ნათელა ბიჩახჩიანი: "ახალციხიდან რომ მოვედი, სახლი წყალს წაუღია, მოსავალიც გაფუჭდა სულ“

წყალდიდობა ადიგენში

ადიგენის მუნიციპალიტეტში ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ექვსი სოფელი დააზარალა. ვარხანში, უნწაში, ბენარაში, ფხეროში, არალსა და უდეში სტიქიამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ვარხანსა და უნწაში, რადგან აქ, ნათესების დაზიანების გარდა, წყალდიდობის დროს შინაური პირუტყვი და ფრინველი დაიხოცა. ვარხანში დაიტბორა 20-მდე საცხოვრებელი სახლი. სტიქია ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

29 მაისის სტიქიის გამო ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ ადიგენისა და აბასთუმნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები. მაშველებმა 25-მდე სახლიდან წყალი ამოტუმბეს. ადიგენის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილის ვახტანგ ზაქაშვილის განმარტებით, მინდორში შეგროვებული წყლის ნაკადები მდინარეს შეუერთდა, რამაც ოცხეს ადიდება გამოიწვია.

წყალდიდობა ადიგენში

სტიქიისგან დაზიანებულ სოფლებში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაქარია ენდელაძის განმარტებით, ზარალის დამთვლელი მუდმივმოქმედი კომისია სტიქიის შედეგების გასარკვევად უკვე მუშაობს.

სარეზერვო თანხების განაწილებასა და ცენტრალური ბიუჯეტიდან დახმარებაზე საუბრობს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე. მას შემდეგ, რაც ზარალის დამთვლელი მუდმივმოქმედი კომისია სტიქიის შედეგებს შეისწავლის და დასკვნას დადებს, ადიგენის ხელისუფლება იმსჯელებს იმაზე, თუ რა სახით შეძლებს მუნიციპალიტეტი დაზარალებულებს დაეხმაროს. ზარალის სავარაუდო ოდენობა კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.