვე ბაღში ჩვეული რეჟიმით ჩატარდა.
ქუთაისში ამ რაოდენობის ნალექი 12 საათში, ალბათ, ბოლო 20 წლის განმავლობაში არავის ახსოვს. შესრულდა სამუშაოები მდინარის გასაწმენდად და არის პროექტი, რომ მოხდეს მისი კალაპოტის ჩაღრმავება...შოთა მურღულია
დღის პირველ ნახევარში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქში სხვადასხვა პრობლემა შექმნა. ძლიერი წვიმის შემდეგ დაიტბორა ცენტრალური ქუჩები, კალაპოტიდან გადმოსული მდინარე ოღასკურის გამო გაუვალი გახდა ბუხაიძის დასახლების ქუჩები, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და ავტოქარხნის დასახლების როგორც ცენტრალური, ასევე შიდასაუბნო გზები. ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას, განცხადების თანახმად, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისში 12 საათის განმავლობაში მოვიდა დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მოსალოდნელი ნალექის ოდენობა, რამაც გამოიწვია მდინარე ოღასკურის ადიდება და ქალაქის ქუჩების დატბორვა. შოთა მურღულიასავე განცხადებით, მდინარის კალაპოტი რამდენჯერმე გაიწმინდა, თუმცა მდინარის ადიდება, სავარაუდოდ, მასში ჩამდინარე სანიაღვრე წყლებმა გამოიწვია:
„ჩვენ ყველა გასასვლელი გავუხსენით მდინარეს, მაგრამ ძირითადად ღვარსადენებიდან მდინარეში ჩაედინება წყალი და მდინარეში წყლის დონე იმდენადაა აწეული, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია რაიმე სამუშაოს წარმოება. ქუთაისში ამ რაოდენობის ნალექი 12 საათში, ალბათ, ბოლო 20 წლის განმავლობაში არავის ახსოვს. შესრულდა სამუშაოები მდინარის გასაწმენდად და არის პროექტი, რომ მოხდეს მისი კალაპოტის ჩაღრმავება“.
წვიმის შედეგად დაგროვილმა წყალმა შეაღწია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სავაჭრო ობიექტებშიც და დატბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები. ქუჩებში გაუჭირდათ გადაადგილება ავტომობილებს და ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ გზაზე საცობები შეიქმნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფები წყალს ტუმბავენ ქუთაისში სახელმწიფო უწყების რამდენიმე შენობიდან და ოთხი საავადმყოფოს შენობების პირველი სართულებიდან და სარდაფებიდან. მეხანძრე-მაშველები მუშაობას საგანგებო რეჟიმით განაგრძობენ.
ქუთაისის მსგავსად, ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა იმერეთის მხარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, დატბორილია ქალაქების ცენტრალური ქუჩები, საავტომობილო გზები, საკარმიდამო ნაკვეთები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საცხოვრებელი სახლები. იმერეთის რამდენიმე სოფელში განვითარდა მეწყრული პროცესი, დაზიანდა ბუნებრივი აირის მილები და ელექტროსადენები, წყალმა წაიღო სოფლებს შორის ბოგირები. სამხარეო ადმინისტრაციისავე ინფორმაციით, ცენტრალურ გზებზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაო. სინოპტიკოსები მომდევნო ორი დღის განმავლობაშიც წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ.