სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტებით - ამერიკაში

ჰილარი კლინტონი

საქართველოში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ამერიკის მთავრობის სახელით განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აღიარებს იმ სტატუს-ნეიტრალურ დოკუმენტებს, რომლებსაც საქართველო უკვე ერთი წელია აფხაზებსა და ოსებს სთავაზობს და რომ, ამ დოკუმენტებით სარგებლობის შემთხვევაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს შეეძლებათ აშშ-ში მოგზაურობა და განათლების მიღება. გახდება თუ არა ეს ინიციატივა სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტების აღების სტიმული აფხაზებისა და ოსებისათვის?

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, როცა საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტების აღება შესთავაზა, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილი აცხადებდა, რომ დიდ აქტიურობას თავად აფხაზებისა და ოსებისგან საქართველოს მთავრობა არ ელოდა. დოკუმენტით ამ ხნის განმავლობაში აფხაზებისა და ოსების მხოლოდ მცირე ნაწილმა ისარგებლა. ისინი ადმინისტრაციულ საზღვარს ძირითადად მკურნალობის მიზნით კვეთდნენ. აშშ-ის სახელმწიფი მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადების შემდეგ კი, ამ დოკუმენტებით სარგებლობის შემთხვევაში, მათ ამერიკაში მოგზაურობის და სწავლის შესაძლებლობაც მიეცემათ. ამერიკის მთავრობის ეს ინიციატივა ცნობილი გახდა 5 ივნისს ბათუმში, ჰილარი კლინტონის ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე:

”მალე ამერიკის საელჩოები და საკონსულოები მთელ მსოფლიოში აღიარებენ და მიიღებენ ნეიტრალური სტატუსის მქონე დოკუმენტებს, რომლის საშუალებითაც აფხაზეთსა და ოსეთის ყველა მცხოვრებს შეეძლება იმოგზაუროს ან ისწავლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს შერიგების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება და დაეხმარება კონფლიქტის დროულად და მშვიდობიანად მოგვარებას.”

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეს ინიციატივა ”წარმოუდგენელ დიპლომატიურ მხარდაჭერად შეაფასა:
ეს ჩვენს თანამემამულეებს მისცემს საშუალებას არ აიღონ იძულებით რუსული პასპორტები და საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტებით იმოგზაურონ მთელ მსოფლიოში. ეს აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან მართლაც წარმოუდგენელი დიპლომატიური მხარდაჭერაა ...
მიხეილ სააკაშვილი

”ამერიკამ აღიარა ის დოკუმენტები, რომელსაც ჩვენ გავცემთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის. აქამდე ეს დოკუმენტები აღიარებული ჰქონდათ ბალტიის ქვეყნებსა და იაპონიას და ახლა უკვე მათ რიცხვს ამერიკაც შეემატა, რაც ნიშნავს, რომ მომავალში კიდევ მეტი ქვეყანა აღიარებს. ეს კი ჩვენს თანამემამულეებს მისცემს საშუალებას არ აიღონ იძულებით რუსული პასპორტები და საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტებით იმოგზაურონ მთელ მსოფლიოში. ეს აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან მართლაც წარმოუდგენელი დიპლომატიური მხარდაჭერაა.”

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი ამბობს, რომ აშშ-ის ეს გადაწყვეტილება აფხაზებისა და ოსებისთვის დამატებითი სტიმულია სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტების ასაღებად, თუმცა თუ იმ პოლიტიკურ წნეხს გავითვალისწინებთ, რომელსაც იქ მცხოვრებლები განიცდიან, ნაკლებ სავარაუდოა ამ დოკუმენტებით მოსარგებლეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა. ნეიტრალური დოკუმენტების გამოყენება, სწორედ ამ წნეხის გამო, ამბობს გოგი ხუციშვილი, მათ მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში შეეძლოთ. ცხადია, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აშშ აფხაზეთში რუსეთის მოწინააღმდეგე ქვეყნად აღიქმება და მათგან წამოსულ ინიციატივას რეაქციაც შესაბამისი ხვდება:

”ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს იქ სიტუაციას რადიკალურად არ შეცვლის. შესაძლოა, ოდნავ გაიზარდოს იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ისარგებლებს ამ ნეიტრალური დოკუმენტებით, მაგრამ ის ეფექტი, რომელიც შეიძლებოდა ამას სხვა ქვეყანაში მოჰყოლოდა, ჩვენთან არ ექნება, რადგან ამერიკა განიხილება როგორც რუსეთის მოწინააღმდეგე ქვეყანა. ამიტომ არ მგონია, რომ კლინტონის შემოთავაზებას, რაც თავისთავად ძალიან დადებითი ნაბიჯია, აფხაზურ საზოგადოებაში სერიოზული ძვრები მოჰყვეს.”

გოგი ხუციშვილი ასევე განმარტავს, რომ კონფლიქტის ზონებში სტატუს- ნეიტრალურ დოკუმენტებს განიხილავენ როგორც ”აფხაზეთში საქართველოს შეღწევის ერთგვარ სპეცოპერაციას”:

გოგი ხუციშვილი


”სინამდვილეში ამ დოკუმენტებს არანაირი მსგავსი დატვირთვა არა აქვს. პირიქით, მათ უადვილებს გადაადგილებას და სამაგიეროდ ამაში არაფერს სთხოვენ. ამ დოკუმენტზე საიდენტიფიკაციო ნიშნებიც კი არ არის მითითებული, რომ საქართველოს მიერ გამოშვებული დოკუმენტია, თუ არ ჩავთვლით სადღაც დატანებულ ”გეო” კოდს, რომლის გარეშეც საზღვრის გადაკვეთის დროს ელექტრონული შემოწმების პროცედურების გავლა ვერ მოხერხდება.”

სხვათა შორის, საქართველოს ხელისუფლების მიერ ”ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით” გათვალისწინებული ნეიტრალური დოკუმენტების შემოღებას ჯერ კიდევ გასულ წელს სკეპტიკურად შეხვდა როგორც აფხაზური, ისე ოსური საზოგადოება. აფხაზეთის მაშინდელმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ თქვა, რომ ეს ”მორიგი პოპულისტური ნაბიჯი” იყო, ცხინვალის მაშინდელი დე ფაქტო მთავრობის შეფასებით კი, თბილისის ინიციატივამ ”საკმაოდ დაიგვიანა”.

მაშინ სახელმწიფო მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ამ დოკუმენტის აღება არ ნიშნავდა საქართველოს მოქალაქეობის მიღებას, მასზე არ იყო გამოსახული არანაირი ქართული სიმბოლიკა და მისი აღება ყველას ნებაყოფლობით შეეძლო.
მიუხედვაად იმისა, რომ ეს დოკუმენტები მოქალაქეებს გზას უხსნის ამერიკისაკენ, მეეჭვება, რომ მათი აღება ბევრმა მოინდომოს...
ამირან დიაკონოვი

ნეიტრალური დოკუმენტების შესახებ აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენელთა გამოხმაურების შინაარსი არც ჰილარი კლინტონის 5 ივნისის განცხადების შემდეგ შეცვლილა. ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილე აფხაზური დელეგაციის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ თქვა, რომ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა არ ისარგებლებს თბილისისგან შეთავაზებული დოკუმენტებით.

”მიუხედვაად იმისა, რომ ეს დოკუმენტები მოქალაქეებს გზას უხსნის ამერიკისაკენ, მეეჭვება, რომ მათი აღება ბევრმა მოინდომოს“ - ეს განცხადება კი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრმა ამირან დიაკონოვმა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ პირადობის ნეიტრალური მოწმობა არის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას და მის საცხოვრებელ ადგილს საქართველოს ტერიტორიაზე და მისი მიღება შეუძლიათ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს, რომელთაც მიღებული არა აქვთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა.

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი არის ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.და ის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ლეგიტიმურ მცხოვრებლებს აძლევს საზღვარგარეთ გამგზავრების საშუალებას საქართველოს მოქალაქეობის აღიარების გარეშე.

სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტები, ამერიკის გარდა, აღიარებულია ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებში, იაპონიაში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში.